Thumbnail

'გამოდის, სხვები სულელები არიან' - ციციპასმა ჯოკოვიჩი გააკრიტიკა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ბერძენმა ჩოგბურთელმა სტეფანოს ციციპასმა სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩზე ისაუბრა, რომელიც ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაშს აპირებს, თუმცა კი, ავსტრალიის ხელისუფლებისგან ამის ოფიციალური ნებართვა ჯერაც არ მიუღია.

“ცხადია, რომ ის თავისი წესებით თამაშობს. იმას აკეთებს, რის გაკეთებასაც, ალბათ, ვერავინ გაბედავდა. განსაკუთრებით მას მერე, რაც ATP-მ ავსტრალიაში შემოსვლისთვის საჭირო კრიტერიუმები დაასახელა. ალბათ, არავის მოუვიდოდა თავში აქ ჩამოსვლა ისე, რომ აცრა არ გაეკეთებინა და პროტოკოლი დაერღვია. ამ დროს უნდა გესმოდეს, რომ შენ დიდი სლემის ტურნირის გამოტოვებით რისკავ. ერთიცაა, როდესაც ასეთ განსხვავებულ გზას ირჩევ, ისე გამოდის, რომ სხვა ჩოგბურთელები სულელები არიან”. 

ავსტრალიის ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება, მოითხოვენ თუ არა დიდი სლემის ტურნირების 20-გზის გამარჯვებულისთვის ვიზის გაუქმებას. მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალიის ღია პირველობის წილისყრა შედგა (ნოვაკი თანამემამულე მიომირ კეჩმანოვიჩს ეთამაშება, სტეფანოსი კი - შვედ მიკაელ იმერს), ჯერაც უცნობია, მისცემენ თუ არა ნოლეს წლის პირველ დიდ სლემზე თამაშის უფლებას. ავსტრალიური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ემიგრაციის მინისტრმა გადაწყვეტილების მიღება მინიმუმ პარასკევამდე გადადო.

წინა კვირაში ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს, რადგან აცრილი არ არის. მას ე.წ. “სამედიცინო გამონაკლისის” საბუთები ჰქონდა, რომლებიც ავსტრალიის ღია პირველობის ორგანიზატორებისგან მიიღო, თუმცა საზღვარზე ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ჯოკოვიჩი რამდენიმე დღე ემიგრანტებისთვის განკუთვნილ სასტუმროში იმყოფებოდა, ორშაბათს კი ავსტრალიის ხელისუფლებას სასამართლო მოუგო და გაათავისუფლეს. ის ამის მერე ვარჯიშობს, თუმცა წლის პირველ დიდ სლემზე თამაში განაღდებული ჯერაც არ აქვს. ავსტრალიის ემიგრაციის მინისტრს შეუძლია, სერბის ვიზის გაუქმება კიდევ ერთხელ მოითხოვოს.

კომენტარები

ბოლო ამბები