Thumbnail

მარცხი მარისთან - ნიკოლოზ ბასილაშვილი სიდნეის ტურნირს გამოეთიშა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 7:6 (7:4), 6:7 (3:7), 3:6 ენდი მარი
  • დღის ცენტრალური მატჩი 3 საათსა და 15 წუთს გაგრძელდა

29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 521 ათასი დოლარი) ჩაება და მერვედფინალში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ, მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგან (2016) ენდი მარისთან 7:6 (7:4), 6:7 (3:7), 3:6 წააგო.

ბასილაშვილი Sydney Tennis Classic-ზე მე-2 განთესვით წარსდგა, მაგრამ არასახარბიელო ფორმის გამო, 34 წლის შოტლანდიელთან მატჩში ფავორიტად არ მიიჩნეოდა. მართლაც, ენდიმ თამაში უფრო ყოჩაღად დაიწყო და 5:2 დაწინაურდა, თუმცა, ნიკამ თამაშში გარდატეხის შეტანა მოახერხა, ანგარიში გაათანაბრა და ტაი-ბრეიკზე 7:4 იმარჯვა.

ენდი მარიმ უმძიმეს ბრძოლაში იმარჯვა

მე-2 სეტშიც ბრეიკი პირველმა მარიმ განახორციელა, ქართველი ჩოგბურთელი 3:5 ჩამორჩა და 3 სეტ-პოინტის მოგერიებაც მოახერხა, საბოლოოდ კი, უკუ-ბრეიკის განხორციელება მაინც შესძლო. საქმე ამ შემთხვევაშიც ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ენდი 3:0 დაწინაურდა და ვინაიდან ქართველმა ჩოგბურთელმა რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა, სეტებში წონასწორობა აღდგა.

მე-3 სეტში მარიმ მოწოდება კიდევ უფრო უკეთესი გახადა, ადრეული ბრეიკი მიითვალა, 3:0 დაწინაურდა და საბოლოოდ, საქმის გამარჯვებამდე მიყვანა მოახერხა. თამაში 3 საათსა და 15 წუთს გაგრძელდა და ენდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მას დაღლა არ დატყობია. საინტერესოა ისიც, რომ შოტლანდიელს აქტიურად ქომაგობდა იან დე ვიტი, რომელიც წლების განმავლობაში ბასილაშვილის მწვრთნელი იყო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი ჩოგანი ავსტრალიის ღია პირველობისთვის ემზადება, რომელიც მელბურნში სტარტს 17 იანვარს აიღებს. როგორც დღეს გახდა ცნობილი, ბასილაშვილი ტურნირზე 21-ე ნომრად იქნება განთესილი.

კომენტარები

ბოლო ამბები