Thumbnail

პრესკონფერენციაზე კრიტიკულ კითხვებსაც პასუხობენ ხოლმე, მაგრამ ნოვაკ ჯოკოვიჩის ოჯახის წევრებმა თავიანთი პრესკონფერენცია სწორედ მაშინ დაასრულეს, როცა ჟურნალისტებმა კრიტიკული კითხვების დასმა დაიწყეს... თავიდან მიყვეთ:

ნოვაკ ჯოკოვიჩი სასამართლომ გაამართლა და კარანტინ-სასტუმროდან გაათავისუფლეს, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაშის უფლებას მისცემენ. შესაძლებელია, რომ ავსტრალიის ხელისუფლებამ მისი ვიზის გაუქმება ისევ მოითხოვოს. გათავისუფლების შემდეგ დიდი სლემის ტურნირების 20-გზის გამარჯვებულმა ოჯახის წევრებთან ერთად მელბურნში პრესკონფერენცია გამართა. როგორც იცით, აუცრელ ჯოკოვიჩს გამონაკლისის სახით ავსტრალიაში შესვლის უფლება ჰქონდა, თუმცა ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ის ემიგრანტებისთვის განკუთვნილ სასტუმროში გადაიყვანეს. თბილისის დროით ორშაბათს გამთენიისას, ადგილობრივმა სასამართლომ ნოლე გაამართლა და გაათავისუფლა. თუმცა, ეს ჯერაც არ არის იმის გარანტია, რომ ნოლე წლის პირველ დიდ სლემზე (17 იანვარს იწყება) ითამაშებს. ავსტრალიის ემიგრაციის მინისტრს უფლება აქვს, ჯოკოვიჩის ვიზის გაუქმება ისევ მოითხოვოს.

ნოვაკ ჯოკოვიჩის ოჯახის პრესკონფერენცია

ჯოკოვიჩის მამა: "მადლობა ყველას, ვინც გვიყურებს. ჩვენი ნოვაკის გამარჯვებას ვზეიმობთ. საბოლოოდ, სამართალმა და კანონმა გაიმარჯვა."

ჯოკოვიჩის ძმა: "ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. გვინდოდა, მთელი მსოფლიოსთვის გვეჩვენებინა, რომ ნოვაკს ამ მძიმე სიტუაციაში ვეხმარებით. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყველას მადლობას ვუხდით მხარდაჭერისთვის. ასევე მადლობა მოსამართლე კელის, რომელმაც აბსოლუტურად მიუკერძოებლად იმოქმედა და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. ნოვაკი პირველ რიგში სპორტსმენია, ის ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელია. ის ყოველთვის იბრძოდა თავისუფლებისთვის."

ჯოკოვიჩის დედა: "ნოვაკს არაფერი ცუდის გაკეთება არ სურდა. ჩვენ ისიც კი არ ვიცოდით, აწვდიდნენ თუ არა საკვებს, ან საერთოდ, როგორ იყო ამ დღეებში. მიუხედავად იმისა, რომ 20 დიდი სლემი აქვს მოგებული, დღეს ყველაზე დიდ გამარჯვებას ვზეიმობთ."

ნოვაკ ჯოკოვიჩს მამა სრდიანი, დედა დიანა და ძმა ჯორჯე

ჯოკოვიჩის მამა: "ნოვაკი არ დანებდა, არ დაიჩოქა. ბოლო დღეებში იმდენი რამ მოხდა, მაგრამ ნოვაკი მენტალურად ძალიან ძლიერია. მას არავისთვის უტკენია გული. ყოველთვის ცდილობდა, რომ ყველას დახმარებოდა. მაგრამ ვიღაცებს არ უნდათ, რომ ის ამ სპორტში პირველი იყოს. აიძულებდნენ, რომ მიღებულ ვიზაზე უარი ეთქვა. მობილური ტელეფონიც ჩამოართვეს... საბედნიეროდ, ადვოკატებთან საუბარი შეძლო და მათ ნოლე შესანიშნავად დაიცვეს. ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერი ქვეყნის კანონებს. ნოვაკს ავსტრალიაში მხოლოდ ჩოგბურთის თამაში სურდა და ამ უფლებასაც ართმევდნენ. მაგრამ ბოლოს სამართალმა იზეიმა. ნოვაკი სპორტსმენების უმეტესობამ დაიცვა - თვით კირიოსმაც კი, რომელიც საერთოდ მის მხარეს არ არის ხოლმე. მას ასევე მხარდაჭერა გამოუცხადა ბავშვობის მეგობარმა ენდი მარიმ და ისეთმა ექს-ჩოგბურთელმა, როგორიც ჯიმი კონორსია. მხარდაჭერა მთელი მსოფლიოდან ვიგრძენით. აფრიკაში, სამხრეთ ამერიკაში, ინდოეთსა თუ აზიაში - დღეს ყველა ნოვაკია."

ჯოკოვიჩის პოსტი ცენტრალური კორტიდან

ამასობაში, ნოვაკ ჯოკოვიჩმა სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა პოსტი, რომელსაც ავსტრალიის ღია პირველობის ცენტრალურ კორტზე (Rod Laver Arena) გადაღებული ფოტო დაურთო.

რაც შეეხება ტექსტს - ჯოკოვიჩი წერს: "მადლობელი ვარ, რომ მოსამართლემ ვიზის გაუქმება არ დაუშვა. მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაც მოხდა, მინდა, რომ აქ დავრჩე და ავსტრალიის ღია პირველობაზე ვითამაშო. ამაზე კონცენტრირებული ვრჩები. აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ წლის ერთ-ერთ უმთავრეს ღონისძიებაზე, დიდებული ფანების წინაშე ვითამაშო. ახლა სხვა არაფრის თქმა შემიძლია, გარდა ამისა: მადლობა, რომ ჩემს გვერდით ხართ და მეხმარებით, ძლიერი ვიყო."

არცერთი პასუხი კრიტიკულ შეკითხვებზე

როდესაც ჟურნალისტებმა კრიტიკული შეკითხვების დასმა დაიწყეს, ნოლეს ძმამ პრესკონფერენცია დასრულებულად გამოაცხადა. ეს მას შემდეგ გააკეთა, რაც დედამ პრესკონფერენციის შეწყვეტა კატეგორიულად მოსთხოვა.

კრიტიკული კითხვები ეხებოდა დადებით PCR-ტესტს, რომელიც ჯოკოვიჩმა ოფიციალურად, 16 დეკემბერს მიიღო. თუმცა ამ საბუთის შესახებ ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა მას შემდეგ, რაც 17 და 18 დეკემბერს გადაღებული ფოტოები გავრცელდა. ამ თემის ყველა დეტალს ამ სტატიაში გაეცნობით.

კარგი იქნებოდა, ნოლეს ოჯახს ამ კითხვებზე ეპასუხა...

კომენტარები

ბოლო ამბები