Thumbnail

ჯერ კიდევ უცნობია, მიეცემა თუ არა ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაშის უფლება (მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა), მაგრამ სერბი გულშემატკივრები მელბურნის ქუჩებში ისე ზეიმობენ, თითქოს ნოლემ ავსტრალიის ღია პირველობა მეათედ მოიგო და დიდი სლემის ტურნირების გამარჯვებულთა რეიტინგში როჯერ ფედერერსაც გადაასწრო და რაფაელ ნადალსაც…

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ რამდენიმესაათიანი პროცესის შემდეგ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო: ჯოკოვიჩისთვის ავსტრალიის ვიზის გაუქმების საფუძველი არ არსებობს! ნოვაკი კარანტინ-სასტუმროდან გაათავისუფლეს და დაუბრუნეს როგორც პასპორტი, ასევე ყველა ნივთი. ამავდროულად, ავსტრალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კრისტოფერ ტრანმა განაცხადა, რომ მინისტრ კარენ ენდრიუსს ჯერ კიდევ შეუძლია, მოითხოვოს ჯოკოვიჩის ქვეყნიდან გაბრუნება. ანუ, სასამართლოს მოგება ჯერ კიდევ არ აძლევს ჯოკოვიჩს იმის გარანტიას, რომ ავსტრალიის ღია პირველობაზე მაინც იასპარეზებს.

დიდი სლემის ტურნირების 20-გზის გამარჯვებულის გამართლების შემდეგ, მისმა 300-მდე ფანმა მელბურნის ქუჩებში ზეიმი დაიწყო, თუმცა სულ მალე ზეიმი აგრესიულ ქმედებებში გადაიზარდა და მდგომარეობა რამდენჯერმე დაიძაბა. ფანები სკანდირებდნენ: „Nole! Nole!“, „Free Nole!“ (ქართულად: “თავისუფლება ნოლეს!“) და „Popeda“ (“გამარჯვება”).

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ცეკვავენ სერბი გულშემატკივრები ერთ-ერთ ავტომობილზე, რადგან სჯერათ, რომ იმ მანქანაში ჯოკოვიჩი ზის. უცნობია, მართლაც იჯდა თუ არა იმ მომენტში ნოლე ხსენებულ ავტომობილში.

სერბი გულშემატკივრები ზეიმის დროს იყენებდნენ ჟესტს, რომელიც სერბეთის მეზობელ ქვეყნებში ნაციონალისტურად და პროვოკაციულად მიიჩნევა. ეს არის ცერა, საჩვენებელი და შუა თითის ჩვენება.

ავსტრალიური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ემიგრაციის მინისტრს ახლო მომავალში შეუძლია თავისი უფლებამოსილების გამოყენება და ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის ვიზის ანულირების კიდევ ერთხელ მოთხოვნა. საბოლოო გადაწყვეტილებას სამშაბათს უნდა ველოდოთ.

მანამდე კი, ავსტრალიელ პოლიციელებს ღამით სერბი ფანების ქცევის გაკონტროლება მოუწევთ…

კომენტარები

ბოლო ამბები