Thumbnail
  • ინტერი 2:1 (დ.დ.) იუვენტუსი
  • ინტერმა იტალიის სუპერთასი ისტორიაში მეექვსედ მოიგო
  • გადამწყვეტი გოლი ალექსის სანჩესმა 120-ე წუთზე გაიტანა

მილანში, "სან სიროზე", იტალიის სუპერთასის მატჩი გაიმართა. ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა ინტერმა თასის მფლობელი იუვენტუსი მიიღო. "დიდ იტალიურ დერბიში" გამარჯვებულის გამოსავლენად 90 წუთი არასაკმარისი აღმოჩნდა, ყველაფერი კი 120-ე წუთზე ალექსის სანჩესის გოლმა გადაწყვიტა.

სიმონე ინძაგის შეგირდებმა თამაში მაღალ ტემპში დაიწყეს და მეტოქეს, რომელიც მილანში სერიოზული საკადრო პრობლემებით ჩავიდა, პირველ წუთებში თავბრუ დაახვიეს. პერინის კარს ზედიზედ დე ვრეი და ლაუტარო მარტინესი დაემუქრნენ, მაგრამ სწრაფი გოლი არ გავიდა.

ამერიკელმა ნახევარმცველმა ამ სეზონში იუვეს მაისურით მესამე გოლი გაიტანა 

ოციოდე წუთის შემდეგ უკვე ტურინელებიც გამოფხიზლდნენ და ანგარიშიც სწორედ მათ გახსნეს. ალვარო მორატამ მეორე სართულზე ბრძოლა მილან შკრინიარს მოუგო და ბურთი ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ უესტონ მაკკენის გადააწოდა, რომელმაც ის სამირ ჰანდანოვიჩისგან შორეულ კუთხეში გაგზავნა - 0:1. 

ინტერმა წონასწორობა ათიოდე წუთში აღადგინა. ედინ ჯეკომ დი შილიოს წესები მისსავე საჯარიმოში დააღვევინა და არბიტრმაც 11-მეტრიანი დანიშნა. ლაუტარო მარტინესმა პენალტი ისე შეასრულა, პერინს შანსი არ ჰქონია - 1:1.

ლაუტარომ 11-მეტრიანი უნაკლოდ შეასრულა

მეორე ტაიმის დასაწყისში ფედერიკო ბერნარდესკი ცდილობდა იუვენტუსის კვლავ წინ გაყვანას, მაგრამ ცოტა დააკლდა. საპირისპირო კართან ძალიან სახიფათო მომენტი დენზელ დუმფრისს ჰქონდა, რომელიც ახლო მანძილიდან თავით ურტყამდა, მაგრამ პერინმა კარის გადარჩენა შეძლო. ამ უკანასკნელმა მოგვიანებით არც ლაუტაროს გატანინა და არც ივან პერიშიჩს.

მეორე ტაიმის მიწურულს სიმონე ინძაგიმ და მასიმილიანო ალეგრიმ ცვლილებებს მიმართეს, მაგრამ მოედანზე შესულმა დასვენებულმა თავდამსხმელებმაც ვერ შეძლეს ძირითად დროში ანგარიშის შეცვლა.

ალექსის სანჩესის გოლმა ნერაძურის ტიტული მოუტანა

სამაგიეროდ, გამარჯვებისა და ტიტულის მომტანი გოლის გატანა ექსტრა-ტაიმების მიწურულს მოახერხა ალექსის სანჩესმა. შეცდომა ალექს სანდრომ დაუშვა, რომლის პასი მატეო დარმიანმა ჩაჭრა და ჩილელს გადააწოდა. სანჩესს 2 მეტრიდან გატანა არ გასჭირვებია - 2:1. 

აღსანიშნავია, რომ მილანის ინტერმა იტალიის სუპერთასი ისტორიაში მეექვსედ მოიპოვა და 2010 წლის შემდეგ პირველად, მისმა მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ კი - მესამედ (ორჯერ ლაციოს თავკაცის პოსტზე).

ინტერი 2:1 (დ.დ.) იუვენტუსი

გოლები: 0:1 მაკკენი (25'), 1:1 მარტინესი (35'), 2:1 სანჩესი (120').

ინტერი (2-5-3): ჰანდანოვიჩი - შკრინიარი, დე ვრეი, ბასტონი - დუმფრისი (89' დარმიანი), ბარელა (89' ვიდალი), ბროზოვიჩი, ჩალჰანოღლუ, პერიშიჩი (100' დიმარკო) - ჯეკო (76' კორეა), მარტინესი (75' სანჩესი).

იუვენტუსი (4-4-1-1): პერინი - დე შილიო, რუგანი, კიელინი, ალექს სანდრო - ბერნარდესკი (79' არტური), ლოკატელი (91' ბენტანკური), რაბიო, მაკკენი - კულუშევსკი (74' დიბალა) - მორატა (88' კინი).

კომენტარები

ბოლო ამბები