Thumbnail
  • კრიშტიანო რონალდომ Sky Sports UK-სთან ინტერვიუ მისცა
  • CR7-მ რალფ რანგნიკსა და ოლე გუნარ სულშერზეც ისაუბრა

"აქ გამარჯვებისთვის დავბრუნდი და არა - მე-7 ადგილისთვის" - კრიშტიანო რონალდომ ბრიტანულ მედიას ინტერვიუ მისცა და მანჩესტერს მნიშვნელოვანი, მკაფიო მესიჯი გაუგზავნა.

გასაკვირი არაა, რომ ლეგენდარული ფეხბურთელი მოხიბლული არ არის მიმდინარე სეზონში გუნდის თამაშით. როდესაც პორტუგალიელი ვარსკვლავი მანჩესტერში ბრუნდებოდა, აშკარად სხვა მოლოდინი ჰქონდა:

"ვერ შევეგუები იმას, რომ ჩვენი მენტალიტეტი უფრო დაბალია, ვიდრე პრემიერლიგის სამეულში მოხვედრის ამბიციას სჭირდება. არ მინდა მე-6, მე-7 ან თუნდაც მე-5 ადგილზე ვიყო. აქ იმისთვის ვარ, რომ ვიბრძოლო და გავიმარჯვო. ჩვენ შეგვიძლია რაღაცის შეცვლა და გზაც ვიცი, მაგრამ აქ ამაზე არ ვილაპარაკებ, რადგან სწორად არ მიმაჩნია", - თქვა რონალდომ Sky Sports UK-სთან ინტერვიუში.

რონალდო მანჩესტერისგან მეტს ელოდა

"ვფიქრობ, ზოგჯერ კარგი რაღაცების ასაშენებლად ძველი უნდა დაანგრიო. რატომაც არა? ახალი წელია, ახალი ცხოვრება და იმედი მაქვს, რომ მანჩესტერი იმ დონეზე იქნება, რაც გულშემატკივრებს სურთ. ისინი ამას იმსახურებენ", - განაგრძო მან.

კრიშტიანომ ასევე ისაუბრა იუნაიტედში მწვრთნელის შეცვლაზე: "გულწრფელად რომ ვთქვა, ეს ადვილი არ არის. გვყავდა სულშერი, შემდეგ კერიკი და ახლა კიდევ ახალი მენეჯერია. როდესაც ბევრ მწვრთნელს იცვლი, ეს ყოველთვის რთულია. რანგნიკის მოსვლის შემდეგ ჩემი აზრით, ზოგიერთ ასპექტში მოვუმატეთ, მაგრამ ყველაფერს დრო სჭირდება. არც ისე ადვილია ფეხბურთელების მენტალიტეტის, მათი თამაშის სტილის, კულტურის, სისტემის შეცვლა. ვფიქრობ, რალფი საქმეს კარგად აკეთებს".

რონალდო რანგნიკის მუშაობას დადებითად აფასებს

36 წლის სუპერვარსკვლავმა კომენტარი ოლე გუნარ სულშერის წასვლაზეც გააკეთა. ნორვეგიელს კრიშტიანო კარგად იცნობს, რადგან თავის დროზე მისი თანაგუნდელიც იყო:

"წასვლა ყოველთვის სევდიანი და მძიმეა. ოლე ჩემთან ერთად თამაშობდა და ახლა ჩემი მწვრთნელი იყო. დიდი ადამიანია და როცა წავიდა, ყველა მოწყენილი იყო, თუმცა, ეს ფეხბურთის ნაწილია. როდესაც ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც კლუბს სურს, ცვლილებები უნდა მოხდეს. რთული იყო, მაგრამ ცხოვრება გრძელდება".

კრიშტიანო რონალდოს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 21 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი, მანჩესტერ იუნაიტედი კი პრემიერლიგაში 19 თამაშში მოპოვებული 31 ქულით მე-7 ადგილზეა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში მადრიდის ატლეტიკოს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები