Thumbnail

ნოვაკ ჯოკოვიჩის ამბავი მის ყოფილ მწვრთნელ ბორის ბეკერს ძალიან აღელვებს. 54 წლის გერმანელმა “ბილდთან” ინტერვიუში ნოლეს შესახებ ისაუბრა და შიშობს, რომ შესაძლოა, 34 წლის ლეგენდას კარიერის დასრულებაც კი მოუხდეს.

ბეკერი ჯოკოვიჩს 2013-დან 2016 წლამდე წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით სერბმა 6 დიდი სლემი მოიგო. არც ბეკერს მოსწონს ის ფაქტი, რომ ჯოკოვიჩი აუცრელია, მაგრამ ამბობს: “მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ, თუმცა ნოვაკს კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული, რას ნიშნავს მისი გადაწყვეტილება. მის დასაცავად მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ რაკი არ იცრება, ეს ავტომატურად იმას არ ნიშნავს, რომ ცუდი ადამიანია.”

'თუკი ეს საბუთები წესრიგში არ იქნებოდა, ნოვაკი თვითმფრინავში არც კი ჩაჯდებოდა'

გერმანული ჩოგბურთის ლეგენდას გული სტკივა იმის გამო, რომ ჯოკოვიჩი ავსტრალიის კარანტინ-სასტუმროშია გამოკეტილი: “ეს ფაქტი ჩემთვის ძალიან მტკივნეულია. ცხადია, კანონის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ნოვაკმა არ დაიმსახურა ის, რასაც ახლა მასზე ამბობენ, წერენ და როგორც ექცევიან.”

ბეკერი ჯოკოვიჩს 2013-დან 2016 წლამდე წვრთნიდა

ბორის ბეკერი არ ფიქრობს, რომ ნოვაკის ამჟამინდელი მდგომარეობა მხოლოდ მისი ბრალია: “როდესაც ავსტრალიაში მიფრინავდა, სჯეროდა, რომ ყველაფერი კარგად იყო. მან იცოდა, რომ ქვეყანაში შესვლის უფლება ჰქონდა, რადგან ექიმებისგან საჭირო საბუთები მიიღო. თუკი ეს საბუთები წესრიგში არ იქნებოდა, ნოვაკი თვითმფრინავში არც კი ჩაჯდებოდა. ბოლოსდაბოლოს, იდიოტი ხომ არ არის? მე მას კარგად ვიცნობ.” - ამბობს ბეკერი.

ნოლე ავსტრალიაში თავის ამჟამინდელ მწვრთნელ გორან ივანიშევიჩთან ერთად გაფრინდა. ბეკერი: “თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ნოვაკი ყველას ჩამოაშორეს და ოთახში შეიყვანეს. მე მქონდა კავშირი გორანთან, რომელმაც გუნდის სხვა წევრებთან ერთად აეროპორტი ჩვეულებრივად დატოვა. ნოვაკი კი 3-4 საათის განმავლობაში დაკითხვაზე ჰყავდათ. ამ პერიოდში არავინ იცოდა, რა ხდებოდა, მასთან კონტაქტი არავის ჰქონია. არ ვიცი, ვის ვუწოდო ამ ისტორიაში ბოროტი. სადღაც ავსტრალიის ჩოგბურთის ფედერაციას, ვიკტორიის შტატსა და სასაზღვრო სამსახურს შორის უნდა ვეძებოთ ის ხალხი, ვინც სავარაუდოდ როჯერ ფედერერს ან რაფაელ ნადალს უფრო მეტად ქომაგობს, ვიდრე ნოვაკ ჯოკოვიჩს.”

კითხვაზე, რა მოხდება ორშაბათს, ბორის ბეკერი ასე პასუხობს: “თუკი ქვეყანაში არ დატოვებენ და უკან გამოაბრუნებენ, ნოვაკმა რაღაცები უნდა გადააფასოს. თუკი კარიერის გაგრძელება სურს, ვურჩევ, რომ სასწრაფოდ აიცრას. უნდა, რომ ყოველი ტურნირის წინ ასეთი ამბები ატყდეს და ამდენი დისკუსია იყოს? ფაქტია, რომ ასე ვერ გააგრძელებს.”

…და თუკი ნოლეს ავსტრალიის ღია პირველობაზე მაინც დაუშვებენ? ბეკერი: “მაშინ დიდი ბრძოლა მოუწევს, ყველაფერი ნულიდან უნდა დაიწყოს. ფაქტია, ამ დღეებში ვერ ვარჯიშობს და ვერ ემზადება. ცხადია ისიც, რომ ავსტრალიის პუბლიკა მას თბილად ნამდვილად არ მიიღებს. ტურნირზე დაშვების შემთხვევაში მის წინ ევერესტი აღიმართება, რომელიც უნდა დაიპყროს. მაგრამ, აქვე უნდა ვთქვა, რომ თუკი ვინმეს შეუძლებლის შეძლება შეუძლია, პირველ რიგში სწორედ ნოვაკ ჯოკოვჩს.”

შეგახსენებთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი კორონავირუსზე აცრილი არ არის, რის გამოც ავსტრალიაში შესვლის უფლება არ ჰქონდა. სერბი ჩოგბურთელი ავსტრალიის ღია პირველობაზე მონაწილეობის მიღებას აპირებდა და სამედიცინო გამონაკლისის სახით ნებართვაც მიიღო, მაგრამ მესაზღვრეებმა მას ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცეს. 10 დეკემბერს გაირკვევა, რა ბედი ელის ნოლეს - მას ან უკან გააბრუნებენ, ანაც ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაშის ნებას მაინც დართავენ.

კომენტარები

ბოლო ამბები