Thumbnail

ლეგენდარული ქართველი მძლეოსანი ვიქტორ სანეევი ავსტრალიაში დაკრძალეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში ლეგენდარული ქართველი სპორტსმენის, ვიქტორ სანეევის დაკრძალვის ცერემონიალი გაიმართა. გამოსვენება ადგილობრივი ეკლესიიდან მოხდა, სახელოვანი ჩემპიონი უკანასკნელ გზაზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისგან გაგზავნილი სამგლოვიარო გვირგვინითაც გააცილეს.

"ვამაყობ იმით, რომ ისეთმა დიდმა სპორტსმენმა, როგორიც ვიქტორ სანეევი იყო, ავსტრალიაში მე-2 სახლი ჰპოვა. ის ჯერ კიდევ 2000 წელს სიდნეიში გამართულ ოლიმპიადაზე ქართული დელეგაციის ატაშე იყო, შემდეგ კი, მეუღლესთან ერთად, ახალი სამხრეთ უელსის ოლიმპიური კლუბის ფუნქციონირებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა. ის ძალიან დაგვაკლდება", - განაცხადა ავსტრალიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჯონ კოატესმა.


სოხუმში დაბადებულ ვიქტორ სანეევს არასოდეს უთქვამს უარი თავის სამშობლოზე და არაერთი მაცდუნებელი წინადადების მიუხედავად, ხანგრძლივი სპორტული კარიერის მანძილზე საბჭოთა კავშირის ნაკრებში საქართველოს წარმოადგენდა. დიდი სპორტიდან წასვლის შემდეგ, იგი თავის მეუღლესთან და შვილთან ერთად, უკანასკნელი 30 წლის მანძილზე ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში ცხოვრობდა და 2022 წლის 2 იანვარს, 76 წლისა, იქვე აღესრულა.

გასული საუკუნის ბოლოს მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში მან თქვა, რომ ყველაფრის მიუხედავად, დასაფლავება სამშობლოში ერჩია. საქართველომ მზადყოფნა გამოთქვა მისი ამ სურვილის აღსასრულებლად და ქვეყანამ ოჯახს ვიქტორ სანეევის ნეშტის საქართველოში ჩამოსვენება და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში სათანადო პატივით დაკრძალვა შესთავაზა. ამასთან, ოჯახს ეცნობა, რომ ქართული მხარე მზად იყო, გაეღო საამისოდ საჭირო ყველა ხარჯი.

ვიქტორ სანეევმა ოლიმპიადა სამჯერ მოიგო

ამ შეთავაზების საპასუხოდ ვიქტორ სანეევის მეუღლემ იანა ხვარწკიამ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ოლიმპიურ ჩემპიონს ლერი ხაბელოვს ელექტრონული ფოსტით გამოუგზავნა მადლიერებით აღსავსე წერილი, რომელშიც იგი წერდა:

“მე და სანდრო დიდად ვაფასებთ იმ თანაგრძნობას და მხარდაჭერას, რომელსაც ამ დღეებში საქართველოდან ვგრძნობთ. ჩვენ მადლიერი ვართ სამინისტროსი და თბილისის მერიისა, მათი მზადყოფნისათვის, დაიკრძალოს ვიქტორი პანთეონში. იყო რა ამაყი თავისი ქართველობით, ვიქტორი დიდად მადლიერი იქნებოდა მისი პიროვნებისა და დამსახურების ასეთი აღიარებით. ოჯახში განვიხილეთ თქვენი შემოთავაზება და მივიღეთ რთული გადაწყვეტილება, არ განვახორციელოთ იგი. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ჩვენი ოჯახი ახლა სიდნეიში ცხოვრობს, ამ უპრეცედენტო დროში ჩვენი საქართველოში მოგზაურობა, მით უმეტეს ჩემი ასაკის გათვალისწინებით, უფრო და უფრო გართულდება და ჩვენ არ გვექნება საშუალება, მივაკითხოთ მის საფლავს ისე ხშირად, როგორც ამას ვისურვებდით. დიდი მადლობა გაგებისათვის”.

გუშინ საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტშიც გაიმართა სამგლოვიარო ცერემონია, რომელიც ლეგენდარული ათლეტის ხსოვნას მიეძღვნა. ოლიმპიურ მუზეუმში მოეწყო სპეციალური ადგილი, გაიხსნა  სამძიმრის წიგნი. სეოკ-ის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ქალაქ თბილისის საკრებულოს და სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებმა, ვეტერანმა ოლიმპიელებმა, სპორტის გულშემატკივრებმა, მედიის წარმომადგენლებმა თანაგრძნობა გამოუცხადეს ვიქტორ სანეევის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

საქართველოს მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად აღიარებული ვიქტორ სანეევი სამხტომში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი, ევროპის მრავალგზის ჩემპიონი და მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი იყო. ის მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერეს მძლეოსნად მიიჩნევა. სანეევი იყო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენის, ვახტანგ გორგასლის I და II ხარისხის ორდენების, ღირსების ორდენის და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი.

კომენტარები

ბოლო ამბები