Thumbnail

ჩავის გააზრებული რისკი - ეს რომ მომხდარიყო, ბარსას წაგებას ჩაუთვლიდნენ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • გრანადა 1:1 ბარსელონა
  • ჩავი ერნანდესის პირველი კომენტარი

ლა ლიგის მე-20 ტურში ბარსელონა გრანადას ესტუმრა, ლუკ დე იონგის თავური გოლით იგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ქულები დაკარგა - 1:1.

ბარსელონას კრიზისი არაფრით სრულდება, ჩავის გუნდმა ქულები ახლა გრანადასთან დაკარგა მატჩში, რომელშიც საუკეთესო თითქმის 39 წლის დანი ალვეში იყო, ვინც დაბრუნების შემდეგ ლა ლიგაში 6-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად თამაშობდა.

მატჩის 79-ე წუთზე 17 წლის გავი გააძევეს და ბარსამაც ამის შემდეგ გაუშვა გოლი, თუმცა ყურადღებას სხვა რამეზე ვამახვილებთ. გაძევების შემდეგ ჩავიმ უსმან დემბელე გამოცვალა და მის ნაცვლად ალვარო სანსი შეიყვანა. ეს კი უდიდესი რისკი იყო. ამ ცვლილების შემდეგ მოედანზე მხოლოდ 7 ფეხბურთელი დარჩა, ვინც ოფიციალურად პირველი გუნდის წევრია, მათგან რომელიმეს ტრავმა რომ მიეღო, ან გაეძევებინათ, გუნდში 6 მოთამაშე რჩებოდა პირველი გუნდიდან. ლა ლიგის წესებით, ამ შემთხვევაში თამაში წყდება და გუნდი წაგებულად ცხადდება. ბოლო წუთებზე ჟერარდ პიკე უხეში ვარდნისთვის გაძევებას ნამდვილად გადაურჩა. 

ჩავის გუნდმა ანდალუსიაში 2 ქულა დაკარგა

ჩავი ერნანდესი ამ ინციდენტზე: "ეს იყო რისკი, მაგრამ გადავწყვიტე ასე მოვქცეულიყავი. თამაშის კონტროლი გვესაჭიროებოდა და ალვარო სანსი საჭირო იყო მოედანზე. ბურთს ხშირად ვკარგავდით და ის გვჭირდებოდა. ცოტა დრო რჩებოდა და ბურთის გაკონტროლება გვსურდა, თუნდაც 10 კაცით". 

პიკეს პირველი 'ყვითელი' საბოლოოდ სატელევიზიო შეცდომა აღმოჩნდა

ჟერარდ პიკე სავარაუდო გაძევებაზე: "რომელ გაგდებაზეა საუბარი, ყვითელი ბარათიც არ მიმიღია. სანამ გააპროტესტებთ, ინფორმირებულები იყავით".

ჩავი ერნანდესი მატჩზე: "დასანანია, მაგრამ ჩვენმა შეცდომებმა ქულები დაგვაკარგვინეს, გამოუცდელობამ და გაძევებამაც თავისი ქნა. ორი უმნიშვნელოვანესი ქულა დავკარგეთ. ეს უფრო ჩვენი "დამსახურებაა", ვიდრე მეტოქესი, მეორე ტაიმში სიტუაცია უნდა გვეკონტროლებინა. ბედნიერები ვერ ვიქნებით, თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ. როცა 10 კაცით რჩები, უნდა შეცვალო რაღაც, ჩვენ გაგვიჭირდა, ისევე, როგორც პამპლონაში".

საინტერესო ფაქტები

📌 დანი ალვეში გახდა ბარსელონას ყველაზე ხანდაზმული მოთამაშე ლა ლიგაში, მან ხოსე მანუელ პინტოს გადაასწრო. დანი ალვეშმა 38 წლისა და 247 დღის ასაკში ითამაშა. 

📌 მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა (ბარსელონა) ლა ლიგაში მე-200 მატჩი ითამაშა, ყველა კატალონიური გრანდის შემადგენლობაში.

📌 ლა ლიგის ამ სეზონში ბარსელონა ერთი რამით უსწრებს ყველას - მისმა ფეხბურთელებმა, ყველაზე მეტი, 8 გოლი თავურით გაიტანეს.

📌 გავი (ბარსელონა) 17 წლისა და 156 დღის ასაკში მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვინც 21-ე საუკუნეში ლა ლიგის მატჩში გააძევეს. ყველაზე ახალგაზრდა მარკ მუნიესა (ბარსელონა. 2009 წლის მაისში) იყო - 17 წლისა და 57 დღის.

📌 ბარსელონაზე (6 ქულა) მეტი ქულა სეზონში მხოლოდ კადისმა (7) დაკარგა 85-ე წუთის მერე გაშვებული ბურთებით.  

📌 დანი ალვეში (ბარსელონა) ლა ლიგას იმავე მეტოქის წინააღმდეგ დაუბრუნდა (იმავე სტადიონზე), სადაც ბოლო მატჩი ითამაშა 2016 წლის მაისში.

გრანადა 1:1 ბარსელონა

გოლები: 0:1 ლ. დე იონგი (57), 1:1 პუერტასი (89)

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - დანი ალვეში, პიკე, ე. გარსია (54. ლონგლე), ალბა - ნიკო, ბუსკეტსი, გავი - დემბელე (82. სანსი), ლ. დე იონგი (61. დეპაი), ფერან ჟუტგლა (61. აბდე ეზალზული)  

კომენტარები

ბოლო ამბები