Thumbnail

'მოგკლავ!' - ლეონარდო ბონუჩიმ ინტერის სტაფის წევრთან იჩხუბა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

იუვენტუსის ფეხბურთელ ლეონარდო ბონუჩი 10 000 ევროს ოდენობით დააჯარიმეს, მაგრამ დისკვალიფიკაციას გადაურჩა. ფინანსური სასჯელის მიზეზი იტალიის სუპერთასზე ინტერთან მატჩის ბოლოს მომხდარი ინციდენტია.

120-ე წუთზე ბონუჩი, რომელმაც ტრავმა ახლახან მოიშუშა და სრული შეხვედრის სათამაშოდ მზად არ იყო, მოედანზე შესასვლელად მხოლოდ იმისთვის ემზადებოდა, რომ პენალტი დაერტყა, მაგრამ ბოლო წუთზე ალექსის სანჩესმა ალექს სანდროს უხეში შეცდომის შედეგად გამარჯვების გოლი გაიტანა და ინტერს მოაგებინა (2:1).

ბონუჩი ვესტონ მაკკენის გოლს ზეიმობს

პენალტების სერია არ დაინიშნა და ბონუჩიც თამაშში ვერ ჩაერთო. სამაგიეროდ, გოლის შემდეგ ტელეკამერებმა დააფიქსირა მომენტი, როდესაც 34 წლის მცველი სათადარიგო სკამთან ერთ ადამიანს ეჩხუბებოდა. როგორც გაირკვა, ის ინტერის გენერალური მდივანი კრისტიანო მოცილო იყო. მას ბონუჩი ხელით შეეხო და დაემუქრა კიდევაც.

Il Tempo-ს ინფორმაციით, ბონუჩის გაღიზიანება მოცილოს რეაქციამ და გოლის ზეიმმა გამოიწვია: "ჩემს თვალწინ ნუ ხარობ, რას აკეთებ, ნა******რო, მოგკლავ!", - ეს არის სიტყვები, რომლითაც იტალიელი მცველი ინტერის წარმომადგენელს დაემუქრა.

ბონუჩის დისკვალიფიკაცია ემუქრებოდა, მაგრამ სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით მას მხოლოდ ფინანსური სანქცია დაეკისრა. შესაბამისად, მომდევნო მატჩებში იუვენტუსის დახმარებას მოახერხებს.

შეგახსენებთ, რომ ინტერმა იტალიის სუპერთასი ისტორიაში მეექვსედ მოიგო. ეს სიმონე ინძაგის პირველი ტიტულია "ნერაძურის" მთავარი მწვრთნელის რანგში. ინტერზე მეტჯერ იტალიის სუპერთასი მხოლოდ იუვენტუსს (9) და მილანს (7) აქვთ მოგებული.

კომენტარები

ბოლო ამბები