Thumbnail

ახლა ამას იშვიათად ნახავთ, ეს ცურიდაშია! ტოჩინოშინი ტრადიციას არ ღალატობს 

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

თქმა არ უნდა, ყოფილი ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) შესაძლოა, კარიერის ბოლო ან ბოლოსწინა წელს ითვლის პროფესიულ სუმოში - მისი შედეგები სულ უფრო უფერულდება, ტრავმები კი რჩება, ასაკიც თავისას აკეთებს - 2018 წელს იაპონიის იმპერატორის თასის მომგები ქართველი სუმოისტი ახლა უკვე 34 წლისაა, მაგრამ მან დღეს კიდევ ერთხელ აჩვენა ის, რის გამოც სუმოს ფანებს არამარტო საქართველოში უყვართ - მე-17 მაეგაშირა კოტოეკო ჰაერში აიტაცა და დოჰიოდან ისე გაიყვანა, ეს ცურიდაშია!

📺 | v კოტოეკო. 2022

სუმოში სულ მოგების 82 ტექნიკა (ილეთი) არსებობს, მაგრამ რეგულარულად მათგან ათეულს თუ იყენებენ. ზოგიერთი მათგანი ძალზე იშვიათია. ცურიდაშიც მალე მათ კატეგორიაში გავა. როდესაც სუმოისტი მოწინააღმდეგის მავაშის (ორი ან ცალი ხელით) დაიჭერს და მას ჰაერში აიტაცებს და ისე "გადადგამს" დოჰიოს რკალიდან, მას გამარჯვებას ცურიდაშით უთვლიან. გარდა იმისა, რომ ეს ილეთი ძალზე სანახაობრივია, ის უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს. ამიტომ სუმოს ფანები ძალიან აფასებენ იმ სუმოისტებს, რომელთაც ცურიდაშის გამოყენება უყვართ და შეუძლიათ. 

ცურიდაშის ილეთი

ნელნელა, ეს ტექნიკა ქრება პროფესიული სუმოდან - მიზეზი ბევრია, გასულ საუკუნესთან შედარებით ახლა უფრო მეტად კეთდება აქცენტი წონაზე, რის გამოც ცურიდაშის შესრულება კიდევ უფრო გართულდა. გარდა ამისა, ცურიდაშის შესრულებისას ზურგის ტრავმის მიღების რისკი დიდია, თანაც, როდესაც მეტოქის მავაში შენ ხელშია, უფრო იოლად, იორიკირის ილეთითაც შეგიძლია გამარჯვებას მიაღწიო. 

შედეგად, თუ დავუშვათ 1973 წელს სულ 73 ცურიდაში შესრულდა, 2020 წლის ხუთ ბაშოზე (ერთი პანდემიამ შეიწირა) მხოლოდ 3-ჯერ გამოიყენეს (ერთი ქართველის ანგარიშზეა) რიკიშებმა ეს ილეთი! 

ცურიდაშის შესრულების უბადლო ოსტატი იყვნენ იოკოძუნა ჩიონოფუჯი (61 გამარჯვება ამ ილეთით), ოძეკი კირიშიმა (56), ესტონელი გოლიათი ბარუტო (33), ტაკანოსატო (44) და სხვები. მათ შორის სწორედ ტოჩინოშინი ითვლება ცურიდაშის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად. ახალ ერაში 117 ცურიდაში ჰქონდა ოძეკი ტაკანოჰანას, რომელიც მე-20 საუკუნის 70-იან წლებში ჭიდაობდა. 

ტოჩინოშინი ცურიდაშის ბრძოლების 4.09%-ში იყენებს, საშუალო მაჩვენებელი პროფესიულ სუმოში - 0.23%

ტოჩინოშინისთვის დღევანდელი ცურიდაში კარიერაში 26-ე იყო. მას შანსი არ აქვს, ჩიონოფუჯის და კირიშიმას დაეწიოს, მაგრამ სუმოს სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ის არანაკლები შემსრულებელია ამ ილეთის. უბრალოდ, ახლა გაცილებით რთულად შესასრულებელი და იშვიათია ცურიდაში და ესეც უნდა გავითვალისწინოთ. ლევანს ბარუტოსთან ერთად, ბოლო თაობის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ შემსრულებლად მიიჩნევენ. ყოფილა შემთხვევები, როცა მას მეტოქე ჰაერში აუტაცებია, თუმცა ბოლო წამს იორიკირით დაუსრულებია ბრძოლა, მართალია, ესეც ეფექტურია, მაგრამ ეს მოგებები ლევანს ცურიდაშის ილეთით არ ჩაეთვალა.

📺 | v ჩიონოკუნი. 2013

პირველად ცურიდაში ტოჩინოშინმა 2006 წელს ჯერ კიდევ ჯონიდანის დივიზიონში ფუჯიაზუმას წინააღმდეგ გამოიყენა. მას ამ ილეთით დამარცხებული ჰყავს ჰარუმაფუჯი ოძეკობის პერიოდში, კომუსუბები არანი, ტაკარაფუჯი და შოჰოზანი. აღსანიშნავია, რომ 26-დან 23 ცურიდაში უმაღლეს, მაკუუჩი დივიზიონზე მოდის. ოძეკის რანგში მან ეს ილეთი ორჯერ გამოიყენა. 2018 წლის იანვარში მისთვის საჩემპიონო ბაშოზე, ლევანმა ამ ილეთით სეკივაკე მიტაკეუმი დაამარცხა. 2019 წლიდან მოყოლებული ტოჩინოშინი წელიწადში მხოლოდ ერთხელ აკეთებს ცურიდაშის, ბოლო ორ შემთხვევაში მსხვერპლი კოტოეკო იყო.    

📺 | v ტაკარაფუჯი. 2015

კომენტარები

ბოლო ამბები