Thumbnail

ყვითელაშვილი: შეფასებას არ ვეთანხმები, კარიერაში საუკეთესო გამოსვლა მქონდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ჯამში მაინც ცოტა ქულა გამოვიდა, უბრალოდ, იმის გამო, რომ ასე დამიწერეს'
  • ქართველი ფიგურულად მოციგურავე მსაჯების ქმედებით უკმაყოფილო დარჩა

საქართველოს ფიგურულად მოციგურავეთა ნაკრების ლიდერმა მორის ყვითელაშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა იმ შეფასების გამო, რომელიც მას მსაჯებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის მოკლე პროგრამისთვის დაუწერეს.

შეგახსენებთ, რომ ევროპირველობა გუშინ ესტონეთის დედაქალაქ ტალინში სწორედ კაცთა ტურნირით დაიწყო და ყვითელაშვილმა 34 სპორტსმენს შორის მე-4 შედეგი დააფიქსირა. მორისმა 2 ოთხმაგი ნახტომი შეასრულა და არბიტრებისგან 92.76 ქულა (51.12 ტექნიკური ელემენტებისთვის+41.64 პროგრამული კომპონენტებისთვის) დაიმსახურა.

საინტერესოა, რომ ყვითელაშვილს მოკლე პროგრამის დასრულების შემდეგ ტექნიკური ელემენტებში 55.30 ქულა ეწერა, თუმცა, საბოლოო შედეგებში მხოლოდ 51.12 ქულა აისახა. თუ რატომ დაიწია შეფასებამ ასე მკვეთრად, ეს თავად მორისისთვისაც გაუგებარი დარჩა.

მორის ყვითელაშვილი მოკლე პროგრამის შესრულებისას

“გამოსვლის დასრულებისთანავე ვიდეოს ჩემს მწვრთნელ დანიილ გლეიჰენგაუზთან ერთად ვუყურე. ყოველი ელემენტი შევაფასეთ... ჯამში მაინც ცოტა ქულა გამოვიდა, უბრალოდ, იმის გამო, რომ ასე დამიწერეს. ვთვლი, რომ ეს ჩემს კარიერაში საუკეთესო გამოსვლა იყო, თუმცა, სამმაგ აქსელზე შეცდომა დამიფიქსირეს და კომბინირებულ ბრუნზეც დონე დაწიეს – მესამე მეოთხეს ნაცვლად. ამას არ ვეთანხმები. ვფიქრობ, კარგი პროგრამა მქონდა და თავდაჯერებულიც გამოვედი. ვგრძნობდი, რომ კარგად ვსრიალებდი, ყველაფერი კომფორტულად იყო, ელემენტებს გავუმკლავდი და ბალანსიც დაცული მქონდა”.

შეგახსენებთ, რომ მოკლე პროგრამის შედეგებით, 26 წლის მორის ყვითელაშვილი მხოლოდ რუსეთის ნაკრების წევრებს ჩამორჩება: პირველი სამეული ანდრეი მოზალევმა (99.76), მარკ კონდრატიუკმა (99.06) და ევგენი სემენენკომ (99.04) დააკომპლექტეს.

კაცთა ტურნირზე თავისუფალი პროგრამა 14 იანვარს შედგება (თბილისის დროით 20:00 საათიდან) და უკვე ცნობილია, რომ ყვითელაშვილი უძლიერეს – მე-4 ჯგუფში გამოვა. საერთო ჯამში, მორისს 21-ე ნომრად ვიხილავთ, მას კი რუსი ფიგურულად მოციგურავეების ტრიო მოჰყვება.

კომენტარები

ბოლო ამბები