Thumbnail

დიდხანს ფიქრი არ იყო საჭირო იმის მისახვედრად, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩის სასამართლო პროცესის პირდაპირი რეპორტაჟისთვის თვალის დევნებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ბევრი ადამიანი მოისურვებდა, მაგრამ LIVE-ის ორგანიზატორებმა ეს მაინც ვერ გაითვალისწინეს…

სასამართლო, რომელსაც მსოფლიოს პირველი ჩოგნის ბედი უნდა გადაეწყვიტა, მელბურნის დროით დილის 10 საათზე (თბილისის დროით 03:00) უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. მიზეზი ის არის, რომ უდიდესი ინტერესის გამო სერვერები გადაიტვირთა და LIVE-ის ჩართვა ვერ მოხერხდა. თუმცა ავსტრალიელებმა პრობლემა საკმაოდ მალე, დაახლოებით ნახევარ საათში მოაგვარეს და სასამართლოც ნახევარ საათში დაიწყო.

სასამართლოს LIVE-ის ნახვა ათასობით ადამიანს სურდა და სერვერები გადაიტვირთა 

დიდი სლემის ტურნირების 20-გზის გამარჯვებულის ადვოკატებმა თავიანთი გამოსვლა სწორედ ნახევარსაათიანი იძულებითი დაგვიანების შემდეგ დაიწყეს. პროცესი ახლაც გრძელდება. ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რომელ საათზე უნდა ველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას.

როგორც იცით, ნოვაკ ჯოკოვიჩს არ აქვს კორონავირუსზე აცრის დოკუმენტი - მისი ვაქცინაციის სტატუსი ოფიციალურად გაურკვეველია, თუმცა ცხადია, რომ ‘ნოლე’ აცრილი არ არის. მან ვიქტორიის შტატის სამედიცინო უწყებებისგან გამონაკლისის სახით ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაშის უფლება მაინც მიიღო და მელბურნში ჩაფრინდა, თუმცა საზღვარზე არ შეუშვეს. 4-საათიანი დაკითხვის შემდეგ მსოფლიოს პირველი ჩოგანი ემიგრანტებისთვის განკუთვნილ სასტუმროში გადაიყვანეს. დღეს, სასამართლო პროცესზე გაირკვევა, რა ელის ჯოკოვიჩს - მას ან ქვეყნიდან გააბრუნებენ, ანაც წლის პირველ დიდ სლემზე მაინც დაუშვებენ. მეორე, ‘ნოლესთვის’ კარგი ვარიანტი ნაკლებად მოსალოდნელია…

კომენტარები

ბოლო ამბები