Thumbnail

'დასაჯოს გრძელი ენისთვის' - რუსული მედია იანი-დვალიშვილის ჩხუბზე

მსუბუქ წონაში (bantamweight) UFC-ის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლის ჩატარების საკითხი გაურკვეველია. ალჯამეინ სტერლინგისა და პიოტრ იანის მორიგი დაპირისპირება, სავარაუდოდ, აპრილში უნდა გაიმართოს, თუმცა არ არის გამორიცხული, ამერიკელმა ჩემპიონმა რუსთან მატჩრევანშის ჩატარებაზე უარი ტრავმის ან სხვა მიზეზით ისევ თქვას. თავის მხრივ, UFC-იც სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს.

სწორედ ამ მიზეზით, რუსული მედია პიოტრ იანისთვის შესაძლო მეტოქეებს არჩევს და კანდიდატებს შორის მერაბ დვალიშვილსაც ასახელებს. შეგახსენებთ, რომ მერაბს, რომელიც ალჯამეინ სტერლინგთან მეგობრობს, პიოტრ იანთან არცთუ კარგი ურთიერთობა აქვს, რაც ძირითადად სოციალურ ქსელში კომენტარებით გამოიხატებოდა.

"რა მოხდება, თუკი სტერლინგი კვლავაც უარს იტყვის იანთან ბრძოლაზე" - ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას sovsport, სადაც მერაბ დვალიშვილზე წერს:

"მერაბ დვალიშვილი მებრძოლია, რომელიც გულშემატკივრობს სტერლინგს და ღიად ბევრ სისულელეს ამბობს. მასთან დაპირისპირებას თავისი ისტორია აქვს. მერაბს შანსი ფაქტობრივად არ აქვს, მაგრამ პიოტრს სრული უფლება აქვს, დასაჯოს ის გრძელი ენისთვის და საკითხი ამოწუროს". 

მერაბმა UFC-ში ბოლოს ბრაზილიელ მერლონ მორაეშს მოუგო

28 წლის პიოტრ იანმა UFC-ის ჩემპიონის ქამარი ბენჯამეინ სტერლინგთან 2021 წლის მარტში, აკრძალული ილეთის გამოყენების გამო დათმო. რუს მებრძოლს მატჩრევანშის ჩატარება დიდი ხანია სწყურია. ბოლო ინფორმაციით, იანისა და სტერლინგის დაპირისპირება 9 აპრილს, ნიუ იორკში, ტურნირში UFC 273 უნდა გაიმართოს. 

31 წლის მერაბ დვალიშვილი UFC-ში 2017 წლიდან გამოდის და უკვე 9 ორთაბრძოლას ითვლის, საიდანაც ბოლო 7-ში გამარჯვება იზეიმა. ქართველი მებრძოლი მსუბუქი წონის რეიტინგში ამჟამად მე-6 ადგილს იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები