Thumbnail

ავსტრალიის ღია პირველობის დაწყებამდე სამი დღით ადრე, ქვეყნის ემიგრაციის მინისტრმა ალექს ჰოუკმა აუცრელ ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა უკვე მეორედ გაუუქმა. სერბი ჩოგბურთელის ადვოკატებმა ეს გადაწყვეტილებაც გააპროტესტეს, თუმცა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება კვირამდე გადაიდო. მოკლედ, ჯოკოვიჩს ისევ დეპორტაციის საფრთხე ემუქრება, შაბათს კი, მორიგი დაკითხვის შემდეგ, კვლავ ემიგრანტების სასტუმროში დააბრუნებენ.

სანამ ადვოკატები ნოლესთვის იბრძვიან, ავსტრალიური გაზეთის, The Age-ის კარიკატურა გახდა სალაპარაკო თემა. ტვიტერზე გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ, გამოცემას და კარიკატურისტს ჯოკოვიჩის ფანებმა და სხვადასხვა ანტივაქსერებმა შეუტიეს.

კარიკატურაზე ვხედავთ, როგორ ხევს ჰოუკი ‘ვიზას’. ის და ჯოკოვიჩი ნაგვის ურნაში სხედან, რომელსაც ცეცხლი უკიდია. კარიკატურაზე ასეთი წარწერაა: ADVANTAGE, VAXXERS, რაც ითარგმნება “უპირატესობა აცრილებს”, უფრო ზუსტ საჩოგბურთო ენაზე კი ასე: “მეტი, აცრილებს”. როგორც იცით, ADVANTAGE (მეტი) ჩოგბურთში “თანაბარის” შემდეგ მოპოვებულ უპირატესობას ნიშნავს.

კარიკატურას სოციალურ ქსელებში უდიდესი გამოხმაურება აქვს. ჯოკოვიჩის ფანები და ანტივაქსერები გამოცემას სასტიკი სიტყვებით ლანძღავენ, კარიკატურისტს და მის ოჯახსაც კი ემუქრებიან.

ავსტრალიის დროით შაბათს დილით ჯოკოვიჩი ემიგრაციის სამსახურში უნდა გამოცხადდეს. მინიმუმ მანამდე ის ნებისმიერ შემთხვევაში თავისუფალია და ქვეყანაშიც რჩება. მოსამართლე ენტონი კელიმ გადაწყვიტა, რომ ნოვაკი მხოლოდ ამ შეხვედრის შემდეგ უნდა დააბრუნონ ემიგრანტებისთვის განკუთვნილ სასტუმროში.

კვირას კი სასამართლოს მომდევნო, საბოლოო პროცესი გაიმართება - ეს ავსტრალიის ღია პირველობის დაწყებამდე 24 საათით ადრე მოხდება. თუ ჯოკოვიჩს გაამართლებენ, მართლაც მიეცემა იმის საშუალება, რომ წლის პირველი დიდი სლემი მოიგოს და ყველა დროის რეკორდსმენი გახდეს, რადგან ეს მისთვის 21-ე დიდი სლემი იქნება (როჯერ ფედერერს და რაფაელ ნადალს 20-20 ტრიუმფი აქვთ). ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კვირას სასამართლო ნოლეს საწინააღმდეგო განაჩენს გამოიტანს, სერბს კვირასვე ჩასვამენ თვითმფრინავში და სერბეთში დააბრუნებენ.

წინა კვირაში ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს, რადგან აცრილი არ არის. მას ე.წ. “სამედიცინო გამონაკლისის” საბუთები ჰქონდა, რომლებიც ავსტრალიის ღია პირველობის ორგანიზატორებისგან მიიღო, თუმცა საზღვარზე ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ჯოკოვიჩი რამდენიმე დღე ემიგრანტებისთვის განკუთვნილ სასტუმროში იმყოფებოდა, ორშაბათს კი ავსტრალიის ხელისუფლებას პირველი სასამართლო მოუგო და გაათავისუფლეს. მას შემდეგ ნოლე მელბურნში ვარჯიშობდა და ემიგრაციის მინისტრის გადაწყვეტილებას ელოდა. პარასკევს მინისტრმა ჰოუკმა მისი ვიზის გაუქმება და ნოლეს ქვეყნიდან დეპორტაცია მოითხოვა. საბოლოო გადაწყვეტილებას კვირას, ავსტრალიის ღია პირველობის დაწყებამდე 24 საათით ადრე უნდა ველოდოთ.

კომენტარები

ბოლო ამბები