Thumbnail

დოჰიოდან გადავარდა და მაყურებლებს დაეცა - ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშოზე მეხუთედ წააგო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ლევან გორგაძე ტოკიოს სუპერტურნირზე ისევ უარყოფით ბალანსზე გავიდა
  • ქართველი სუმოისტის მომდევნო მეტოქე ვეტერანი შოჰოძანი იქნება

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე წლის პირველ სუპერტურნირზე ისევ უარყოფით ბალანსზე (მაკე-კოში) გავიდა.

ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოს მე-9 დღეს აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირა კოტონოვაკას შეხვდა და მასზე 10 წლით უმცროს იაპონელთან შანსი არ ჰქონია. მეტოქემ სასტარტო მიძალებისთანავე უპირატესობა მოიპოვა და ოშიდაშით აჯობა. აღსანიშნავია, რომ ლევანი დოჰიოდ გადავარდა და მაყურებლებს დაეცა, თუმცა, ტრავმას გადაურჩა.

შეგახსენებთ, რომ 34 წლის ქართველი ვეტერანი ჰაცუ ბაშოს დასავლეთის მე-15 მაეგაშირას წოდებით შეხვდა და მისთვის მორიგი მაკე-კოში რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში დაქვეითების ტოლფასი იქნება, ამდენად, დარჩენილ ორთაბრძოლებში მაქსიმალური მობილიზება მართებს.

ტოჩინოშინის მაჩვენებელი 4 მოგება და 5 მარცხია, მისი მომდევნო მოწინააღმდეგე კი სწორედ ძურიოს მე-3 ნომერი შოჰოძანი იქნება. 37 წლის იაპონელს ელიტაში ასპარეზობის დიდი გამოცდილება გააჩნია და თავის დროზე კომუსუბის ტიტულსაც კი ატარებდა. გასაკვირი არაა, რომ გორგაძეს მასთან დაპირისპირების დიდი ისტორია გააჩნია და ამ დროისთვის 16:9-ს უგებს.

ვთქვათ ისიც, რომ დიდი ალბათობით, ტოკიოში “იმპერატორის თასისთვის” ბრძოლა სეკივაკე მიტაკეუმისა და იოკოძუნა ტერუნოფუჯის შორის წარიმართება. პირველ მათგანს ჰაცუ ბაშოზე ცხრავე შერკინება მოგებული აქვს და უმთავრეს ფავორიტს ერთადერთი გამარჯვებით უსწრებს.

კომენტარები

ბოლო ამბები