Thumbnail

'ხასიათი და მონდომება არ ჩანს' - იუვეს დირექტორი ისევ დიბალას აკრიტიკებს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • პაულო დიბალას იუვენტუსთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისს ეწურება
  • მხარეები ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას დიდი ხანია, ვერ ახერხებენ
  • დიბალა ტურინული გრანდის დატოვებას უკვე აღარ გამორიცხავს

პაულო დიბალამ ტურინის იუვენტუსი შესაძლოა სულ მალე, ზაფხულში დატოვოს. 

არგენტინელ ფეხბურთელს კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და ბოლო ცნობებით, მის განახლებაზე მოლაპარაკებები მეტისმეტად გართულდა. მანამდე ცნობილი იყო, რომ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ახალ კონტრაქტს მხოლოდ ხელის მოწერა აკლდა, მაგრამ როგორც ჩანს, უკანასკნელ პერიოდში ვითარება შეიცვალა. ამაზე ცალსახად მიანიშნებს იუვეს გენერალური დირექტორის, მაურიციო არივაბენეს განცხადებები.

მან ჯერ რომასთან მატჩის წინ თქვა, რომ დიბალამ უნდა დაიმსახუროს ხელფასი, რომელსაც ითხოვს და უნდა დაამტკიცოს თავისი ღირებულება. მას ტონი არც ინტერთან გუშინდელი თამაშის წინ შეუცვლია: "მე არავის ვუპირისპირდები. უბრალოდ, ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ. რაც დიბალაზე ვთქვი, ყველა ფეხბურთელს ეხება. მინდა დავინახო ხასიათი, მონდომება და გამარჯვების სურვილი. პლუს ამას, როცა იუვენტუსის 10 ნომერი ხარ, უფრო მეტად უნდა აცნობიერებდე ამ მაისურის მნიშვნელობას".

დიბალა იუვენტუსის ყველაზე ეფექტური მოთამაშეა, მაგრამ გუნდის დატოვებასთან ახლოსაა

აშკარად ჩანს, რომ ყველაფერი რიგზე არ არის. გავრცელებული ცნობით, იუვენტუსმა თავდაპირველი შეთანხმება დაარღვია და დიბალას იმაზე ნაკლებ ხელფასს სთავაზობს, ვიდრე მანამდე დაჰპირდა და რასაც მოთამაშე ითხოვს.

ამასობაში არგენტინული მედია წერს, რომ სამხრეთამერიკელი იმედგაცრუებულია მომხდარით და უკვე მზადაა, სერიოზულად განიხილოს წინადადებები, რომელსაც სხვა კლუბებისგან მიიღებს. ამგვარად, თუ სიტუაცია არ შეიცვალა, მართლაც დიდი შანსია, რომ დიბალამ ტურინული გრანდი ზაფხულში უფასოდ დატოვოს. არადა, სულ ცოტა ხნის წინ პაულო მხოლოდ "ბიანკონერის" უკავშირებდა თავის მომავალს.

შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა იუვენტუსში 2015 წელს, პალერმოდან გადავიდა და დღემდე ჩატარებულ 273 მატჩში 109 გოლი აქვს გატანილი. მიმდინარე სეზონში მან 19 თამაშში თავი 9-ჯერ გამოიჩინა.

კომენტარები

ბოლო ამბები