Thumbnail

ჰაერში აიტაცა და დოჰიოდან გაიყვანა - ტოჩინოშინის მე-2 გამარჯვება ჰაცუ ბაშოზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

34 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელსაც ტოჩინოშინის შიკონათი ვიცნობთ, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე 2022 წლის პირველ სუპერტურნირზე მე-5 ორთაბრძოლა ჩაატარა და მე-2 გამარჯვება იზეიმა.

დღეს, ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-17 მაეგაშირა კოტოეკოს გაეჯიბრა და მეტოქე ცურიდაშით დაჯაბნა. იაპონელმა, რომელიც ქართველზე 48 კგ-ით მსუბუქი და 15 სმ-ით დაბალია, სასტარტო შეჯახების შემდეგ უპირატესობა მოიპოვა და ლევანი დოჰიოს კიდესთან მიიყვანა, თუმცა, ტოჩინოშინმა კონტრილეთი წამოიწყო, მეტოქე ჰაერში რამდენჯერმე ასწია და გადამწყვეტი მიძალება განახორციელა.

შეგასხენებთ, რომ ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოს დასავლეთის მე-15 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მორიგი უარყოფითი ბალანსის (მაკე-კოში) შემთხვევაში, ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონს დაემშვიდობება. ამ ფონზე, ქართველი სეკიტორისთვის ყოველ ბრძოლას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

უკვე ცნობილია, რომ ჰაცუ ბაშოს მე-6 დღეს ტოჩინოშინის პირისპირ აღმოსავლეთის მე-18 მაეგაშირა ოჰო დადგება. გორგაძე 21 წლის იაპონელს, რომელიც მაკუუჩიში სადებიუტო ტურნირს ატარებს, კარიერაში პირველად შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები