Thumbnail
  • ავტორიტეტულმა გერმანულმა პორტალმა ზაფხულისთვის სატრანსფერო ფასები განაახლა
  • მოსკოვის ლოკომოტივის ქართველი მცველის პირობითმა ფასმა 8 მილიონ ევროს მიაღწია
  • საქართველოს ეროვნული ნაკრების უძვირფასესი მოთამაშეების ტოპ-ათეული 

ავტორიტეტულმა გერმანულმა პორტალმა transfermarkt-მა ზაფხულის დადგომასთან ერთად ფეხბურთელთა პირობით სატრანსფერო ფასებში კორექტივები შეიტანა და ცვლილება საქართველოს ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელის ფასსაც შეეხო. 

გამოსარჩევი საბა კვირკველიას ფასის ზრდაა. მოსკოვის ლოკომოტივის 26 წლის ცენტრალური მცველი, რომელიც პორტალზე ბოლო დრომდე 5,8 მილიონ ევროდ იყო შეფასებული, რუსეთის ჩემპიონობის შემდეგ 2,2 მილიონით გაძვირდა და 6 ივნისიდან მის გრაფაში უკვე 8 მილიონი ევროა (!) მითითებული.

საბაზე მაღალი ფასი transfermarkt-ზე აქამდე ქართველი ფეხბურთელებიდან მხოლოდ კახა კალაძეს ჰქონია. 2008 წელს მილანის მცველს პორტალი 8,5 მილიონად აფასებდა, რაც ქართველ ფეხბურთელებში რეკორდია.

რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ნაკრების ამჟამინდელი მოთამაშეთა ფასებს, კვერკველიას შემდეგ ყველაზე ძვირად ბელგიური გენტის 18 წლის შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ფასობს - 3 მლნ ევრო. 

გენტის 18 წლის შემტევი უძვირფასეს ქართველებში მეორეა
ფოტოები: სფფ-ს ფეისბუქის გვერდიდან

გრაფაში კვლავაც 2,5 მლნ ევრო უწერიათ გურამ კაშიასა (ვიტესი) და ვაკო ყაზაიშვილს (სან ხოსე). 300 ათასი ევროთი გაუფასურდა და ამჟამად 2 მლნ ღირს ტრავმირებული ჯანო ანანიძე (მოსკოვის სპარტაკი). 1 800 000 ევროა უკრაინის ჩემპიონისა და თასის მფლობელის დავით ხოჭოლავას პირობითი სატრანსეფრო ფასი.

1 მლნ ევროდ ფასობენ ჯაბა კანკავა (ტობოლი), ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი), გიორგი ჭანტურია (ურალი), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი) და ჯიმი ტაბიძე (უფა). ეს უკანასკნელი ამ ზაფხულს 200 ათასი ევროთი გაძვირდა.

აპრილის ბოლოდან 900 ათას ევრომდეა გაძვირებული ვაკო გვილიას (ლუცერნი) ფასი, რომელიც შარშან შემოდგომით 500 ათასი ღირდა.

ბოლო პერიოდში ფასი ასევე მომატებული აქვთ გიორგი პაპუნაშვილსა (სარაგოსა) და საბა ლობჟანიძეს (რანდერსი). პაპუნაშვილის ფასი 300-ით, ხოლო ლობჟანიძის 200-ით გაიზარდა და ამჟამად 800 000 ევროს შეადგენს.

საქართველოს ნაკრების უძვირფასესი მოთამაშეების ტოპ-ათეული

1. საბა კვერკელია 8 მილიონი ევრო ▲

2. გიორგი ჩაკვეტაძე 3 მლნ

3. გურამ კაშია 2,5 მლნ

4. ვაკო ყაზაიშვილი 2,5 მლნ

5. ჯანო ანანიძე 2 მლნ ▼

6 დავით ხოჭოლავა 1,8 მლნ ▲

7. ჯაბა კანკავა 1 მლნ ▼

8. გიორგი ჭანტურია 1 მლნ ▼

9. ოთარ კაკაბაძე 1 მლნ

10. ჯიმი ტაბიძე 1 მლნ ▲

საქართველოს ყველა დროის უძვირფასესი მოთამაშეების ტოპ-ათეული

1. კახა კალაძე 8,5 მლნ

2. საბა კვერკველია 8 მლნ

3. ლევან კობიაშვილი 7,5 მლნ

4. შოთა არველაძე 6 მლნ

5. გურამ კაშია 5 მლნ

6. მალხაზ ასათიანი 4,7 მლნ

7. ჯაბა კანკავა 4 მლნ

8. ჯანო ანანიძე 4 მლნ

9. დავით კვირკველია 3,7 მლნ

10. გიორგი ქინქლაძე 3,5 მლნ.

კომენტარები

ბოლო ამბები