Thumbnail

‘არ ვიცი, რატომ არ იცრება ნოვაკი’ - ჯოკოვიჩის დედის მოულოდნელი განცხადება

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

ნოვაკ ჯოკოვიჩის საკითხი ჯერ კიდევ არ გადაწყვეტილა. დიდი სლემის ტურნირების 20-გზის გამარჯვებული მელბურნშია და ვარჯიშობს, მაგრამ ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაში ჯერ კიდევ არ აქვს გარანტირებული.

თბილისის დროით ოთხშაბათს გამთენიისას 34 წლის ნოლემ ინსტაგრამზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რაღაც-რაღაცები განმარტა და აღნიშნა, რომ ამ თემაზე მეტ კომენტარს აღარ გააკეთებდა. ახლა კი მისი დედის, 57 წლის დიანა ჯოკოვიჩის კომენტარები გავრცელდა. მან ავსტრალიურ ტელეკომპანია Sunrise Channel 7-ს მისცა ინტერვიუ და სხვა დეტალებთან ერთად, ნოვაკის აუცრელობაზეც ისაუბრა.

ნოვაკ ჯოკოვიჩი და მისი ოჯახი

“ეს ჩვენთვის, მთელი ოჯახისთვის ურთულესი პერიოდია. ყველაზე საშინელ ფიქრებშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რამ მოხდებოდა. სასამართლო პროცესს ქმართან ერთად ვუყურე და ვეკითხებოდი, ნუთუ ეს მართლა ხდება, ფილმში ხომ არ ვართ-მეთქი. რამდენიმე დღე არ გვეძინა, ძალიან დაღლილები ვართ,” - განაცხადა ჯოკოვიჩის დედამ.

კითხვაზე, რატომ არაფერს ეუბნება ნოვაკს იმის გამო, რომ ის ჯერ კიდევ არ აცრილა, დიანა ჯოკოვიჩმა ასე უპასუხა: “ნოვაკი 34 წლისაა. შესაბამისად, მეც კი არ შემიძლია, რომ ის წნეხის ქვეშ მოვაქციო და რაიმე ვაიძულო. მას თავისი ფილოსოფია აქვს. თუ ასე ფიქრობს, OK. მე ის ვიცი, რომ ნოვაკი მსოფლიოში ყველაზე ჯანმრთელი ადამიანია. ვერ წარმოიდგენთ, რამდენად დიდ ყურადღებას უთმობს იგი თავისი ცხოვრების სტილს და საკუთარ სხეულს. მართლაც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჯანმრთელი იყოს.”

'მეც კი არ შემიძლია, რომ ნოვაკი წნეხის ქვეშ მოვაქციო და რაიმე ვაიძულო. მას თავისი ფილოსოფია აქვს'

ამის შემდეგ, ჯოკოვიჩის დედამ კიდევ უფრო დეტალურად ისაუბრა იმაზე, რომ ნოვაკი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას არ იკეთებს: “მე არ ვიცი, რატომ არ სურს აცრა. ეს მისი გადაწყვეტილებაა. აიცრას თუ არა, ასეთი გადაწყვეტილების მიღება მსოფლიოში ყველას თავისებურად შეუძლია. ეს ადამიანის უფლებაა. როცა ის ჯანმრთელია, შეუძლია ყოველდღე გაიკეთოს PCR-ტესტი და ყველა დაინახავს, რომ ჯანმრთელია. მაშინ რაშია პრობლემა?”

წინა კვირაში ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს, რადგან აცრილი არ არის. მას ე.წ. “სამედიცინო გამონაკლისის” საბუთები ჰქონდა, რაც ავსტრალიის ღია პირველობის ორგანიზატორებისგან მიიღო, თუმცა საზღვარზე ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ჯოკოვიჩი რამდენიმე დღე ემიგრანტებისთვის განკუთვნილ სასტუმროში იმყოფებოდა, ორშაბათს კი ავსტრალიის ხელისუფლებას სასამართლო მოუგო და გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ვარჯიშობს, თუმცა წლის პირველ დიდ სლემზე თამაში განაღდებული ჯერაც არ აქვს. ავსტრალიის ემიგრაციის მინისტრს უფლება აქვს, მისი ვიზის გაუქმება კიდევ ერთხელ მოითხოვოს.

“მოსამართლემ ნოვაკი გაამართლა და ჩემთვის ეს ამბავი დასრულებულია,” - დასძინა ნოლეს დედამ და დაამატა: “ვფიქრობ, დიდი უსამართლობა იქნება, თუ მისი ვიზის გაუქმებას კიდევ მოითხოვენ. მოსამართლე კელიმ დაასკვნა, რომ ნოვაკი მართალია და გაათავისუფლა. არ მესმის, როგორ უნდა მიიღოს ერთმა კაცმა ახლა სხვანაირი გადაწყვეტილება.”

კომენტარები

ბოლო ამბები