Thumbnail
  • თორნიკე შენგელია მოსკოვის ცსკა-ს ევროლიგის მატჩის მოგებაში დაეხმარა
  • ევროლიგამ მისი დაფარება ტურის ათ საუკეთესო მომენტს შორის დაასახელა

თორნიკე შენგელიას ბლოკშოტი, რომელიც კალათბურთელმა ცსკა-ლიონის მატჩში შეასრულა, ევროლიგამ ტურის საუკეთესო მომენტებს შორის დაასახელა. 

ევროლიგის რეგულარული ჩემპიონატის 21-ე ტურში მოსკოვის ცსკა-მ შინ ლიონი ანგარიშით 90:83 დაამარცხა. მასპინძელთა 30 წლის ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 21 წუთზე მეტი გაატარა, რა დროშიც 6 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი, თითო ჩაჭრა და დაფარება მიითვალა. 

თორნიკემ ფრანგულ გუნდთანაც ჩვეულად ბოლომდე იბრძოლა

მატჩის მესამე მეოთხედში, როდესაც ანგარიში ცსკა-ს სასარგებლოდ 42:41 იყო, თორნიკემ სტუმართა ამერიკელ გამთამაშებელს, მარკოს ნაითს აედევნა და გადამწყვეტ მომენტში დაუფარა და მეტოქეს ანგარიშში წინ გასვლის შესაძლებლობა არ მისცა. სწორედ ეს ეპიზოდი მოხვდა ევროლიგის 21-ე ტურის TOP 10 სათამაშო მომენტში მე-9 ადგილზე.

მოსკოვის ცსკა-ს ევროლიგის რეგულარულ ჩემპიონატში ჩატარებულ 19 შეხვედრაში 12 მოგება აქვს და ცხრილში მე-5 ადგილზეა. შენგელიას გუნდი მომდევნო შეხვედრას ტურნირში 21 იანვარს, ოლიმპია მილანოსთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები