Thumbnail

'აღარ შეგვიძლია, ვაღებთ სტადიონებს' - ნიდერლანდებში კლუბები აჯანყდნენ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ნიდერლანდებში საფეხბურთო მატჩები არენებზე მაყურებლების გარეშე იმართება
  • უმაღლესი და პირველი დივიზიონების კლუბებმა მთავრობას ულტიმატუმი წაუყენეს
  • კლუბები სტადიონების გახსნას 28 იანვრიდან კატეგორიულად მოითხოვენ 

ნიდერლანდების უმაღლესი და პირველი დივიზიონების კლუბები ღია წერილით გამოვიდნენ, რომელშიც ქვეყნის ხელისუფლებისგან კატეგორიულად მოითხოვენ საფეხბურთო მატჩებზე გულშემატკივრების 28 იანვრიდან დაშვება.

ნიდერლანდებში საფეხბურთო მატჩები სტადიონებზე მაყურებლების გარეშე ნოემბრის შუა რიცხვებიდან იმართება და ამის მიზეზი კორონავირუსის ომიკრონშტამის გავრცელებისგან თავის დაცვა გახდა. 

"ყოველთვის მზად ვიყავით თანამშრომლობისთვის, მაგრამ ზღვარი ყველაფერს აქვს. პროფესიონალურმა ფეხბურთმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლია პასუხისმგებლობით მოეკიდოს მატჩების მაყურებლებით ორგანიზებას - ვირუსის გავრცელების გარეშე, ყურადღებით ჩატარებული შემოწმებებით. 

აღარ შეგვიძლია უმაყურებლოდ თამაში. გასულ სეზონში ამან 100 მილიონ ევროზე მეტი გვაზარალა. დანარჩენ ევროპაში სტადიონები სრულებით ან ნაწილობრივ გახსნილია პუბლიკისთვის. ეს კონკურენციას პრაქტიკულად სპობს.

ყოველკვირეულად ქვეყნის 8 მილიონ ადამიანს ვართობთ, მაგრამ ახლა ჩვენთვის ეს პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. ჰააგაში პოლიტიკოსების მიერ გადაწყვეტილებების მიღების ტემპი საკმაოდ ნელია, ჩვენ კი მოცდა აღარ შეგვიძლია. 
 
სტადიონების დემონსტრაციულად გახსნა გარდაუვალია ნაბიჯია. პროფესიონალურ ფეხბურთს სურს, რომ მოუსმინონ", - ნათქვამია კლუბების განცხადებაში, რომელსაც ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ამავდროულად, ნიდერლანდების ფეხბურთის კავშირში განაცხადეს, რომ კლუბების ემოცია კარგად ესმით. 

"მეცნიერული კვლევები აჩვენებს, რომ სტადიონზე დასწრება უსაფრთხოა, როცა წესებს გულდასმით იცავენ. არენების დაკეტვისთვის საფუძვლიანი არგუმენტები კი არ არსებობს. მიუხედავად ამისა, ორი თვის წინ ეს მაინც მოხდა. მილიონები დაიკარგა, პერსპექტივა კი არ ჩანს", - ნათქვამია KNVB-ის კომენტარში. 

კომენტარები

ბოლო ამბები