Thumbnail

მხოლოდ რუსებს ჩამორჩა - ყვითელაშვილის მე-4 ადგილი ევროპის ჩემპიონატზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა სპორტსმენმა მოკლე პროგრამაში 92.76 ქულა მიიღო
  • ტალინში კაცთა პროგრამის ფინალი 14 იანვარს გაიმართება

საქართველოს ფიგურულად მოციგურავეთა ნაკრების ლიდერმა, 26 წლის მორის ყვითელაშვილმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის მოკლე პროგრამაში მე-4 ადგილი დაიკავა და ხვალ, ფინალში იასპარეზებს.

მორის ყვითელაშვილი მოკლე პროგრამის შესრულებისას

ევროპირველობამ სტარტი დღეს ესტონეთის დედაქალაქ ტალინში აიღო და კაცთა ტურნირში 34 სპორტსმენი ჩაერთო. მორისი ყინულზე ბოლო ჯგუფში გამოჩნდა და მოკლე პროგრამისთვის 92.76 ქულა (51.12 ტექნიკური ელემენტებისთვის+41.64 პროგრამული კომპონენტებისთვის) დაიმსახურა.

ამგვარად, ქართველი სპორტსმენი მხოლოდ რუს მეტოქეებს ჩამორჩა. პირველი სამეული ანდრეი მოზალევმა (99.76), მარკ კონდრატიუკმა (99.06) და ევგენი სემენენკომ (99.04) დააკომპლექტეს. 

ევროპის ჩემპიონატზე ძალები 19 წლის ნიკა ეგაძემაც სცადა, რომელმაც მსაჯებისგან 63.60 ქულა (30.46 ტექნიკური ელემენტებისთვის+34.14 პროგრამული კომპონენტებისთვის) მიიღო და მხოლოდ 25-ე ადგილი დაიკავა.

ვინაიდან ფინალში 24 საუკეთესო გავიდა, ნიკამ ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა. არადა, მას რომ კარიერის საუკეთესო შედეგი (73.56) დაეფიქსირებინა, მოკლე პროგრამაში მე-13 იქნებოდა.

კაცთა ტურნირზე თავისუფალი პროგრამა 14 იანვარს შედგება (თბილისის დროით 20:00 საათიდან) და უკვე ცნობილია, რომ ყვითელაშვილი უძლიერეს - მე-4 ჯგუფში გამოვა. საერთო ჯამში, მორისს 21-ე ნომრად ვიხილავთ, მას კი რუსი ფიგურულად მოციგურავეების ტრიო მოჰყვება.

კომენტარები

ბოლო ამბები