Thumbnail

თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ვიქტორ სანეევის სახელი მიენიჭება

  • სეოკ-ში ვიქტორ სანეევის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა
  • საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენის სახელი ერთ-ერთ ქუჩას მიენიჭება
  • ლეგენდარულ ათლეტს 13 იანვარს, სიდნეიში დაკრძალავენ 

თბილისის საკრებულოს ინიციატივით, ვიქტორ სანეევის სახელის უკვდავსაყოფად, დედაქალაქის  ერთ-ერთ ქუჩას ლეგენდარული სპორტსმენის სახელი მიენიჭება. ამის შესახებ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ  საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში განაცხადა, სადაც სამძიმრის  წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

12 იანვარს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა სამგლოვიარო ცერემონია, რომელიც მიეძღვნა ლეგენდარული ათლეტის, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენის ვიქტორ სანეევის ხსოვნას.

ოლიმპიურ მუზეუმში მოეწყო სპეციალური ადგილი, გაიხსნა  სამძიმრის წიგნი. სეოკ-ის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ქალაქ თბილისის საკრებულოს და სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებმა, ვეტერანმა ოლიმპიელებმა, სპორტის გულშემატკივრებმა, მედიის წარმომადგენლებმა თანაგრძნობა გამოუცხადეს ვიქტორ სანეევის ოჯახის წევრებს და ახლობლებს.

ვიქტორ სანეევი 76 წლის ასაკში, ავსტრალიაში, 3 იანვარს გარდაიცვალა. ლეგენდარულ სპორტსმენს 13 იანვარს, თბილისის დროით 04:55 საათზე, სიდნეიში დაკრძალავენ.

კომენტარები

ბოლო ამბები