Thumbnail
  • ნოვაკ ჯოკოვიჩი ჩოგბურთელი ჯერჯერობით ავსტრალიაში რჩება
  • ნოლეს შაბათამდე შეუძლია, ადვოკატებს ესაუბროს
  • შაბათს მას ისევ ემიგრანტების სასტუმროში დააბრუნებენ
  • უიქენდზე გადაწყდება, დატოვებენ თუ არა ქვეყანაში და დაუშვებენ თუ არა ტურნირზე

ავსტრალიის ღია პირველობა ორშაბათს იწყება, ნოვაკ ჯოკოვიჩის გარშემო ატეხილ სკანდალს კი, რომელიც ისტორიულ თრილერად გადაიქცა, ბოლო არ უჩანს!

როგორც იცით, ავსტრალიის ემიგრაციის მინისტრმა ალექს ჰოუკმა თბილისის დროით პარასკევს გამთენიისას 34 წლის სერბ ჩოგბურთელს ვიზა გაუუქმა. ეს იმას ნიშნავს, რომ დიდი სლემის ტურნირების 20-გზის გამარჯვებულს, რომელსაც ავსტრალიის ღია პირველობის მეათედ მოგება სურს, ქვეყანაში ყოფნის უფლება აღარ აქვს.

თუმცა ჯოკოვიჩის დეპორტაცია ჯერ არ მომხდარა და უახლოეს საათებში არც მოხდება. სერბის ადვოკატებმა ემიგრაციის მინისტრის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს და სასამართლოში პირველი მოსმენა უკვე გაიმართა. შედეგი: ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია და არაფერია გამორიცხული. უფრო დეტალურად: ჯოკოვიჩის მთავარმა ადვოკატმა ნიკ ვუდმა იმას მაინც მიაღწია, რომ ნოლეს არ დააკავებენ და არც ემიგრანტებისთვის განკუთვნილ სასტუმროში დააბრუნებენ.

ავსტრალიის დროით შაბათს დილით ჯოკოვიჩი ემიგრაციის სამსახურში უნდა გამოცხადდეს. მინიმუმ მანამდე ის ნებისმიერ შემთხვევაში თავისუფალია და ქვეყანაშიც რჩება. მოსამართლე ენტონი კელიმ გადაწყვიტა, რომ ნოვაკი მხოლოდ ამ შეხვედრის შემდეგ უნდა დააბრუნონ ემიგრანტებისთვის განკუთვნილ სასტუმროში.

კვირას კი სასამართლოს მომდევნო, საბოლოო პროცესი გაიმართება - ეს ავსტრალიის ღია პირველობის დაწყებამდე 24 საათით ადრე მოხდება. თუ ჯოკოვიჩს გაამართლებენ, მართლაც მიეცემა იმის საშუალება, რომ წლის პირველი დიდი სლემი მოიგოს და ყველა დროის რეკორდსმენი გახდეს, რადგან ეს მისთის 21-ე დიდი სლემი იქნება (როჯერ ფედერერს და რაფაელ ნადალს 20-20 ტრიუმფი აქვთ). ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კვირას სასამართლო ნოლეს საწინააღმდეგო განაჩენს გამოიტანს, სერბს კვირასვე ჩასვამენ თვითმფრინავში და სერბეთში დააბრუნებენ.

ამრიგად, შაბათს დილის 8 საათამდე (თბილისის დროით კვირა 01:00) ჯოკოვიჩს აქვს დრო, რომ თავის ადვოკატებს ესაუბროს. მოკლედ, შაბათს ნოლეს ისევ იმ Park Hotel-ში დააბრუნებენ, სადაც ავსტრალიაში ჩაფრენის შემდეგ რამდენიმე დღე (ოჯახის თქმით, საშინელ პირობებში) გაატარა. მაშინ ნოლეს პირველად გაუუქმეს ვიზა, ახლა კი უკვე მეორედ…

ერთი სიტყვით, თრილერი გრძელდება!

წინა კვირაში ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს, რადგან აცრილი არ არის. მას ე.წ. “სამედიცინო გამონაკლისის” საბუთები ჰქონდა, რომლებიც ავსტრალიის ღია პირველობის ორგანიზატორებისგან მიიღო, თუმცა საზღვარზე ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ჯოკოვიჩი რამდენიმე დღე ემიგრანტებისთვის განკუთვნილ სასტუმროში იმყოფებოდა, ორშაბათს კი ავსტრალიის ხელისუფლებას პირველი სასამართლო მოუგო და გაათავისუფლეს. მას შემდეგ ნოლე მელბურნში ვარჯიშობდა და ემიგრაციის მინისტრის გადაწყვეტილებას ელოდა. პარასკევს მინისტრმა ჰოუკმა მისი ვიზის გაუქმება და ნოლეს ქვეყნიდან დეპორტაცია მოითხოვა. საბოლოო გადაწყვეტილებას კვირას, ავსტრალიის ღია პირველობის დაწყებამდე 24 საათით ადრე უნდა ველოდოთ.

კომენტარები

ბოლო ამბები