Thumbnail
  • ტატიშვილი 4:1 თელასი (სერიაში 2:1)
  • კოლხი 3:1 აგორა (სერიაში 2:1)
  • ფინალური სერია 8 ივნისს დაიწყება

საქართველოს ფუტსალის ლიგის ნახევარფინალური ეტაპი დაძაბული და საინტერესო გამოდგა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ნახევარფინალში თანაბარი დონის გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ამ ორი დუელის ბედი დეტალებმა გადაწყვიტა…

ტატიშვილი 4:1 თელასი

სერიაში ანგარიში 1:1 იყო და ფინალისტის ვინაობა მესამე, გადამწყვეტ შეხვედრას უნდა გამოევლინა. ისევე როგორც პირველ ორ შეხვედრაში, ამჯერადაც გუნდებმა ჩაკეტილი ფეხბურთი ითამაშეს და შედეგად, ძირითადი დრო ფრედ, 0:0 დასრულდა. დაინიშნა დამატებითი, 5-წუთიანი ტაიმები, სადაც გაირკვა კიდეც გამარჯვებულის ვინაობა. 

ტატიშვილი - თელასის დაპირისპირებაში გამარჯვებული დამატებით დროში გამოვლინდა

მატჩის 43-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც არბიტრმა მოედნიდან შოთა ჭანუყვაძე გააძევა, თელასი კაცნაკლული დარჩა. ამით ისარგებლა ტატიშვილმა და 45-ე წუთზე გახსნა ანგარიში: ძლიერი დარტყმით თავი გიორგი სილაგავამ გამოიჩინა.

სწორედ ამ პერიოდში ვითარება უკიდურესად დაიძაბა, რასაც თელასის სათადარიგო მეკარის, ლევან გაბუჩიას ზღვარსგადასული ემოცია მოჰყვა - გაბუჩიამ მსაჯს მიაყენა შეურაცხყოფა და წითელი ბარათი მიიღო. 

დარჩენილ დროში თელასი 5 ფეხბურთელით უტევდა, კარი დაუცველი ჰქონდა და დროის მოკლე მონაკვეთში კიდევ სამი გოლი გაუშვა: დუბლი ტატიშვილის მეკარემ, თორნიკე ბუკიამ შეასრულა, მეოთხე გოლი კი გიორგი ქურდაძის ანგარიშზეა. თელასმა ერთი ბურთი გაქვითა და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა - 4:1 ტატიშვილის სასარგებლოდ.

ტატიშვილმა მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა და ფინალში გავიდა

ალექსანდრე ძაბირაძე (ტატიშვილის მწვრთნელი)
“როგორც ველოდი, ძალიან დაძაბული მატჩი იყო. თელასის სახით, უძლიერესი მეტოქე გვყავდა. პირველი თამაში წავაგეთ, თუმცა ბოლომდე გვჯეროდა ფინალში გასვლის და საბედნიეროდ, ზედიზედ ორი შეხვედრა მოვიგეთ. ამით არაფერი დასრულებულა, წინ ფინალია და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გადამწყვეტ დაპირისპირებაში ღირსეულად ვიასპარეზოთ.”

კახა მაისაია (თელასის მოთამაშე)
“ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ და სამწუხაროდ, დავმარცხდით. ჩემი აზრით, მატჩის შედეგზე მსაჯების შეცდომებმაც იქონია გავლენა. ძალიან ვწუხვარ ამ მარცხის გამო, მაგრამ ვერაფერს შევცვლი. ვულოცავ მეტოქეს ამ გამარჯვებას.”

კოლხი 3:1 აგორა

სანახაობრივი თვალსაზრისით, კოლხი - აგორას დუელი უკეთესი გამოდგა. გუნდებმა სამივე შეხვედრაში თამამი, შემტევი და სანახაობრივი ფეხბურთი ითამაშეს.

მატჩი 7 წუთის დაწყებული იყო, როდესაც ბრუნო მელო ძლიერი დარტყმით აგორა დააწინაურა. კოლხმა პირველივე ტაიმში გაათანაბრა ანგარიში: ეფექტური კომბინაცია ბაბაკ ალავერიქჰანის შესანიშნავი გადაცემით და დიმიტრი ანდღულაძის ზუსტი დარტყმით დაგვირგვინდა, 1:1.

კოლხი - აგორას შეხვედრაში 4 გოლი გავიდა

დარჩენილი ორი გოლი მეორე ტაიმში გავიდა. მატჩის 26-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ბაბაკ ალავერიქჰანმა ტექნიკური არსენალი გამოავლინა და ულამაზესი გოლი გაიტანა - 2:1 კოლხის სასარგებლოდ.

აგორა დიდი ძალებით წავიდა წინ, თუმცა ბოლო წუთზე მესამე გოლი გაუშვა - თავი აბდულრაჰმან სარანმა გამოიჩინა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 3:1.

ამირან ცხომარია (კოლხის კაპიტანი)
“მინდა მადლობა გადავუხადო მეტოქეს და მივულოცო ჩემ გუნდს გამარჯვება. ჩვენთვის ფინალში გასვლა დიდი წარმატებაა. პირველი თამაში წავაგეთ, თუმცა ამან არ გაგვტეხა და ზედიზედ ორი შეხვედრა მოვიგეთ. ფინალში ტატიშვილს შევხვდებით, რომელთანაც რეგულარულ ჩემპიონატში უარყოფითი ბალანსი გვაქვს: 3-დან 3 მატჩი წავაგეთ, თუმცა ფუტსალში ყველაფერი ხდება და ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ჩემპიონები გავხდეთ.”

კოლხი-გულრიფში ფინალში ტატიშვილს დაუპირისპირდება

საქართველოს ახალი ჩემპიონი ეყოლება, თელასი ფინალს მიღმაა და მესამე ადგილისთვის ბრძოლაში აგორას დაუპირისპირდება. ფინალში კოლხი და ტატიშვილი შეხვდებიან ერთმანეთს.

ფინალური სერია 8 ივნისს დაიწყება და ასევე ორ მოგებამდე გაგრძელდება.

კომენტარები

ბოლო ამბები