Thumbnail

15 იანვარს გიორგი მიქაუტაძის სერენი ბელგიის ჩემპიონატს განაახლებს, ბოლოსწინა ადგილზე მყოფი გუნდი (სერენს 19 ქულა აქვს) ჟუპილერ ლიგის მოულოდნელ ლიდერ როიალ უნიონს (47 ქულა) უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ ეს ორი გუნდი ქვედა დივიზიონიდან ერთად ამოვიდა ელიტაში. 

სერენის ლიდერები გიორგი (7 გოლი ჟუპილერ ლიგაში, 1 საგოლე პასი) და იუსეფ მაზიზი (6 გოლი, 6 ასისტი) არიან. უნიონს თავისი ვარსკვლავური ტანდემი ჰყავს (რომელიც ასევე გასული სეზონიდა მოყვება გუნდს): დენიზ უნდავი (16 გოლი, 9 ასისტი) და დანტე ვანზეირი (11 გოლი, 8 ასისტი) ბრწყინვალედ თამაშობენ. 

ამ სეზონში 18 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა

მატჩის წინ Le Républicain Lorrain-მა გიორგისთან ინტერვიუ გააკეთა, სადაც მიქაუტაძემ მეცში მზადების პროცესზე (სერენი საფრანგეთში ემზადებოდა), ახალ თავკაცზე და საქართველოს ნაკრებში მის ამბიციებზე ილაპარაკა. გიორგი კიდევ ერთ მეცის ფანებისთვის აქტუალურ საკითხსაც შეეხო. 

მოგეხსენებათ, მეცი ძალიან წარუმატებლად თამაშობს ლიგა 1-ში, განსაკუთრებით ცუდად მისი შემტევები გამოიყურებიან. ამ დროს გიორგის ლიგა 1-ში მხოლოდ ორიოდე წუთი მისცეს შანსი და ისევ სერენში გაუშვეს იჯარით. ბელგიური კლუბის მაისურით ამ სეზონში მიქაუტაძეს 18 მატჩში 11 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს. სტატისტიკა კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა, რომ არა დეკემბერში ზედიზედ ხუთი უგოლო მატჩი.

ამიტომაც მეცის ფანები ხშირად წერენ, რომ დროა მაზიზი და მიქაუტაძე გუნდმა უკან დაიბრუნოს, შეწყდეს მათი იჯარა. ბელგიურმა გაზეთმა გიორგის სწორედ ეს კითხვა დაუსვა. 

გიორგი ზაფხულში ლიგა 1-ში დამკვიდრებას ცდილობდა, ამხანაგურ მატჩებში თავიც გამოიჩინა, მაგრამ შემდეგ შანსი არ მიეცა. ახლა მისი პასუხი მოულოდნელი გამოდგა, შანსიც რომ მიეცეს, იჯარის შეწყვეტის და მეცში დაბრუნების, მას ამის სურვილი არ აქვს, მისი უახლოესი გეგმები სერენს უკავშირდება და ის სეზონის ბოლომდე მხოლოდ სერენში (და საქართველოს ნაკრებში) თამაშზე იფიქრებს. 

შეგახსენებთ, რომ ახლახან სერენმა ლუქსემბურგში ადგილობრივ ესპერანჟთან ამხანაგური მატჩი 5:0 მოიგო, გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზე დუბლია, იუსეფ მაზიზის - 1 გოლი და 3 საგოლე პასი. 

კომენტარები

ბოლო ამბები