Thumbnail

გიგა ჭიკაძე: მებრძოლები რიგში დამიყენეთ და ნახავთ, რაც მოხდება!

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი

16 იანვარს, თბილისის დროით 05:40 საათზე გიგა ჭიკაძე UFC-ში მერვე ბრძოლას გამართავს. ქართველი მებრძოლი ლას ვეგასში, კალვინ კატარს დაუპირისპირდება. ბრძოლის წინ ჭიკაძემ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და რამდენიმე საკითხზე ისაუბრა.

გიგა ჭიკაძე სატუტულო ბრძოლაზე: "ცოტა იმედგაცრუებული დავრჩი, მომავალი საჩემპიონო ბრძოლა ჩემს გარეშე რომ ჩაივლის, მაგრამ არა უშავს. ვიცი, როცა ჩემს მომდევნო მოწინააღმდეგეს დავამარცხებ, მომდევნო მე ვიქნები. არ აქვს მნიშვნელობა, ქამარი ვოლკანოვსკის დარჩება თუ “ზომბი” მოიპოვებს, ჩემპიონს ჩემთან ბრძოლა მოუწევს. მე საკუთარ შანსს ველოდები.

ვოლკანოვსკი პატარა თაღლითია, ჩემპიონობის დასაცავად მარტივი გზა იპოვა. მე ბოლო 7 ბრძოლა მოვიგე, “კორეეელმა ზომბმა” კი უკანასკნელი 7-დან 3 ბრძოლა წააგო. როგორ შეეძლო ჩემთან ჩხუბისთვის თავის არიდება?! მარტივად მოიქცა, საჩხუბრად უკვე მკვდარი მებრძოლი აარჩია. მე კი ახალი სისხლი ვარ, ახალი ნინძა ვარ, ვიმსახურებ იქ დგომას."

მგონია, რომ კარიერის მანძილზე ზედმეტად კარგი ბიჭი ვიყავი. შესაძლოა, “ბინძურად” ლაპარაკი უნდა დავიწყო და ამას გავაკეთებ კიდეც. ეს საკუთარი თავის “გაყიდვის” ერთ-ერთი საშუალებაა, ასე რომ, ჩემს “ბინძურ საუბარს” (trash talk) დაელოდეთ. ინგლისური უკვე კარგად ვისწავლე და ამისთვის მზად ვარ. ბილ ალჯიო? მაგ ტიპზე 1 სიტყვის თქმის სურვილიც არ მაქვს... 

კალვინ კატარზე: "მას ძლიერი ხელები აქვს, მეტოქეების ნოკაუტში გაშვების ძალა აქვს. სწორედ ამიტომ შევაქე. ზოგი მას 500-ჯერ უქნევს მუშტს, მაგრამ საქმე ნოკაუტამდე ვერ მიჰყავს. ამ ბიჭს (კატარს) კი 500 მუშტის მიღება და შემდეგ სხვისი დანოკაუტება შეუძლია. თანაც არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება ახლა ის საუკეთესო ფორმაშია. აქამდე არც ნოკაუტში აღმოჩენილა და არც ნოკდაუნში, ეს ჩემთვის გამოწვევაა. მაქსთან ბრძოლის შემდეგ 1-წლიანი პაუზის აღება მისი მხრიდან ლოგიკური იყო. თუმცა, კალვინის ადგილზე მე ასე არ მოვიქცეოდი - ოქტაგონზე რაც შეიძლება მალე დავბრუნდებოდი, რადგან წაგებულის სახელით ცხოვრებას ვერ შევძლებდი."

მაქს ჰოლოუეიზე: "მგონია, რომ ამ დივიზიონში ტიტულზე ბრძოლა საერთოდ არ აინტერესებს. ჩემი აზრით, მაქსს კონორ მაკგრეგორთან ჩხუბი უნდა და მას ელოდება. ცხადია, თუ ეს მატჩი შედგა, ჰოლოუეი დიდ ფულს მიიღებს. ამ ბიჭს ტიტულზე ჩხუბი დიდი ხნის წინ შეეძლო, მაგრამ ჩემპიონს თითო პოზიციით უახლოვდებოდა. მასზე ზუსტად ვერაფერს ვიტყვი."

მომავალ ბრძოლებზე: "მოწინააღმდეგეები რიგში დამიყენეთ და პირობას გაძლევთ, ყოველ კვირა “გიგას შოუს” იხილავთ. მე მხოლოდ შანსი მჭირდება, ნებისმიერ მეტოქეს გადავუვლი. როცა ჩემპიონი გავხდები, დანას რაც შეიძლება მეტი ჩხუბის ჩატარებას ვთხოვ. კარატედან მოვდივარ, დღეში 7 ბრძოლას ვმართავდი, შემდეგ კიკბოქსინგში გადავედი და ღამეში სამჯერ ვჩხუბობდი. ბრძოლა მიყვარს, ესაა ჩემი ჰობი და ამის კეთებას მანამდე განვაგრძობ, სანამ სხეული ამის საშუალებას მომცემს."

რაც შეეხება ბილ ალჯიოს, ის UFC-ის მებრძოლია, რომელიც გიგას დივიზიონში გამოდის. 2020 წლის 28 ნოემბერს, როცა ბილმა UFC-ში პირველი და უკანასკნელი ბრძოლა მოიგო, გიგა ჭიკაძე შეურაცხმყოფელი ეპითეტით მოიხსენია და ქართველი საბრძოლველად გამოიწვია. ისტორიასაც მოჰყვა, რომ შვებულებისას KINGS MMA-ს (გიგას კლუბი) ესტუმრნენ, ხოლო გუნდის ხელმძღვანელი რაფაელ კორდეირუს სტუდენტი გიგა ჭიკაძე მისთვის თავის მოძრობას პატარა ხელთათმანებით შეეცადა. ალჯიოს თქმით, მოგვიანებით გაიგო, რომ იმ ბიჭმა კონტრაქტი UFC-სთან გააფორმა და გიგასთან ჩხუბი მას შემდეგ სურს. 

სხვათა შორის, ბილ ალჯიოს შეკითხვა გიგას შესახებ დღესაც დაუსვეს და ამერიკელმა თქვა, რომ ქართველი თავს ისე აჩვენებს, თითქოს არ იცოდეს, ვინ ვარ, არადა კარგად მიცნობსო. ალჯიო UFC-ში მე-4 ბრძოლას 16 იანვარს გამართავს და წაგების შემთხვევაში ორგანიზაციას დაემშვიდობება, ხოლო თუ მოიგებს, UFC-ში დარჩენის შანსს შეინარჩუნებს. გიგას კი გამარჯვების შემთხვევაში წინ სატიტულო ბრძოლა ელის. ჭიკაძე კალვინ კატარს, თბილისის დროით, 16 იანვარს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები