Thumbnail
  • დინამო ბათუმმა ახალი სეზონის წინ უკვე 6 ახალი ფეხბურთელი დაიმატა
  • ბათუმელები წლის პირველ შეკრებაზე ანტალიაში მიემგზავრებიან

საქართველოს ჩემპიონმა დინამო ბათუმმა 6 ტრანსფერი უკვე განახორციელა და ახალ სეზონს რამდენიმე სიახლით შეხვდება. დიდი შანსია, ბათუმელთა რიგებს ახალი ფეხბურთელები კიდევ დაემატონ.

აქამდე ცნობილი იყო, რომ დინამოში კარიერას გორის დილას ყოფილი შემტევი ირაკლი ბიძინაშვილი, სერბი ნახევარმცველები მილან რადინი და სტეფან დენკოვიჩი გააგრძელებდნენ. მომავალი სეზონიდან ბათუმური კლუბის ღირსებას მარტვილის მერანის ყოფილი მეკარე, 30 წლის გიორგი ბეგაშვილიც დაიცავს.

დინამოსთან კონტრაქტი გააფორმა 33 წლის გამოცდილმა ცენტრალურმა მცველმა გიორგი რეხვიაშვილმაც, რომელიც ბოლო სეზონში ქობულეთის შუქურას რიგებში თამაშობდა. აჭარულ გუნდში კიდევ ერთი მცველი, 23 წლის ლუკა ქაფიანიძე ითამაშებს, რომელმაც 2021 წლის სეზონი ქუთაისის ტორპედოში გაატარა.

ჯანო ალბათ გუნდში დარჩება

აღსანიშნავია, რომ ჯანო ანანიძესა და დინამო ბათუმს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ფეხბურთელი გია გეგუჩაძის გუნდში ვარჯიშობს და დიდი ალბათობით, ნახევარმცველი საქართველოს ჩემპიონის რიგებს გააძლიერებს.

ამასთან, დინამო ბათუმი აქტიურად ეძებს ახალ ფორვარდს. კოლუმბიელი თავდამსხმელის, რიკარდო მარკესის ვარიანტი გამოირიცხა, თუმცა, დიდია იმის შანსი, რომ ახალი ცენტრფორვარდი მაინც ლეგიონერი იქნება.

ზემოთ აღნიშნული ფეხბურთელები დინამო ბათუმთან ერთად შეკრებაზე გაემგზავრებიან, რომელსაც საქართველოს ჩემპიონი ანტალიაში გაივლის. გუნდი თურქეთში 16 იანვარს გაფრინდება და სამშობლოში 28 იანვარს დაბრუნდება. ანტალიაში ბათუმელები 3 ამხანაგურ მატჩს გამართავენ - 20 იანვარს პოლონეთის ეკსტრაკლასას ლიდერ პოზნანის ლეხს, 23 იანვარს გდანსკის ლეხიას, ხოლო 27 იანვარს კი რუდარს დაუპირისპირდებიან.

✍️ უკვე ოფიციალურად 🔵⚪️ წარმოგიდგენთ ჩვენი გუნდის ახალწვეულებს მილან რადინი 🇷🇸 სტეფან დენკოვიჩი 🇷🇸 დეტალურად 👉 https://bit.ly/FCDBtransfers

Posted by FC Dinamo Batumi on Wednesday, January 12, 2022

კომენტარები

ბოლო ამბები