Thumbnail
  • ნოვაკ ჯოკოვიჩმა ინსტაგრამზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა
  • სერბი დეტალებს განმარტავს და შეცდომასაც აღიარებს
  • ნოლეს იმედი აქვს, რომ ავსტრალიის ღია პირველობაზე ითამაშებს

თუ კიდევ რამე არ შეიცვალა, ნოვაკ ჯოკოვიჩის საკითხი დღეს საბოლოოდ უნდა გადაწყდეს. როგორც იცით, 34 წლის ნოლემ, რომელიც აცრილი არ არის, ორშაბათს მელბურნში ავსტრალიის ხელისუფლების წინააღმდეგ გამართული სასამართლო მოიგო და მას ქვეყანაში დარჩენის უფლება მისცეს, თუმცა ახლა ყველა ავსტრალიის ემიგრაციის მინისტრის გადაწყვეტილებას ელის, რომელსაც სერბი ჩოგბურთელისთვის ვიზის გაუქმების მოთხოვნა შეუძლია.

გადამწყვეტი დღის წინ ჯოკოვიჩმა ინსტაგრამზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა და მის გარშემო ატეხილ სკანდალთან დაკავშირებით პირველი სრულფასოვანი კომენტარი გააკეთა. ნოლე შეეცადა, დეკემბრის მოვლენები აეხსნა - როგორც იცით, კითხვის ნიშნები გაჩნდა მის კოვიდ-ტესტთან დაკავშირებით.

ჯოკოვიჩი წერს, რომ მის აქტივობებთან დაკავშირებით არასწორი ცნობები ვრცელდება და სურს, რომ ყველა ყველაფერში გაარკვიოს. მისი თქმით, “იგი ყოველთვის ძალიან ზრუნავდა და ზრუნავს ნებისმიერი ადამიანის უსაფრთხოებაზე, იცავდა და იცავს ყველა რეგულაციას.” 

'კარგად დაფიქრების შემდეგ მივხვდი, რომ შეცდომა დავუშვი და ვაღიარებ, რომ ეს უნდა უნდა გადამედო'

ჯოკოვიჩი წერს: “14 დეკემბერს, ბელგრადში კალათბურთის თამაშზე ვიყავი.” ნოლეს თქმით, ბავშვებთან შეხვედრის წინა დღეს მან ანტიგენის ტესტი გაიკეთა, რომლის პასუხი უარყოფითი იყო, თუმცა დაზღვევის მიზნით, PCR-ტესტიც ჩაიტარა. ჯოკოვიჩი: “სიმპტომები არ მქონდა და თავს კარგად ვგრძნობდი. PCR-ტესტის დადებითი პასუხი კი მხოლოდ ამ ღონისძიების შემდეგ მივიღე.”

დიდი სლემის ტურნირების 20-გზის გამარჯვებული ასევე წერს, რომ მომდევნო დღეს მან ფრანგულ გამოცემა L'Equipe-ს დიდი ხნის წინ შეთანხმებული ინტერვიუ მისცა. “მიუხედავად იმისა, რომ ინტერვიუს შემდეგ სახლში ვიყავი და დადგენილი წესების მიხედვით იზოლაციაში გადავედი, კარგად დაფიქრების შემდეგ მივხვდი, რომ შეცდომა დავუშვი და ვაღიარებ, რომ ეს ვალდებულება უნდა გადამედო.”

ჯოკოვიჩს ინტერვიუს დროს პირბადე არ მოუხსნია, თუმცა ფოტოსესიის დროს ეს მაინც გააკეთა. ამ განცხადებით “ნოლე” აღიარებს, რომ ღონისძიებაზე კორონავირუსის დადასტურების შემდეგ წავიდა.

ჯოკოვიჩი ავსტრალიის ცენტრალურ კორტზე ვარჯიშობს და იმედი აქვს, რომ წლის პირველ დიდ სლემზე ითამაშებს

ჯოკოვიჩმა თავის პოსტში იმ ფორმულარზეც ისაუბრა, რომელიც ავსტრალიაში გამგზავრების წინ შეავსო. სერბმა იქ ჩაწერა, რომ ბოლო 14 დღეში სერბეთის გარდა არცერთ ქვეყანაში არ იყო ნამყოფი, რაც არასწორია. ნოლე აცხადებს, რომ ეს “ადამიანური შეცდომა” იყო. “ცხადია, ეს განგებ არ გამიკეთებია, მექანიკური, ადამიანური შეცდომა იყო.”

სერბის თქმით, მისმა ადვოკატებმა და მისი გუნდის წევრებმა ავსტრალიურ უწყებებს ყველა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტი გადასცეს. “ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ყველაფერზე მესაუბრა. ავსტრალიისა და მისი ხელისუფლების პატივისცემის ნიშნად, ამ ამბებზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ,” - დასძენს ჯოკოვიჩი.

შეგახსენებთ, რომ წინა კვირაში ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს, რადგან აცრილი არ არის. მას ე.წ. “სამედიცინო გამონაკლისის” საბუთები ჰქონდა, რაც ავსტრალიის ღია პირველობის ორგანიზატორებისგან მიიღო, თუმცა საზღვარზე ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ჯოკოვიჩი რამდენიმე დღე ემიგრანტებისთვის განკუთვნილ სასტუმროში იმყოფებოდა, ორშაბათს კი ავსტრალიის ხელისუფლებას სასამართლო მოუგო და გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ვარჯიშობს, თუმცა წლის პირველ დიდ სლემზე თამაში განაღდებული ჯერაც არ აქვს. ავსტრალიის ემიგრაციის მინისტრს უფლება აქვს, მისი ვიზის გაუქმება კიდევ ერთხელ მოითხოვოს. 

ამასობაში, გამოცემა “შპიგელმა” ეჭვი შეიტანა მისი კოვიდ-ტესტის თარიღშიც. გერმანელები წერენ, რომ PCR-ტესტის პასუხი მან არა 16 დეკემბერს, არამედ 26 დეკემბერს მიიღო. თუ ეს ამბავი დადასტურდა, ჯოკოვიჩის საქმე კიდევ უფრო გართულდება.

კომენტარები

ბოლო ამბები