Thumbnail
  • ნოვაკ ჯოკოვიჩის სკანდალში ახალი პრობლემა გაჩნდა
  • ავსტრალიის მთავრობა იკვლევს, იცრუა თუ არა ნოლემ
  • ყველა ემიგრაციის მინისტრის გადაწყვეტილებას ელოდება

მელბურნში ნოვაკ ჯოკოვიჩის გამო ისევ ძალიან დაძაბული სიტუაციაა. თრილერი გრძელდება, საბოლოო გადაწყვეტილება კი ჯერჯერობით არ ჩანს.

მთავარი კითხვა ასე ჟღერს: მისცემენ 34 წლის ნოლეს მომავალი ორშაბათიდან ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაშის უფლებას, თუ არა? ავსტრალიის ემიგრაციის მინისტრს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, აპირებს თუ არა ვეტოს უფლების გამოყენებას და ჯოკოვიჩისთვის ვიზის გაუქმების კიდევ ერთხელ მოთხოვნას. სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, მინისტრი გადაწყვეტილებას ოთხშაბათს მიიღებს. მიზეზი, რის გამოც ეს ამბავი ოთხშაბათამდე გადაიდო, ის არის, რომ იკვლევენ იმ ფორმულარს, რომელიც ნოვაკმა მელბურნში გაფრენამდე შეავსო. 

შევსებულ დოკუმენტში ერთი კითხვა ასეთია: იმოგზაურეთ, ან აპირებთ თუ არა მოგზაურობას სხვა ქვეყანაში ავსტრალიაში ჩასვლამდე ბოლო 14 დღეში? ჯოკოვიჩმა ამ კითხვაზე უარყოფითი პასუხი გასცა, რაც შეცდომაა!

ბოლო დღეებში ბევრი მედია იტყობინებოდა, რომ დიდი სლემის ტურნირების 20-გზის გამარჯვებული მარბელიაში ვარჯიშობდა. არადა, მელბურნში არა ესპანეთიდან, არამედ ბელგრადიდან გაფრინდა. სწორედ ამ ერთი არასწორი პასუხის გამო, ნოლეს ახალი პრობლემა აქვს და ამ პრობლემამ მის მდგომარეობაზე შესაძლოა გადამწყვეტი გავლენა იქონიოს.

ფაქტია, რომ ესპანეთში ვარჯიშს არც მალავდა. შესაბამისად, ვერავინ დააბრალებს, რომ დოკუმენტის შევსებისას მარბელიაში ჩასვლის ამბავი განგებ დამალა. თუმცა, არასწორი პასუხი პრობლემაა.

აუცრელი ნოლესთვის ასევე პრობლემაა მისი ბოლო კოვიდ-ტესტის თარიღიც. ზოგადად, ჯოკოვიჩის გამონაკლისი იმას ეფუძნება, რომ ნოლეს კოვიდ-ტესტის მეორე დადებითი პასუხი 16 დეკემბერს ჰქონდა მიღებული. თუმცა გავრცელდა ფოტოები, რომელთა გამოც ხსენებული ტესტის თარიღი და სისწორე კითხვის ნიშნის ქვეშაა. იმ დღეს, როცა ტესტის დადებითი პასუხი მიიღო, ჯოკოვიჩი სერბეთის ფოსტის ღონისძიებაზე იმყოფებოდა და ადამიანებთან პირბადის გარეშე ახლო კონტაქტი ჰქონდა. 18 დეკემბერს კი, კორონავირუსის დადასტურებიდან ორი დღის შემდეგ, ფრანგული გამოცემა L'Équipe-ის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. ასევე პირბადის გარეშე. ორი ვარიანტია: ან ინფიცირებული ჯოკოვიჩი შეხვედრებს მართავდა, ან მისთვის კორონავირუსის დადასტურების თარიღი სიმართლეს არ შეესაბამება…

ამჟამად ნოვაკ ჯოკოვიჩი ვარჯიშობს და ცდილობს, ფორმა აღიდგინოს მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღე ემიგრანტებისთვის განკუთვნილ სასტუმროში გაატარა. როგორც იცით, ნოლემ ორშაბათს მელბურნში სასამართლო მოიგო და მას ვიზა არ გაუუქმეს.

მეშვიდე დღეა, რაც ჯოკოვიჩის დრამა გრძელდება. ახლა ყველა ავსტრალიის ემიგრაციის მინისტრის გადაწყვეტილებას ელოდება…

კომენტარები

ბოლო ამბები