Thumbnail

პრობლემა სახელად საქართველო - ევროპის ჩემპიონატი ხომ არ ჩაგვეტარებინა?

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • the1014.com-ის ჯორჯ ვუდი რაგბიში ევროპის ჩემპიონატის დამკვიდრებას გვთავაზობს.
  • ევროპის ჩემპიონატი ყოველ 4 წელიწადში ერთხელ გაიმართება.
  • მასში 12 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.

the1014.com-მა გამოაქვეყნა ჯორჯ ვუდის სტატია სათაურით: "პრობლემა სახელად საქართველო - ევროპის ჩემპიონატი ხომ არ ჩაგვეტარებინა?"

სტატიაში ავტორი, რომელიც ლონდონელი სტატისტიკოს-ანალიტიკოსია, საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ევროპულ ელიტაში მოსახვედრად ახალ გზას გვთავაზობს. სინამდვილეში ეს გზა კარგად დავიწყებული ძველია, თუმცა მოვუსმინოთ თავად ავტორს:

"ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძალიან ბევრს საუბრობენ, თუ როგორ ჩაერთოს საქართველოს ნაკრები პირველი დონის სარაგბო ქვეყნების ფერხულში. 

ნოემბრის ტესტებზე საქართველო უელსთან მხოლოდ 6:13 დამარცხდა

ყველაზე ხშირად განიხილავენ გუნდის ექვს ერში ან დამატებას ან ამ ტურნირში გავარდნა/აღზევების დამკვიდრებას. სამწუხაროდ, არც ერთი ვარიანტი არ არის ისეთი, როგორიც ყველა მხარეს დააკმაყოფილებს.

ჩემი შეთავაზებაა, დაწესდეს ევროპის ჩემპიონატი, რომელიც ყოველ 4 წელიწადში ერთხელ გაიმართება, მსოფლიოს ჩემპიონატებს შორის პერიოდში. აი, როგორ "იმუშავებს" ეს...

ვინ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე და როგორი იქნება ფორმატი

ევროპაში ახლა მაღალი დონის რაგბის 6 ერის ქვეყნები, საქართველო და რუმინეთი თამაშობენ. რუმინეთი? ჩვენ ხომ მხოლოდ საქართველოზე ვლაკაპრაკობდით? აი, სწორედ ამის გამო ექვსი ერის გაფართოებას აზრი ეკარგება. ახლა საქართველო, მერე რუმინეთი... სადამდე?

ამ დროს რაგბი ევროპის ჩემპიონატში (იგივე მეორე ექვსი ერი) ჩემპიონი რუმინეთია და არა საქართველო. მათ ანგარიშზეა სამოელთა სკალპი ნოემბრის ტესტებზე. რეალობა კი ასეთია: მხოლოდ საქართველოსა და რუმინეთში არ ვითარდება რაგბი.

გასული სეზონის კოპა დელ რეის სარაგბო ფინალს ესპანეთში 25 ათასი ადამიანი დაესწრო; ევროპის ჩელენჯ კაპზე რუსულმა კრასნი იარმა ფრანგული სტად ფრანსე დაამარცხა. ამასთან, წლეულს რუსეთმაც და ესპანეთმაც შეძლეს მსოფლიოს თასზე გასული ნამიბიის დამარცხება. 

ევროპაში რაგბი ძალიან სწრაფად ვითარდება და საჭიროა შეიქმნას სისტემა, რომელიც ამ განვითარების უზრუნველყოფს.

გაფართოება უდრის დევალვაციას

ექვსი ერის გაფართოება ამჟამინდელ პროდუქტს "გააფუჭებს". სჯობს სულ სხვა ტურნირი შეიქმნას, რომელშიც საქართველოს დარ გუნდებს დიდ ნაკრებებთან ჭიდილის შანსი მიეცემათ. ეს ტურნირი კი იქნება კონტინენტზე რაგბის განვითარების გარანტი წლების განმავლობაში.
გთავაზობთ:

12 ქვეყანას (6 ერს პლუს რაგბი ევროპის ჩემპიონატი).

4 ჯგუფად, თითოეულ ჯგუფში 3-3 გუნდი.

ჯგუფის გამარჯვებული გადის ნახევარფინალში, მეორეადგილოსნები გაითამაშებენ სინს, ბოლოადგილოსნები ფიალას.

ჯგუფები ახლანდელი რეიტინგით ასე შეიძლება გამოიყურებოდეს

ჯგუფი 1: ინგლისი, საფრანგეთი, რუსეთი

ჯგუფი 2: ირლანდია, იტალია, ესპანეთი

ჯგუფი 3: შოტლანდია, საქართველო, გერმანია

ჯგუფი 4: უელსი, რუმინეთი, ბელგია

მოთამაშეთა კეთილდღეობა 
ყოველ ნაკრებს 4 მატჩის გამართვა მოუწევს. მაგალითად, ამ სქემით საქართველო შეხვდება შოტლანდიას და გერმანიას ჯგუფში. შემდეგ ნახევარფინალში სავარაუდოდ იტალიას და ბოლოს რუმინეთს. 

სულ 4 თამაში, ეს ზაფხულის ტურის ეკვივალენტურია და მოთამაშეებს მძიმედ არ დააწვებათ. 

ყველაზე დიდი ნაკლი ისაა, რომ 6 ერის ქვეყნები რაგბი ევროპის შედარებით სუსტ ქვეყნებს ყოველგვარი ძალდატანების გარეშე მოუგებენ, თუმცა იმედია, რომ წლების მერე გერმანია და ბელგიაც შედარებით მაღალ დონეზე ითამაშებენ. რაგბი ოლიმპიური სახეობა გახდა, მისდამი ევროპაში ინტერესი გაიზარდა, ასე რომ, ამ ქვეყნებს პროგრესი აუცილებლად ექნებათ. 

ბოლო მსოფლიოს თასზე ლელო ზელანდიასაც დავუდეთ

როდის და სად უნდა ჩატარდეს ევროპის ჩემპიონატი

ყველაზე კარგი გამოსავალია, ის არ დაემთხვეს მსოფლიოს თასებს და მათ შორის ჩატარდეს. ასე რომ, ევროპის ჩემპიონატი შესაძლოა, 2021 წელს გაიმართოს, მსოფლიოს თასიდან 2 წელიწადში. შემდეგ კი ყოველ 4 წელიწადში ერთხელ გაიმართოს. ისე, როგორც ეს ფეხბურთშია.

რაგბის მოყვარულებსაც ექნებათ მაღალი დონის ევროპული ტურნირი. ასე რაგბი მასობრივი სპორტის სახეობა გახდება ევროპაში.

როგორ ჩაჯდება ახალი ტურინირი სარაგბო კალენდარში

რაგბის კალენდარი საკმაოდ გადატვირთულია, ამიტომ ეს კითხვა ყველაზე მნიშვნელოვანია. 

ორ გამოსავალს გთავაზობთ და ერთ-ერთზე შეჯერება შეიძლება. ოთხ წელიწადში ერთხელ ევროპის ჩემპიონატმა ან ზაფხულის ტური უნდა ჩაანაცვლოს, ან თავად ექვსი ერის გათამაშება.

თავად პირველი ვარიანტი უფრო მომწონს, მაგრამ 2021 წელს ის "ლომების" ტურნეს ემთხვევა. ეს კი ისეთი ღონისძიებაა, რომელიც ყველა ვარიანტში უნდა შენარჩუნდეს. გამოსავალი აქაც არის, "ლომების" ტურნე ერთი წლით ადრე - 2020 წელს ჩატარდეს. 

თუ მაინც ეს ყველაფერი შეუძლებელია, მაშინ, ყოველ 4 წელიწადში ერთხელ თებერვალში არ გაიმართოს არც ექვსი ერის გათამაშება და არც რაგბი ევროპის ტურნირი. ამ ვარიანტს ნაკლი აქვს, რადგან ექვსი ერის გათამაშება ყოველმხრივ წარმატებული პროდუქტია. 

სად შეიძლება ევროპის ჩემპიონატის ჩატარება?

პირველი კანდიდატი ირლანდიაა, რომელმაც ახლახან ვერ მოიპოვა მსოფლიოს თასის მასპინძლობის უფლება. დარწმუნებული ვარ, რომ ირლანდიელები ბრწყინვალედ გაართმევენ თავს ამ ტურნირს, ისევე, როგორც ამას შეძლებდნენ 2023 წლის მსოფლიოს თასის მასპინძლობის უფლება რომ მიეცათ.

ამის შემდეგ ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე ისეთი ქვეყნები გამოთქვამენ სურვილს, რომელთაც მსოფლიოს თასის მასპინძლობა არ უწევთ და არც ძალუძთ.

დასკვნა

დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის ჩემპიონატი წარმატებული ტურნირი იქნება. ევროპის წარმატებულ ქვეყნებში გერმანიაში, რუსეთში და ესპანეთში რაგბი პოპულარული გახდება". 

კომენტარები

ბოლო ამბები