Thumbnail
  • გიორგი პაპუნაშვილი ქუთაისის ტორპედოში ითამაშებს
  • 26 წლის შემტევმა ნახევარმცველმა კონტრაქტი უკვე გააფორმა

გიორგი პაპუნაშვილი საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა. 26 წლის შემტევი კარიერას ქუთაისის ტორპედოში გააგრძელებს. იმერული კლუბის ვებგვერდმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

პაპუნაშვილმა ცოტა ხნის წინ კვიპროსულ აპოლონთან კონტრაქტი გაწყვიტა და ტორპედოს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

გიორგიმ კარიერა დინამო თბილისში დაიწყო, რომლის რიგებში 81 მატჩი ჩაატარა და 29 გოლი გაიტანა. 26 წლის ნახევარმცველს ბრემენის ვერდერის მე-2 გუნდში, სარაგოსასა და სანტანდერის რასინგში უთამაშია, ბოლოს კი ლიმასოლის აპოლონში გამოდიოდა, რომელიც გასული წლის მიწურულს დატოვა. 

კარიერის საუკეთესო სეზონი გიორგის სარაგოსას რიგებში 2017/18 წლებში ჰქონდა, როცა ლა ლიგა 2-ში 26 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა, 1 გოლი კოპა დელ რეიზეც შეაგდო. აღნიშნულ წელს სარაგოსა ლა ლიგაში გადასასვლელ პლეი ოფში დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებში პაპუნაშვილს 17 მატჩი აქვს ჩატარებული და თავის გამოჩენა 3-ჯერ მოახერხა (ლიეტუვასთან, გიბრალტართან და ხორვატიასთან).

აქვე გეტყვით, რომ პაპუნაშვილი ტორპედოს ერთადერთი ახალწვეული არ არის. მანამდე ოფიციალურად დადასტურდა დინო ჰამზიჩის, ირაკლი ბუღრიძის, გიორგი ქიმაძის, გიული მანჯგალაძის, გიორგი კუხიანიძის, ლაშა შერგელაშვილისა და აკაკი შულაიას ტრანსფერები. გარდა ამისა, გუნდთან კონტრაქტები დინო ჰამზიჩმა და ვაჟა ტაბატაძემ გაახანგრძლივეს.

⚫️⚪️ უკვე ოფიციალურად! გიორგი პაპუნაშვილი ტორპედოელია! 🌟 26 წლის ნახევარმცველი გუნდს მალე თურქულ შეკრებაზე შეუერთდება! 📌...

Posted by FC Torpedo Kutaisi on Thursday, January 13, 2022

კომენტარები

ბოლო ამბები