Thumbnail

‘პატარა, მსუქანი კაცია’ - ედენ აზარს ბელგიაშიც ყველა დასცინის

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ედენ აზარს ისევ მკაცრად აკრიტიკებენ
  • ბელგიელის შესახებ ამჯერად პოლიტიკოსმა ისაუბრა

ედენ აზარი მადრიდის რეალში წარუმატებელი ამბავია და წარმატებული ალბათ აღარც იქნება.

ბელგიელმა, რომელიც “სამეფო კლუბში” 2019 წელს სუპერვარსკვლავის რანგში, 115 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, “სანტიაგო ბერნაბეუზე” მოლოდინი ოდნავადაც ვერ გაამართლა. ამასთან, შემტევ ნახევარმცველს მუდმივად ჭარბი წონის გამო აკრიტიკებენ. ახლა აზარის შესახებ კრიტიკულად მის სამშობლოში ისაუბრეს.

“ყველა მას დასცინის. ის მართლაც პატარა მსუქანი კაცია, - განაცხადა ყოფილმა ძიუდოისტმა და ამჟამინდელმა პოლიტიკოსმა ჟან-მარი დედეკერმა ბელგიურ გაზეთ Krant van West-Vlaanderen-თან ინტერვიუში, - ძალიან კარგად მახსოვს, როგორ გაიქცა, როცა ბელგიის ნაკრების მწვრთნელმა ჟორჟ ლეეკენსმა შეცვალა. გაიქცა და სტადიონთან ახლოს ბურგერებს ჭამდა.”

ქალაქ მიდელკერკეს მერმა ამით 2011 წელს მომხდარი ამბავი გაიხსენა. მაშინ აზარი თურქეთთან მატჩის დროს შეცვალეს, რის შემდეგაც სტადიონი დატოვა და სწრაფი კვების ობიექტს მიაშურა, რის გამოც მწვრთნელმა ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა აზარს ცუდი ფიზიკური ფორმისა და ჭარბი წონის გამო აკრიტიკებენ. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რეალში გადავიდა, 31 წლის შემტევი ნახევარმცველი ტრავმებს და ჭარბ წონას ებრძვის. ორ წელიწადში აზარმა რეალის ფორმით მხოლოდ 59 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ დედეკერმა მთელი ბელგიის ნაკრებიც გააკრიტიკა. 69 წლის პოლიტიკოსის აზრით, ბელგიელთა ოქროს თაობა უკვე ასაკშია. იგი არ ფიქრობს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბელგიის ნაკრებისგან წარმატებებს უნდა ველოდოთ: “ჩვენი ნაკრები კატარში წარმატებას ვერ მიაღწევს. რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი უკვე კარიერის პიკს გადასცდა. კევინ დე ბრუინს, რომელუ ლუკაკუს და დრის მერტენსს გაცილებით მეტი მოეთხოვებათ - ისინი ნაკრებში სათადარიგო ფეხბურთელებივით გამოიყურებიან. მოკლედ, ეს თაობა ბერდება. იმედი მაქვს, ვცდები, მაგრამ არა მგონია, ვცდებოდე.”

კომენტარები

ბოლო ამბები