Thumbnail

'აქ სულ ქართველ მებრძოლებზე ლაპარაკობენ' - ინტერვიუ ოთარ 'პიტბულ' ერანოსიანთან

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • ოთარ ერანოსიანს პროფესიონალურ კრივში 11 ბრძოლიდან ყველა მოგებული აქვს
  • "პიტბული" WBA-ს ნახევრადმსუბუქ წონაში რეიტინგის მე-7 ნომერია
  • პოპსპორტთან ინტერვიუში ქართველმა მოკრივემ ბევრ თემაზე ისაუბრა

საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა, 28 წლის ოთარ ერანოსიანმა პროფესიონალური საკრივო კარიერა 2020 წელს აშშ-ში დაიწყო და უკვე 11 გამარჯვების მოპოვება მოასწრო. პროფესიონალური კრივის რინგზე ოთარი, რომელსაც "პიტბულის" მეტსახელით იცნობენ, დაუმარცხებელია და ქართველ მოკრივეებს შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვების ყველაზე დიდი შანსი აქვს. პოპსპორტთან ინტერვიუში ოთარმა ყველა მნიშვნელოვან თემაზე ამომწურავად ისაუბრა. 

POPSPORT: რა გრძნობები დაგეუფლათ ერლინგ კასტილიოს დამარცხების შემდეგ და როგორი გამოხმაურება მოჰყვა ამ გამარჯვებას?

ოთარ ერანოსიანი: კასტილიოსთან გამარჯვების შემდეგ არა მარტო მე, არამედ მთელი ჩემი გუნდი და ოჯახი ძალიან გახარებულები ვიყავით. საქართველოდან ბიჭები მირეკავდნენ, მწერდნენ და გამარჯვებას მილოცავდნენ. როგორც იცით, Showtime-ში მესამედ ვიჩხუბე - აქ ადვილი მეტოქე არ არსებობს. Showtime ამერიკის წამყვანი სპორტული ტელევიზიაა და ყოველთვის საუკეთესო მოკრივეებს არჩევს. ეს ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თანაც, ჩემი ყოფილი მოწინააღმდეგე უფრო მძიმე წონით კატეგორიაში გამოდის. ძალიან ძლიერი, პერსპექტიული ბიჭია, თუმცა როცა მასთან ბრძოლის გამართვა შემომთავაზეს, უარი არ ვთქვი. მინდოდა, საკუთარი ძალა მეჩვენებინა. კასტილიო კარგი პანჩერია, 16-დან 12 ბრძოლა ნოკაუტით ჰქონდა მოგებული და ფიქრობდა, მეც ანალოგიურად დამამარცხებდა, მაგრამ მე გავიმარჯვე და თანაც, ყველა რაუნდი მოვიგე.


ძალიან სასიამოვნო და გასახარია, როცა მწერენ და მილოცავენ, მაგრამ კიდევ უფრო მეტად გამიხარდა, მოლოცვები საქართველოდან რომ მივიღე. ნაკრებში ჩემმა გუნდელებმა, მწვრთნელებმა, საქართველოს კრივის ფედერაციის ხელმძღვანელმა დამირეკეს და მომილოცეს. მესიჯები გულშემატკივრებისგანაც მივიღე. ძალიან ვეცდები, რომ თითოეული ბრძოლის შემდეგ ყველას სიხარული მოგიტანოთ, ვისაც ჩემი მოგება გაგიხარდათ.

POPSPORT: როგორ დაიწყო თქვენი კარიერა?

ერანოსიანი: კრივზე 8 წლის ასაკში შევედი. 10 წლის ვიყავი, როცა სომხეთში წამიყვანეს და პირველი საერთაშორისო ტურნირი იქ მოვიგე. შემდეგ კადეტებში გადავედი და მეორე ადგილი ავიღე. 15 წლის ვიყავი, საქართველოს ჩემპიონი რომ გავხდი და უკვე მაშინ მივხვდი, რომ კრივი ის იყო, რისი კეთებაც მინდოდა. ამას ახალგაზრდები, ზრდასრულები მოჰყვა და ბოლოს პროფესიონალიც გავხდი. ამაში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე მოპოვებული მედლები დამეხმარა, თან ჩემი სტილი მოყვარულებში გამოსვლის დროსაც პროფესიონალური იყო - თავს არ ვზოგავდი, ჟარგონულად რომ ვთქვა სულ "ვჩეხაობდი". სხვათა შორის, ახლაც ასე ვიბრძვი. აქ ხშირად უთქვამთ, შენ "აგრესიული ლომაჩენკო" ხარო - მასსავით სულ მოძრაობ, მაგრამ ძალიან აგრესიულად იბრძვიო. მე კი ვხუმრობ ხოლმე, რომ ლომაჩენკო ჩხუბობს ჩემსავით.

POPSPORT: სამოყვარულო კრივიდან პროფესიონალურში როგორ აღმოჩნდით და რამდენად რთული პროცესი იყო?

ერანოსიანი: პირველი შემოთავაზებები რომ გაჩნდა, თავი შევიკავე, მაგრამ მას მერე, რაც რამდენჯერმე დავიჩაგრე, განსაკუთრებით, როცა იაპონელთან მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება მომპარეს, პროფესიონალებში გადასვლა გადავწყვიტე. ასე რომ ვთქვათ, ეს არც ადვილია და არც რთული. მოყვარულებში რთული ის არის, რომ სულ ჩხუბობ და ლამის ყოველ დღე წონას აბარებ. პროფესიონალურ კრივში სირთულე სულ სხვაა - აქ ბევრ რაუნდს ჩხუბობ და ხელთათმანებიც ძალიან თხელია, შესაბამისად დარტყმები უფრო მტკივნეული გამოდის.

'სულ "ვჩეხაობდი", აქ ხშირად უთქვამთ, შენ "აგრესიული ლომაჩენკო" ხარო' 

თავიდან 2-3 საკმაოდ ადვილი ჩხუბი მქონდა, მაშინ პროფესიონალურ კარიერას ვიწყებდი და შედარებით სუსტი მეტოქეები მყავდა. მას მერე კი სულ მაგარ ბიჭებთან მიწევს ბრძოლა და მუდმივი ჩხუბის პროცესში ყოფნა ადვილი არაა. სულ ფორმაში უნდა იყო, სულ ვარჯიში, სულ წონის კლება - ცხადია რთულია, მაგრამ ძალიან მინდოდა Showtime-ში გამოსვლა და ამისათვის მოგებები მჭირდებოდა. ამიტომაც თავს არ ვზოგავდი.

POPSPORT: აშშ-ში სად ვარჯიშობთ და საქართველოსთან შედარებით, რამდენად უკეთესი პირობები გაქვთ?

ერანოსიანი: ჩამოსვლის დღიდან ფლორიდაში, მაიამიში ვარ. ჩემს კლუბს warriors box and promotion ჰქვია. ახალი დარბაზია, ჩემი ჩამოსვლის დროს სულ ახალი გახსნილი იყო, მაგრამ ძალიან მაღალი დონის დარბაზი გახლავთ. ტაისონ ფიურიმ სავარჯიშო კემპი ჩვენთან გაიარა, კრივის ლეგენდა შენონ ბრიგსი და მსოფლიოს ჩემპიონი შონ პორტერი აქ ვარჯიშობენ. საქართველოში ცუდი პირობები ნამდვილად არ გვქონია. სულ კარგ დარბაზში ვვარჯიშობდით და შეკრებებზე დავდიოდით. სხვაობა პროფესიონალური კრივის თვისებებშია. აქ ერთი ბრძოლისთვის 2 თვე ვემზადები, ცალკე ფიზ-მომზადება, ცალკე სპარინგ-პარტნიორი. მოყვარულებში 2 თვეში სამ ტურნირზე გავდიოდი. სხვაობა ეს არის, თორე რინგი, კარგი ტომარა და ტრენაჟორები თითქმის ყველა დარბაზში გვქონდა.

POPSPORT: რა სხვაობაა საქართველოსა და ამერიკაში მყოფ მოკრივეებს შორის? ვინმემ თუ გაგაოცათ?

ერანოსიანი: თვითონ მოკრივეები სულ სხვა დონეზე არიან. აშშ-ში კრივი სპორტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობაა და ძალიან ბევრი სპორტსმენი ჰყავთ. შემიძლია ვთქვა, რომ ყველა დარბაზი მოკრივეებით სავსეა. ძალიან ძლიერი სპარინგ-პარტნიორები მყოლია. 3 კვირა ჯერვონტა დევისსა და ადრიენ ბრონერთან ვსპარინგობდი. 6-8 რაუნდი ბოლომდე მისპარინგია. ჯერვონტა ძალიან ძლიერად ურტყამს, თან ჩემზე 6-7 კილოგრამით მძიმეა, მაგრამ ჯერ ისეთი არავინ შემხვედრია, რომ მეთქვა, ამასთან ბრძოლა არ შეიძლება-მეთქი. მაგრები არიან, მაგრამ სასწაულად ძლიერი არავინ მინახავს.

POPSPORT: საჩემპიონო ბრძოლა როდის უნდა მიიღოთ? თუ არის მოკრივე, ვისთან ბრძოლაც თქვენთვის საინტერესო იქნება?

ერანოსიანი: მწვრთნელმა მითხრა, რომ ამ გამარჯვების შემდეგ რეიტინგის მეხუთე ან მეოთხე ნომერი გავხდები. ვფიქრობ, რომ კიდევ 2 ბრძოლის მოგება და პრეტენდენტი გავხდები. მერე უკვე ჩემპიონ გუტიერესთან მაჩხუბებენ. მიმაჩნია, რომ WBO-ს ჩემპიონ შაქურ სტივენსონთან ძალიან კარგი ბრძოლა მექნება. ტექნიკური მოკრივეა, სულ დისტანციაზე მუშაობს და ვფიქრობ, რომ მასთან კარგი ჩხუბი გამოვა. ოსკარ ვალდესიც ძალიან კარგი ბიჭია, მიგელ დერლეხტიც ძლიერი მოკრივეა. საერთოდ, 10-ეულებში სულ მაგარი ბიჭები არიან, თუმცა ეგ არ მადარდებს, მინდა ჩემპიონი გავხდე და ამას ბოლომდე ვეცდები, ჩემი მიზანი ეს არის.

ჩემპიონს 2 ბრძოლის ჩატარება იმასთან უწევს, ვისაც ორგანიზაცია შესთავაზებს, 1 მოწინააღმდეგეს კი თავად ირჩევს. მწვრთნელი მეუბნებოდა, რომ გუტიერესი, ჩემპიონი, ჩემთან ბრძოლას არასდროს აირჩევს, მაგრამ, ორი ჩხუბს რომ მოვიგებ, მაგის მერე თავს ვერ ამარიდებს.

POPSPORT: წონის აბსოლუტურ ჩემპიონობაზე რას იტყვით? გაქვთ ეს მიზანი?

ერანოსიანი: არ მინდა, ზედმეტად შორს ფიქრი. ჯერ WBA-ში ვარ და მთავარი მიზანი ამ ორგანიზაციის ქამრის მოპოვებაა. ამის შემდეგ რა მოხდება, არ ვიცი - ალბათ სტივენსონისა და ვალდესისთვისაც საინტერესო უნდა იყოს წონაში საუკეთესო მოკრივის გამოვლენა.

POPSPORT: წონის შეცვლას ხომ არ განიხილავთ?

ერანოსიანი: მთავარი მიზანი ამ წონაში (59 კგ) ჩემპიონობის მოპოვებაა, შემდეგ ვნახოთ, რატომაც არა?! 1 წონით ზევით ასვლა, ვფიქრობ, შემიძლია. მერე ძალიან მძიმეები არიან და მაგისთვის მოსამზადებლად დრო ნამდვილად არ მაქვს. ჩემი აზრით, კრივში ყველაზე მაგარი ბიჭები 61 კილოგრამში არიან. ჯორჯ კამბოსოსი, ვასილი ლომაჩენკო, ტეოფიმო ლოპესი, დევინ ჰანი, ჯერვონტა დევისი... პირველ რიგში, მაგ წონიდან რაინ გარსიას (WBC-ის მესამე ნომერი) სიამოვნებით შევხვდებოდი. ვფიქრობ, გარსიას ახლაც უპრობლემოდ დავამარცხებ.

POPSPORT: რამდენად შეიცვალა კრივი, როგორც სპორტის სახეობა და ინდუსტრია?

ერანოსიანი: დღეს მოკრივეები და იუთუბერები ფულს რეკლამებით აკეთებენ. ფანების რაოდენობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ფაქტობრივად, ძალიან ბევრი რეკლამებისთვის ჩხუბობს. ისე ხდება, რომ MMA-ის მებრძოლი კრივში გადმოდის და აქ ჩხუბობს, მოკრივე კი - MMA-ში მიდის. ყველაფერი ხომ მეტი ფულის გასაკეთებლად ხდება. ძველ და თანამედროვე კრივს შორის ეს სხვაობაა, ადრე მსგავსი რაღაცები არ ხდებოდა.

POPSPORT: თქვენ არ გიფიქრიათ MMA-ში ჩხუბი?

ერანოსიანი: არა, MMA-ში გადასვლა არც განმიხილავს. იქ ჭიდაობაც უნდა იცოდე, მე კი ჭიდაობის სწავლის დრო ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ, ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ, თუ საინტერესო წინადადება იქნება, დავფიქრდები.

POPSPORT: ბოლო დროს MMA კრივზე უფრო პოპულარული გახდა. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი?

ერანოსიანი: არ ვიცი MMA და UFC პოპულარობით ბოლო დროს კრივს რატომ სჯობნიან. იქ, კრივთან შედარებით, გაცილებით ცოტა ფულია. ბრძოლის ჩატარებისთვის 25 000 დოლარს უხდიან სპორტსმენს, მოგებისთვის კიდევ ამდენს. კრივში კი მილიონზე მეტი შემოსავალი ბევრს აქვს, კანელო მარტო სპორტიდან წელიწადში 50 მილიონამდე შოულობს, UFC-ის ვერცერთი ვარსკვლავი რეკლამებიდან არსებული შემოსავლის გარეშე ამხელა თანხას ვერ გამოიმუშავებს.

POPSPORT: თქვენი აზრით, ვინ არის თანამედროვე კრივში საუკეთესო?

ერანოსიანი: ვფიქრობ, რომ დღეს საუკეთესო მოკრივე საულ ალვარესია. კანელო ყველა მხრივ საუკეთესოა - კრივითაც, ფულით, რეკლამებით. ძალიან ძლიერია და მგონია, რომ კიდევ რამდენიმე წელი პირველობას არავის დაუთმობს.

POPSPORT: კანელო პრაიმში თუ მეივეზერი პრაიმში?

ერანოსიანი: მგონია, რომ საუკეთესო ფორმაში მყოფი კანელო საუკეთესო ფორმაში მყოფ მეივეზერს მოუგებდა.

POPSPORT: ტაისონ ფიურისთან ერთად ვარჯიშობდით. რას ფიქრობთ "ბოშათა მეფეზე"?

ერანოსიანი: ფიურიმ მოსამზადებელი ეტაპი ჩვენს დარბაზში გაიარა. 2 თვე აქ იყო და ვარჯიშობდა. ძალიან კარგი ტიპია, სასიამოვნო ადამიანი. "მე ჩემპიონი ვარ და თქვენ არავინ ხართ", ასეთი დამოკიდებულება არავის მიმართ ჰქონია, ქედმაღალი საერთოდ არ არის. შემოვიდოდა დარბაზში, ყველას გვესალმებოდა, გვიღიმოდა, ყველას ჩხუბზე კომენტარს აკეთებდა. ხომ ძალიან მაგარი მოკრივეა, მაგრამ არანაკლებ კარგი ადამიანია.

'ტაისონ ფიური ხომ ძალიან მაგარი მოკრივეა, მაგრამ არანაკლებ კარგი ადამიანია. საერთოდ არ არის ქედმაღალი.'

მგონია, რომ ფიურის მძიმე წონაში ვერავინ აჯობებს. ჯოშუას უპრობლემოდ დაამარცხებს, უსიკთან, ალბათ ცოტა მეტად გაუჭირდება, მაგრამ მასაც მოუგებს. უსიკის მთავარი კოზირი მოძრაობაა, ტაისონი კი არანაკლებ კარგად გადაადგილდება და არა მგონია, უკრაინელმა პრობლემა შეუქმნას.

POPSPORT: წარმატების მიღწევის გზაზე, რა სირთულეები ახლავს შორეული ქვეყნიდან აშშ-ში გადასვლას?

ერანოსიანი: ძალიან მნიშვნელოვანია, ვისთან და რომელ დარბაზში ვარჯიშობ, როგორი მწვრთნელი გყავს და შენს დარბაზში როგორი ბიჭები არიან. როცა ყოველდღე ჩემპიონებს უყურებ, მათგან რაღაცებს სწავლობ. ტაისონ ფიურისთან ერთად რომ ვვარჯიშობდი, ჩემთვის დიდი პატივი იყო და ძალას მმატებდა. ასეთ დროს შენც გინდება, რომ მასავით მაგარი იყო.

შორეული ქვეყნიდან ჩამოსულებისთვის აქ თავის დამკვიდრება რთულია. მიზეზი ის გახლავთ, რომ ფანები არ გვყავს. შეიძლება 100-200 ადამიანი გვგულშემატკივრობდეს, მაგრამ ამ რიცხვს ფართო მასებზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია. აქ მნიშვნელობა არ აქვს, ქართველი ხარ, სომეხი თუ ჩეჩენი - ყველას რუსებს ეძახიან. რუსებთან არსებული ნეგატიური დამოკიდებულების გამო დიდად არც ჩვენ ვუყვარვართ. ამერიკელებისთვის, მექსიკელებისთვის და ლათინოამერიკელებისთვის წარმატების მიღწევა გაცილებით ადვილია, ყველგან თავიანთი ხალხი ჰყავთ - მსაჯებში, ტელევიზიებში. და ბევრი ფანი! ჩვენთვის საქმეს ისიც ართულებს, რომ კარგად არც აქაურების ენა ვიცით, კულტურაც სრულად განსხვავებულია. მე მწვრთნელი უზბეკი მყავს, მენეჯერი რუსი და დარბაზში პოსტ-საბჭოთა სივრციდან ბევრი ბიჭია, ამან ადაპტაცია გამიადვილა. ამერიკელების გვერდით, დიდი კულტურული სხვაობის გამო, ალბათ უფრო გამიჭრდებოდა.

POPSPORT: ბრძოლების შემდეგ თქვენს თავზე ფაფახს ხშრად ვხედავთ. რისი თქმა გსურთ ამ ატრიბუტით?

ერანოსიანი: აქ ვინც არ იცის, მეუბნება, ხაბიბს ბაძავო. ეს ჩემთვის კავკასიელობის სიმბოლოა და ამის თქმა მსურს. რა შუაშია ხაბიბი - ის ხომ საერთოდ სხვა სპორტშია. მინდა იცოდნენ, რომ მე მთიელი ვარ, საქართველოდან ვარ და ფაფახიც ამის სიმბოლოა.

POPSPORT: UFC-ში ქართველი მებრძოლების გამოსვლას თუ ადევნებთ თვალს? რას ფიქრობთ გიგას მომავალ ბრძოლაზე?

ერანოსიანი: ქართველი ბიჭების ჩხუბებს სულ ვუყურებ. გიგა ჭიკაძე და მერაბ დვალიშვილი მაგარ ფორმაში არიან. ვფიქრობ, რომ გიგა კატარს აუცილებლად მოუგებს, რადგან ძალიან მაგარ ფორმაშია. ზედიზედ 7 ბრძოლაში რომ გაიმარჯვებ, ეს უდიდეს ძალას და თვითრწმენას გაძლევს. ასეთი განწყობით ყველას დამარცხება შეგიძლია. სადმე UFC-ზე საუბარი თუ ჩამოვარდა, სულ ქართველ და ჩრდილოკავკასიელ ბიჭებზე ლაპარაკობენ. ჩვენი ფიზიკური ძალა ბევრს ნიშნავს. იგივე კრივში, ამერიკელები უფრო ტექნიკურად იბრძვიან, ჩვენ კი უფრო დიდი ჟინი და მონდომება გვაქვს - აი, გინდა, რომ მოწინააღმდეგე გაგლიჯო.

POPSPORT: თქვენი ჰობი რა არის, თავისუფალ დროს რითი ერთობით?

ერანოსიანი: ჩემი ჰობი ჩემი ოჯახია - თავისუფალ დროს სულ მათთან ერთად ვატარებ. 3 წლის პატარა მყავს და მეუღლე. ბავშვთან თამაში მიყვარს, ზოგჯერ პლაჟზე გავდივარ და ასე ვისვენებ. ჩემი ცოლი ჩხუბებს ვერ უყურებს, არ მოსწონს. ურჩევნია, სახლში დარჩეს და მერე გაიგოს, რა მოხდა. დედაჩემი და ჩემი დაც ასე არიან, ძალიან ნერვიულობენ ხოლმე. დედაჩემი სულ ლოცულობს, დასთან ერთად მეორე ოთახში ზის და ხმით იგებს რა ხდება. ბოლოს, კასტილიოს რომ მოვუგე, ეგრევე მამაჩემს დავურეკე. ძალიან ინერვიულეს, მშობლებმა საუბრისას იტირეს კიდეც. ასევე ფეხბურთი, ჭიდაობა და ძიუდოც ძალიან მიყვარს. ყოველთვის მადრიდის რეალს ვგულშემატკივრობდი. რონალდო მომწონდა, მაგრამ რაც რეალი დატოვა, გრძნობები ცოტა გამინელდა.

POPSPORT: თქვენი საყვარელი მოკრივე ვინ არის?

ერანოსიანი: არტურო გატი ძალიან მომწონდა, ასევე მიგელ ანხელ კოტო. მაგრამ გატი განსაკუთრებით მიყვარდა. უშიშარი იყო, არაფერს ერიდებოდა, უკან არასდროს იხევდა. 2-3 ნოკდაუნის შემდეგ ფეხზე ადგებოდა, ბრძოლას აგრძელებდა და მოიგებდა ხოლმე, საოცრად მაგარი მოკრივე იყო.

POPSPORT: მომავალ ბრძოლას როდის ჩაატარებთ? სავარაუდო მეტოქეც გეყოლებათ...

ერანოსიანი: მომავალი ბრძოლა, ალბათ, 3 თვის შემდეგ მექნება. ზუსტად ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მგონია, რომ ყველაზე დიდი შანსია, რუს მარკ ურვანოვს შევხვდე. კრის კოლბერტი ძალიან კარგი, სწრაფი მოკრივეა, მაგრამ არა მგონია, მაგასთან ჩხუბი მომცენ, რადგან ჩემნაირ ტემპში მებრძოლი "მჩეხავი" არ აწყობთ. 

POPSPORT: და ბოლოს...

ერანოსიანი: ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვისაც ჩემი გამარჯვებები ახარებს და მგულშემატკივრობს. თითოეული შეტყობინება, მედიისაგან გამოხატული ყურადღება, მეგობრების, გუნდელების, მწვრთნელების, კრივის ფედერაციის ხელმძღვანელის, საქართველოს ნაკრების მთელი შტაბის მოლოცვები მაბედნიერებს და ძალას მმატებს. მინდა, 2022 წელს მთელ ქვეყანას წარმატებები და წინსვლა ვუსურვო. 

კომენტარები

ბოლო ამბები