Thumbnail
  • მელბურნში ავსტრალიის ღია პირველობის წილისყრა ჩატარდა
  • ქართველ ჩოგბურთელს შოტლანდიელ ვეტერანთან რევანშის შანსი ექნება

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეშიც დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ ენდი მარის შეხვდება, რომელსაც გუშინ სიდნეის ტურნირის მერვედფინალში გაეჯიბრა და სამ საათხე მეტხანს გაწელილ თრილერში 7:6 (7:4), 6:7 (3:7), 3:6 დამარცხდა.

Australian Open მელბურნში 17 იანვარს დაიწყება და ტრადიციულად, ეს, წლის პირველი სლემტურნირია. წილისყრის პროცედურა დღეს ჩატარდა და როგორც აღვნიშნეთ, მან 29 წლის ქართველი ჩოგბურთელისთვის საინტერესო შედეგი მოიტანა.

სიდნეიში ბასილაშვილმა მარი მართლაც ბევრი არბენინა

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზს 34 წლის შოტლანდიელთან გასულ წლამდე არასდროს ეთამაშა, შარშან უიმბლდონზე 4:6, 3:6, 7:5, 3:6 წააგო, ამას კი, სიდნეიში გუშინდელი მარცხი მოჰყვა. სხვათა შორის, ამ თამაშის მერე, ენდიმ საქართველოს პირველი ჩოგნის თამაშს საკმაოდ მაღალი შეფასება მისცა.

“დაუჯერებლად რთული მატჩი იყო. ის ბურთს მუდმივად ძლიერად ურტყამს, რაც ტურში არავის შეუძლია. შესაბამისად, ძირითადად დაცვაში ვიყავი და ბევრი სირბილი მომიწია, თუმცა, ჩემმა ფეხებმა გაძლო, გადაწყვეტ სეტში კი მოწოდებამ მიხსნა. საჭირო მომენტებში მოწოდების ხარჯზე ბევრი იოლი ქულა მოვიგე. გათამაშებები ძირითადად მისი კარნახით მიდიოდა, ამდენად, მაქსიმალურად ვეცადე, ჩაწოდების ხარჯზე მაქსიმალური სარგებელი მიმეღო. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა”.

ბასილაშვილი წლევანდელ ავსტრალიის ღია პირველობაში 21-ე განთესვით ჩაებმება, მარის კი ტურნირზე “უაილდ ქარდის” წყალობით ვიხილავთ (მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი მიმდინარე რეიტინგში მხოლოდ 135-ეა). მიუხედავად ამისა, მომავალი თამაშის ფავორიტად ისევ ენდი მიიჩნევა.

ქართველ ჩოგბურთელს შოტლანდიელთან რევანშის შანსი ექნება

თუკი ნიკოლოზმა რევანშის აღება მოახერხა, მე-2 წრეში ურუგვაელ პაბლო კუევასსა და კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულს შორის უმჯობესს შეხვდება. ქართველი ჩოგბურთელის ბადის ნაწილში განთესილთაგან ნორვეგიელი კასპერ რუუდი (მე-8), იტალიელი იანიკ სინერი (მე-11) და ავსტრალიელი ალექს დე მინორი (32-ე) მოხვდნენ, ამდენად, შესაძლოა, ითქვას, რომ ბასილაშვილისთვის ცუდი წილისყრა არ ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა შარშან მელბურნში პირველივე მატჩი წააგო ამერიკელ ტომი პოლთან – 4:6, 6:7 (0:7), 4:6, ავსტრალიის ღია პირველობაზე მისი საუკეთესო შედეგი კი 2018 და 2019 წლებს უკავშირდება, როდესაც მე-3 წრეში გასვლა მოახერხა.

ორიოდ სიტყვით Australian Open-ის ფავორიტებიც წილისყრაზეც. სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი (1-ლი განთესვა) თანამემამულე მიომირ კეჩმანოვიჩს ეთამაშება, რუსი დანიილ მედვედევი (მე-2) – შვეიცარიელ ჰენრი ლააკსონენს, გერმანელი ალექსანდერ ზვერევი (მე-3) – თანამემამულე დანიელ ალტმაიერს, ბერძენი სტეფანოს ციციპასი (მე-4) – შვედ მიკაელ იმერს, რუსი ანდრეი რუბლიოვი (მე-5) – იტალიელ ჯანლუკა მაგერს, ესპანელი რაფაელ ნადალი (მე-6) კი – ამერიკელ მარკოს ხირონს.

კომენტარები

ბოლო ამბები