Thumbnail

ბოლონიას მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა ნოვაკ ჯოკოვიჩის გარშემო არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

"ჩემი აზრით, შეცდომა ორგანიზატორებმა დაუშვეს. ისინი ვალდებულები იყვნენ, შეესრულებინათ ქვეყნის მთავრობის მითითებები, კანონისთვის პატივი ეცათ და ნოლეს არ დაჰპირებოდნენ, რომ ტურნირში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებდა. ის ავსტრალიაში გაფრინდა, ანუ ვიღაცამ დაარწმუნა, რომ მას ქვეყანაში შესასვლელად ყველა საბუთი მწყობრში ჰქონდა.

ჩემი აზრით, ჯოკოვიჩი ამ არეულობის პირველი მსხვერპლია და არა მთავარი დამნაშავე. მიმაჩნია, რომ ყველაფერი ქვეყნის შიგნით უნდა გადაწყვეტილიყო, ვიქტორიის შტატსა და ფედერალურ მთავრობას შორის. შედეგად კი დიდი სკანდალი მივიღეთ და მსოფლიოს პირველი ჩოგანი დევნილების სასტუმროში აღმოჩნდა.

'დიდი სკანდალი მივიღეთ და მსოფლიოს პირველი ჩოგანი დევნილების სასტუმროში აღმოჩნდა'

რა თქმა უნდა, მომხდარ ამბავს შეუძლია გავლენა დევნილთა მდგომარეობაზეც იქონიოს, რომელიც, ჩემი აზრით, სახარბიელო ნამდვილად არ გახლავთ. ვიმეორებ, კანონებს პატივი უნდა ვცეთ. მათ ნოლე ანტივაქსერების ტალღის კერპად აქციეს,”- თქვა მიხაილოვიჩმა Corriere dello Sport-თან ინტერვიუში.

ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიიდან დეპორტაციას უპირებენ. სერბი აეროპორტში 8 საათის მანძილზე გააჩერეს, შემდეგ კი გადაწყვიტეს, რომ კოვიდ-უსაფრთხოების ცნობა მიღებული უსაფუძვლოდ ჰქონდა და სასტუმრო Park Hotel-ში გადაიყვანეს, სადაც ავსტრალიის მთავრობა დევნილებს აგზავნის. ნოლეს სასამართლო პროცესი, ხვალ, 10 იანვარს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები