Thumbnail

ავსტრალიური ტელეკომპანია Channel 7-ის წამყვანებმა ნოვაკ ჯოკოვიჩს შეურაცხყოფა მიაყენეს და ეს ყველამ ნახა!

გადაცემის მოდერატორები მაიკ ემორი და რებეკა მედერნი ფიქრობდნენ, რომ პირდაპირ ეთერში აღარ იყვნენ და ერთი წუთის განმავლობაში ჯოკოვიჩზე გულახდილად ისაუბრეს - თქვეს ყველაფერი, რასაც მასზე ფიქრობენ. სხვადასხვა სალანძღავ სიტყვებთან ერთად, მათ სერბ ჩოგბურთელს რამდენჯერმე უწოდეს “Lying a**hole” (მატყუარა ტ**კი).

“ნოვაკ ჯოკოვიჩი მატყუარა, ვერაგი ტ**კია!” - თქვა ერთმა წამყვანმა და მეორე იმწამსვე დაეთანხმა, იმავე სიტყვებით. მათ ისიც თქვეს, რომ იმედგაცრუებულები არიან, სერბ ჩოგბურთელს ბევრი ადამიანი რომ უჭერს მხარს - მიუხედავად იმისა, რომ აცრილი არ არის, ავსტრალიაში გამგზავრების წინ საბუთები არასწორად შეავსო და მისი PCR-ტესტის თარიღის შესახებაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია.

“არა მგონია, რომ ეს დაწყევლილი ვირუსი ჰქონდა. მას სისულელე ჰქონდა... ეს გულის ამრევი თავის გამართლება იყო და ახლა თავისივე ტყუილებზე ვიჭერთ. ზუსტად ეს მოხდა, ასე არ არის?” - ამბობს გაბრაზებული მაიკ ემორი.

რებეკა მედერნი კი დასძენს: “...და მერე ფორმულარში ისიც ჩაწერა, რომ ესპანეთში არ ყოფილა…”


შეგახსენებთ, რომ წინა კვირაში ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს, რადგან აცრილი არ არის. მას ე.წ. “სამედიცინო გამონაკლისის” საბუთები ჰქონდა, რაც ავსტრალიის ღია პირველობის ორგანიზატორებისგან მიიღო, თუმცა საზღვარზე ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ჯოკოვიჩი რამდენიმე დღე ემიგრანტებისთვის განკუთვნილ სასტუმროში იმყოფებოდა, ორშაბათს კი ავსტრალიის ხელისუფლებას სასამართლო მოუგო და გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ვარჯიშობს, თუმცა წლის პირველ დიდ სლემზე თამაში განაღდებული ჯერაც არ აქვს. ავსტრალიის ემიგრაციის მინისტრს უფლება აქვს, მისი ვიზის გაუქმება კიდევ ერთხელ მოითხოვოს. 

ამასობაში, გამოცემა “შპიგელმა” ეჭვი შეიტანა მისი კოვიდ-ტესტის თარიღშიც. გერმანელები წერენ, რომ PCR-ტესტის პასუხი მან არა 16 დეკემბერს, არამედ 26 დეკემბერს მიიღო. თუ ეს ამბავი დადასტურდა, ჯოკოვიჩის საქმე კიდევ უფრო გართულდება.

კომენტარები

ბოლო ამბები