Thumbnail

'მგონი, ფეხბურთი ეშმაკმა მოიგონა' - ალეგრი იმედგაცრუებულია, ინძაგი ბედნიერი

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

იტალიის სუპერთასზე ‘დიდი იტალიური’ დერბი ისეთი გამოდგა, როგორც ამ დუელს უხდება - დაძაბული, დრამატული და ემოციებით სავსე.

ინტერმა შესუსტებული შემადგენლობით მოთამაშე იუვენტუსს ალექსის სანჩესის 120-ე წუთზე გატანილი გოლით მოუგო და სეზონში პირველი ტიტული მოიპოვა. მატჩის შემდეგ სიმონე ინძაგიმ თქვა, რომ მისმა გუნდმა გამარჯვება დაიმსახურა, ფეხბურთელებმა - პრემიები:

"გამარჯვება დავიმსახურეთ, თუმცა ეს ადვილი არასდროსაა. ბედნიერი ვარ, რომ ინტერში პირველი ტიტული ჩვენი ტიფოზების წინაშე მოვიგე. ძალიან გვინდოდა ამ თასის მოგება, რადგან დიდი ხანი არ გვქონდა მოგებული. გამარჯვებაში წვლილი ყველა ფეხბურთელმა შეიტანა. კლუბის პრეზიდენტი ძალიან ბედნიერია, მთელ გუნდს მიულოცა. ბიჭებმა თქვეს, რომ პრემია უნდათ და მგონია, რომ პრეზიდენტი მათ ამ სურვილს დაუკამყოფილებს", - თქვა ინძაგიმ ნამატჩევს.

ალექსისს სანჩესის გამარჯვების გოლი 120-ე წუთზე ალექს სანდროს კატასტროფულ თამაშს მოჰყვა

იმედგაცრუებულმა მასიმილიანო ალეგრიმ ყურადღება ბოლო წამებზე დაშვებულ შეცდომაზე გაამახვილა: "ჩვენთვის ეს კარგი გამოცდა იყო იმის გასაგებად, თუ სად ვართ. ლამაზი თამაში გამოვიდა, მაგრამ მგონი, ფეხბურთი ეშმაკმა მოიგონა. ბოლო წამებზე ბავშვური შეცდომა დავუშვით და იტალიის უძლიერეს გუნდთან წავაგეთ. რამდენიმე მომენტი გვქონდა და ჩვენს კართან საფრთხე ნაკლებად იყო, ბიჭებმა ტექნიკურად კარგად ითამაშეს. ასე წაგება ძალიან მტკივნეულია. მტკივა იმიტომ, რომ საფინალო სასტვენამდე 5 წამით ადრე წავაგეთ, მაგრამ რაც მოხდა, ამან უნდა გაგვაბრაზოს და ეს საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ. ასევე უნდა დავინახოთ დადებითი მხარე: გუნდი ფიზიკურად უკეთაა და მზარდია. ახლა ეს თამაში უნდა დავივიწყოთ და ჩემპიონატზე ვიფიქროთ", - აღნიშნა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ ინტერმა იტალიის სუპერთასი ისტორიაში მეექვსედ მოიგო. ეს სიმონე ინძაგის პირველი ტიტულია „ნერაძურის“ მთავარი მწვრთნელის რანგში. ინტერზე მეტჯერ იტალიის სუპერთასი მხოლოდ იუვენტუსს (9) და მილანს (7) აქვთ მოგებული.

კომენტარები

ბოლო ამბები