Thumbnail

'მიმზიდველი პროექტია' - გიორგი პაპუნაშვილი ტორპედოში ტრანსფერზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ქუთაისის ტორპედოს ახალწვეულმა გიორგი პაპუნაშვილმა კლუბთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. 26 წლის შემტევის თქმით, მისთვის ტორპედოს სამომავლო გეგმები მიმზიდველი აღმოჩნდა და იმედოვნებს, რომ მომდევნო სეზონში ტორპედოს წარმატების მიღწევაში დაეხმარება.

გიორგი პაპუნაშვილი: "მადლობას გადავუხდი მთავარ მწვრთნელს და კლუბის ხელმძღვანელობას ნდობისთვის. ჩვენ გვქონდა ხანგრძლივი მოლაპარაკებები, როგორ უნდა განვითარდეს ქუთაისის ტორპედო და რა არის სამომავლო გეგმები, რაც ჩემთვის ძალიან მომხიბვლელი იყო. ვიცნობ გუნდის ძირითად ბირთვს და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მეც ამ გუნდის წევრი ვარ.

ქუთაისში ბევრჯერ მითამაშია და ვიცი, როგორ უყვართ გულშემატკივრებს ტორპედო. ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ მომდევნო სეზონში გვერდში დაგვიდგებიან, რადგან ახალი გუნდი ვართ ახალი ამბიციებითა და მიზნებით, ამიტომ, მათი გამხნევება ძალიან გვჭირდება.

ტორპედოს დღევანდელი ბირთვი გვაძლევს იმის თქმას საფუძველს, რომ ვიბრძოლოთ ჩემპიონობისთვის, თასის მოსაგებად და მოხარული ვიქნები, თუ ამაში ჩემს წვლილს მაქსიმალურად შევიტან".

შეგახსენებთ, რომ გიორგიმ კარიერა დინამო თბილისში დაიწყო, რომლის რიგებში 81 მატჩი ჩაატარა და 29 გოლი გაიტანა. 26 წლის ნახევარმცველს ბრემენის ვერდერის მე-2 გუნდში, სარაგოსასა და სანტანდერის რასინგში უთამაშია, ბოლოს კი ლიმასოლის აპოლონში გამოდიოდა, რომელიც გასული წლის მიწურულს დატოვა. 

კარიერის საუკეთესო სეზონი გიორგის სარაგოსას რიგებში 2017/18 წლებში ჰქონდა, როცა ლა ლიგა 2-ში 26 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა, 1 გოლი კოპა დელ რეიზეც შეაგდო. აღნიშნულ წელს სარაგოსა ლა ლიგაში გადასასვლელ პლეი ოფში დამარცხდა. საქართველოს ნაკრებში პაპუნაშვილს 17 მატჩი აქვს ჩატარებული და თავის გამოჩენა 3-ჯერ მოახერხა (ლიეტუვასთან, გიბრალტართან და ხორვატიასთან).

აქვე გეტყვით, რომ პაპუნაშვილი ტორპედოს ერთადერთი ახალწვეული არ არის. მანამდე ოფიციალურად დადასტურდა დინო ჰამზიჩის, ირაკლი ბუღრიძის, გიორგი ქიმაძის, გიული მანჯგალაძის, გიორგი კუხიანიძის, ლაშა შერგელაშვილისა და აკაკი შულაიას ტრანსფერები. გარდა ამისა, გუნდთან კონტრაქტები დინო ჰამზიჩმა და ვაჟა ტაბატაძემ გაახანგრძლივეს.

⚫️⚪️ გიორგი პაპუნაშვილის პირველი ინტერვიუ 🌟 #წარმატებებსგისურვებთპაპუ!

Posted by FC Torpedo Kutaisi on ხუთშაბათი, 13 იანვარი, 2022

კომენტარები

ბოლო ამბები