Thumbnail
  • ავსტრალიაში ნოვაკ ჯოკოვიჩის სასამართლო პროცესი დასრულდა
  • რა არგუმენტები ჰქონდა ნოლეს და რის გამო მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება
  • ავსტრალიის მთავრობას ჯერ კიდევ შეუძლია ნოვაკის ვიზის ანულირება
  • UPDATE: ავსტრალიის ხელისუფლება გეგმა B-ზე მუშაობს

სპორტული სამყაროს ყურადღების ცენტრში ავსტრალიაა, სადაც თბილისის დროით 03:00 საათიდან ნოვაკ ჯოკოვიჩის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა.

რამდენიმესაათიანი პროცესის შემდეგ, მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღო: ჯოკოვიჩისთვის ავსტრალიის ვიზის გაუქმების საფუძველი არ არსებობს, ნოვაკი კარანტინ-სასტუმროდან უნდა გაათავისუფლონ, დაუბრუნონ პასპორტი და ყველა ნივთი.

ეს იმას ნიშნავს, რომ ნოლეს შეუძლია, ავსტრალიაში დარჩეს!

ამავდროულად, ავსტრალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კრისტოფერ ტრანმა განაცხადა, რომ მინისტრ კარენ ენდრიუსს ჯერ კიდევ შეუძლია, მოითხოვოს ჯოკოვიჩის ქვეყნიდან გაბრუნება. Herald Sun-ის ინფორმაციით, ტრანმა აღნიშნა, რომ ენდრიუსს აქვს ამის უფლებამოსილება. ანუ, სასამართლოს მოგება ჯერ კიდევ არ აძლევს ჯოკოვიჩს იმის გარანტიას, რომ ავსტრალიის ღია პირველობაზე მაინც იასპარეზებს.

რაზე მიდიოდა დავა?

ნოვაკ ჯოკოვიჩი ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ მიუხედავად აუცრელობისა, ავსტრალიაში კარანტინის გარეშე შესვლის უფლება ჰქონდა, რადგან საზღვარზე ყველა საჭირო დოკუმენტი წარადგინა - მათ შორის, გამონაკლისის დაშვების დამადასტურებელი საბუთები, რაც შტატ ვიქტორიის მიერ ავტორიზებული სამედიცინო უწყებებისგან მიიღო.

ავსტრალიის სასაზღვრო სამსახური კი საპირისპიროს ამტკიცებდა - ჯოკოვიჩი 5 იანვარს ქვეყანაში არ შეუშვეს და მისი დეპორტაცია მოითხოვეს, რაც სერბი ჩოგბურთელის ადვოკატებმა გააპროტესტეს. შესაბამისად, დიდი სლემის ტურნირების 20-გზის გამარჯვებული საბოლოო გადაწყვეტილებამდე ემიგრანტებისთვის განკუთვნილ სასტუმროში გადაიყვანეს. ჯოკოვიჩის დედამ განაცხადა, რომ აღნიშნულ სასტუმროში “საშინელი, არაჰუმანური პირობებია.”

რა არგუმენტები ჰქონდა ჯოკოვიჩის მხარეს

ნოვაკის ადვოკატებმა მოსამართლეების დასარწმუნებლად 3 მთავარი არგუმენტი წარადგინეს და ამტკიცებდნენ, რომ სწორედ ამ პუნქტების გამო ფიქრობდა ჯოკოვიჩი, რომ ავსტრალიაში და შტატ ვიქტორიაში შესვლის უფლება ჰქონდა, რათა წლის პირველ დიდ სლემზე, ავსტრალიის ღია პირველობაზე ეასპარეზა, რომელიც ყველაზე მეტჯერ, 9-ჯერ აქვს მოგებული. აი, ნოლეს ადვოკატების არგუმენტებიც: 

► 1. ჯოკოვიჩს მიღებული აქვს მოქმედი ვიზა.

► 2. ჯოკოვიჩმა ტურნირის ორგანიზატორებისგან მიიღო საბუთი, რომელიც მას ვაქცინაციის ვალდებულებისგან ათავისუფლებდა. აღნიშნული საბუთი ნოლეს მას შემდეგ გადასცეს, რაც ის ავსტრალიის შტატ ვიქტორიის შესაბამისმა უწყებებმა გადაამოწმეს.

► 3. ჯოკოვიჩმა ავსტრალიის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიიღო დოკუმენტი, რომელშიც ნათქვამია, რომ იგი აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას, რათა ქვეყანაში კარანტინის გარეშე შევიდეს.

რას ამბობდა მოწინააღმდეგე მხარე

ჯოკოვიჩის მოწინააღმდეგე სასამართლოზე არც მეტი, არც ნაკლები, ავსტრალიის მთავრობა გახლდათ. 13-გვერდიან ახსნა-განმარტებაში ვკითხულობთ: “ადვოკატები კანონს არასწორად ინტერპრეტირებენ. მხოლოდ ავსტრალია წყვეტს, ვინ შევა ქვეყანაში და ვინ - არა. თუკი სასამართლო ჯოკოვიჩს გაამართლებს, ქვეყანას აქვს უფლება, ჩოგბურთელი მაინც დატოვოს ამჟამინდელ მდგომარეობაში.” გამოდის, რომ ნოლეს გამარჯვება პროცესზე შეიძლებოდა, მხოლოდ ერთი მოგებული ეტაპი ყოფილიყო.

აღსანიშნავია, რომ ავსტრალიის მთავრობას სასამართლოს 2 დღით გადადება სურდა. მიზეზად პროცესისთვის უკეთ მომზადებას ასახელებდნენ. თუმცა, მოსამართლემ პროცესი არ გადადო.

ზოგადად, ავსტრალიაში ვაქცინაციის გარეშე შესვლის მხოლოდ 3 გზა არსებობს. პირველი: სამედიცინო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ადამიანი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეიძლება აიცრას. მეორე: ადამიანს პირველი აცრის შემდეგ პრობლემები შეექმნა. მესამე: 12 წელზე მცირე ასაკისაა. ჯოკოვიჩს, რეალურად, ერთადერთი შანსი ჰქონდა - დაემტკიცებინა, რომ პირველი აცრისას პრობლემები შეექმნა. ის ფაქტი, რომ კორონავირუსი გადატანილი აქვს, ავსტრალიაში შესვლის ლეგიტიმაციას ვერ მისცემდა. ყოველ შემთხვევაში, ამის შანსი თავიდანვე ძალიან დაბალი იყო…

რაც შეეხება გამონაკლისს

ჯოკოვიჩის გამონაკლისი იმას ეფუძნება, რომ ნოლეს კოვიდ-ტესტის მეორე დადებითი პასუხი 16 დეკემბერს ჰქონდა მიღებული. თუმცა ახლახან გავრცელდა ფოტოები, რომელთა გამოც ხსენებული ტესტის თარიღი და სისწორე კითხვის ნიშნის ქვეშაა. 

► იმ დღეს, როცა ტესტის დადებითი პასუხი მიიღო, ჯოკოვიჩი სერბეთის ფოსტის ღონისძიებაზე იმყოფებოდა და ადამიანებთან პირბადის გარეშე ახლო კონტაქტი ჰქონდა.

►  18 დეკემბერს კი, კორონავირუსის დადასტურებიდან ორი დღის შემდეგ, ფრანგული გამოცემა L'Équipe-ის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. ასევე პირბადის გარეშე.

ორი ვარიანტია: ან ინფიცირებული ჯოკოვიჩი შეხვედრებს მართავდა, ან მისთვის კორონავირუსის დადასტურების თარიღი სიმართლეს არ შეესაბამება…

კომენტარები

ბოლო ამბები