Thumbnail

'რთული ბრძოლა იქნება' - კატარის მწვრთნელმა ჭიკაძესთან ჩხუბზე ისაუბრა

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • ამერიკელი მებრძოლის მწვრთნელის თქმით, კატარი მენტალურად ძლიერია
  • შარტის აზრით, ბრძოლაში გამარჯვებული წონის მე-4 ადგილზე გადაინაცვლებს

გიგა ჭიკაძის მომავალი მეტოქის, კალვინ კატარის მწვრთნელმა და მენეჯერმა ტაისონ შარტიმ Sherdog.com-ს ინტერვიუ მისცა და ქართველ მებრძოლთან დაპირისპირებაზე (16 იანვარი) ისაუბრა.

"კალვინი მენტალურად ძლიერია. მედიაში გადააჭარბეს, როცა მაქს ჰოლოუეისთან წაგების შემდეგ მისი თვითრწმენის დაკარგვაზე საუბრობდნენ. მან საუკეთესოების დონე იგრძნო და მას შემდეგ ამ ნიშნულზე ასასვლელად მუშაობს. 14-დღიანი კემპი გავიარეთ, კალვინს გიგასთან ბრძოლისთვის მოსამზადებლად დიდი დრო ჰქონდა. ამ პერიოდში მან მნიშვნელოვანი ფიზიკური და მენტალური პროგრესი განიცადა," - განაცხადა შარტიმ.

მან სხვა დეტალებზეც გაამახვილა ყურადღება: "დიახ, კალვინის სპარინგპარტნიორი ჭიკაძესთან ბრძოლის წინ როს ლევინი იყო. ის გიგაზე მძიმეა, თუმცა იგივე სიმაღლე აქვს და რიჩიც, დაახლოებით, მსგავსი სიგრძის აქვს. ლევინს ჭიკაძის მსგავსი ბექგრაუნდი აქვს, კიკბოქსინგში მსოფლიოს ჩემპიონი რამდენჯერმე გახდა. თუმცა, გიგას სტილის მიბაძვა ძალიან რთულია - ქართველს განსაკუთრებული ტექნიკა და უნარები აქვს. სპარინგპარტნიორი ჩხუბისთვის მომზადებაში გეხმარება, მაგრამ ოქტაგონზე გასვლის შემდეგ, როცა ნამდვილ მოწინააღმდეგეს ხვდები, ყველაფერი სხვანაირადაა. მაგრამ გიგას ბექგრაუნდის მქონე სპარინგპარტნიორის ყოლა კალივნისთვის ბრძოლის წინ მნიშვნელოვანი უპირატესობაა.

'გიგას სტილის მიბაძვა ძალიან რთულია - ქართველს განსაკუთრებული ტექნიკა და უნარები აქვს'

ჯერ ჩემპიონობაზე არ ვფიქრობთ, წინა ჰაიპში მყოფი მებრძოლი გველოდება, რომელსაც UFC-ში არ წაუგია. ძალიან რთული გამოცდა გველის. მიმაჩნია, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვებული მინიმუმ რეიტინგის მე-4 პოზიციაზე გადავა," - დასძინა ჭიკაძის მეტოქის მწვრთნელმა.

UFC-ის ნახევრადმსუბუქი (featherweight) წონის რეიტინგის მერვეადგილოსანი გიგა ჭიკაძე მე-5 ნომერ კალვინ კატარს თბილისის დროით 16 იანვარს დაუპირისპირდება. ამერიკელის დამარცხების შემთხვევაში ქართველი მებრძოლი წონის ჩემპიონობის პრეტენდენტი გახდება.

კომენტარები

ბოლო ამბები