Thumbnail

…და მაინც: როგორც მოსალოდნელი იყო, ავსტრალიის ხელისუფლებამ ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა გაუუქმა და დიდი სლემის ტურნირების 20-გზის გამარჯვებულის დეპორტაციას ითხოვს!

ქვეყნის ემიგრაციის მინისტრმა ალექს ჰოუკმა პარასკევს დაადასტურა, რომ ჩოგბურთის სერბ სუპერვარსკვლავს ვიზას ისევ უუქმებენ.

თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ნოლეს თამაში ავსტრალიის ღია პირველობაზე საბოლოოდ გამოირიცხა. მსოფლიოს პირველი ჩოგნის ადვოკატები წინა დღეებშიც ამბობდნენ, რომ ამ შემთხვევისთვისაც მზად იყვნენ და გადაწყვეტილებას გაასაჩივრებდნენ. ასეც მოიქცნენ.

UPDATEთავისუფლება მხოლოდ რამდენიმე საათით! რა გადაწყვიტა სასამართლომ

თუმცა საქმე ისაა, რომ ტურნირის დაწყებამდე ბევრი დრო აღარ რჩება - წლის პირველი დიდი სლემი 17 იანვარს, ორშაბათს იწყება! თუკი მეორე სასამართლო პროცესი დროულად დასრულდება და ნოლე ისევ მოიგებს, ტურნირზე ითამაშებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ქვეყნიდან გააძევებენ. ამასთან, ჯოკოვიჩს ავსტრალიაში ჩასვლა 3 წლითაც აეკრძალება.

"მიგრაციის კანონის მიხედვით, გადავწყვიტე, რომ ბატონ ნოვაკ ჯოკოვიჩს ჯანმრთელობისა და წესრიგის მიზეზით ვიზა გაუუქმდეს," - ვკითხულობთ ჰოუკის განცხადებაში, -  გადაწყვეტილების მიღებამდე დეტალურად გავეცანი შინაგან საქმეთა სამინისტროს, ავსტრალიის სასაზღვრო სამსახურისა და ბატონი ჯოკოვიჩის მხარის მიერ მოწოდებულ საბუთებს. ავსტრალიის მთავრობა იცავს ქვეყნის საზღვარს, განსაკუთრებით კოვიდ-პანდემიის გამო."

წინა კვირაში ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს, რადგან აცრილი არ არის. მას ე.წ. “სამედიცინო გამონაკლისის” საბუთები ჰქონდა, რომლებიც ავსტრალიის ღია პირველობის ორგანიზატორებისგან მიიღო, თუმცა საზღვარზე ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ჯოკოვიჩი რამდენიმე დღე ემიგრანტებისთვის განკუთვნილ სასტუმროში იმყოფებოდა, ორშაბათს კი ავსტრალიის ხელისუფლებას სასამართლო მოუგო და გაათავისუფლეს. მას შემდეგ ნოლე მელბურნში ვარჯიშობდა და ემიგრაციის მინისტრის გადაწყვეტილებას ელოდა. ადვოკატები ვიზის ანულირებას გაასაჩივრებენ, მაგრამ ჯოკოვიჩს ბევრი დრო აღარ რჩება. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები