Thumbnail
  • მუნდიალის მონაწილე 32 გუნდის შემადგენლობა ცნობილია
  • 32 ფეხბურთელი, რომელიც მუნდიალზე ყველაზე პრესტიჟული ნომრით ითამაშებს

პელე, დიეგო მარადონა, ლეო მესი... ალბათ, ეს სამეულიც საკმარისი იქნებოდა იმის სათქმელად, თუ რას ნიშნავს ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟული "ათიანი" მაისურა, თუმცა სიის ლამის უსასრულოდ გაგრძელებაც შეიძლება - ფერენც პუშკაში, რობერტო ბაჯო, ზინედინ ზიდანი, ლოთარ მათეუსი, რონალდინიო, გეორგე ჰაჯი...

რუსეთში გასამართი მუნდიალი კარს მოგვადგა, უკვე ცნობილია მონაწილე ნაკრებების საბოლოო შემადგენლობები. 32 მონაწილის 32 ყველაზე პრესტიჟული 10-ნომრიანი მაისურაც დარიგებულია. მაშ, რომელ "ათიანებს" უნდა მივაქციოთ ყურადღება მუნდიალზე? უფრო სწორად ასე უნდა ვთქვათ, რომელი "ათიანებისგან" ველოდოთ განსაკუთრებულ თამაშს ამ მუნდიალზე...

ლიონელ მესი (არგენტინა)

ლიონელ მესი

არავის გაუკვირდება, რომ სიის სათავეში ეს საოცარი არგენტინელია. სულ მცირე, ის საუკეთესო "ათიანია" მსოფლიოში მას მერე, რაც დიეგო არმანდო მარადონამ ბუცები კედელზე ჩამოკიდა. 
"ლა პულგა ატომიკამ" საკლუბო დონეზე ყველაფერი სულ მცირე, 2-2-ჯერ მოიგო. "ალბისელესტესთან" ერთად კი მას ყველაფერი მოგებული აქვს ახალგაზრდულ დონეზე (20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი, ოლიმპიადა), მაგრამ სანაკრებო დონეზე უკვე სამჯერ განიცადა ფინალში მარცხის სიმწარე (2014 წლის მუნდიალზე და 2015 და 2016 წლის კოპა ამერიკაზე). 

დიდი ალბათობით, ეს მუნდიალი მისთვის ბოლო შანსია. მიზანი ცხადია - ლეომ, ისევე, როგორც დიეგომ 1986 წელს, არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონი უნდა გახადოს. 

თუ 2018 წლის 15 ივლისს ლეო მესი ფიფას მსოფლიოს თასს აღმართავს... ეს მისი საფეხბურთო კარიერის საუკეთესო პიკი იქნება.

ნეიმარი (ბრაზილია)

ნეიმარი

უკვე ახალგაზრდული ასაკიდან ბრაზილიაში მისგან ახალ პელეს, ახალ რონალდინიოს, ახალ რონალდოს ან სამივეს ერთად ელიან. ბრაზილიის "ოქროს ბიჭუნას" წოდება ალბათ, ძალიან ბევრ ფეხბურთელზე მოახდენდა გაუსაძლის ზეწოლას, მაგრამ არა 25 წლის ნეიმარზე. ის საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულია და არცთუ უსაფუძვლოდ. 

ბრაზილიის ნაკრების ისტორიაში ის უკვე ყველა დროის ბომბარდირებში მე-4 ადგილზეა. ნეიმარი გახლავთ მსოფლიოს ყველაზე უძვირესი ფეხბურთელი მას შემდეგ, რაც პსჟ-მ ბარსელონას მის სანაცვლოდ 222 მილიონი ევრო გადაუხადა. 

როცა ნეიმარმა პსჟ-ში ასპარეზობისას ტრავმა მიიღო, 201 მილიონ ბრაზილიელს სუნთქვა შეეკრა. მათ მხოლოდ ახლახან ამოისუნთქეს შვებით, როცა ნეიმარი ტრიუმფით დაუბრუნდა ფეხბურთს და ხორვატიის ნაკრებს შესანიშნავი გოლი გაუტანა. 

იყო დრო, ის "სელესაოში" 11-ნომრიანი მაისურით კმაყოფილდებოდა, მაგრამ ახლა ნეიმარი ბრაზილიის "ათიანი" და მთავარი იმედია.

მესუთ იოზილი (გერმანია)

მესუთ იოზილი

"დიე მანშაფტი" მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონია. მას რუსეთში ძალიან რთული მისია აკისრია - ტიტულის შენარჩუნება, რაშიც ლიოვის გუნდს თავისი "ათიანის" დიდი იმედი აქვს.

არსენალში ასპარეზობისას იოზილი ხშირად გაუკრიტიკებიათ, მაგრამ ნაკრებში ის ნამდვილი სუპერვარსკვლავია. 29 წლის ფეხბურთელს საოცარი პასებისა და გუნდის ორგანიზების უნარი აქვს, იმ დროსაც კი, თუ მეტოქე ძლიერი პრესინგით თამაშობს. რუსეთში მისგან ბევრ საგოლე პასს უნდა ველოდოთ. 

ლუკა მოდრიჩი (ხორვატია)

ლუკა მოდრიჩი

მუდამ მომღიმარი, უაღრესაც ნიჭიერი მოდრიჩი ფანების ერთ-ერთი საყვარელი ფიგურაა, რასაც ვერ ვიტყვით მის ოპონენტებზე, ხორვატი ნახევარმცველი მათ 90 წუთის განმავლობაში "სისხლს უშრობს" მოედანზე. 

ის ივან რაკიტიჩთან ერთად ხორვატიის ნაკრებში ბრწყინვალე ტანდემს ქმნის. რეალის გამთამაშებელი რუსეთში მეტოქეებს ბევრ პრობლემას შეუქმნის.

ხამეს როდრიგესი (კოლუმბია)

ხამეს როდრიგესი

"ლოს კაფეტეროსის" "ოქროს ბიჭუნა" ოთხი წლის წინათ შესანიშნავი იყო ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე. რუსეთში ის უფრო დაღვინებული და საკლუბო ასპარეზზე ათას პრობლემა გამოვლილი ჩადის. 

ის მონაკოში ყოფილი თანაგუნდელის, რადამელ ფალკაოს უკან ითამაშებს და ეს წყვილი ძალზე სახიფათო უნდა იყოს. ხამესს გამთამაშებლობის უდიდეს ნიჭთან ერთად უხვად აქვს გოლის გატანის ალღო და ბრწყინვალეა სტანდარტული მდგომარეობების დროს. 

კილიან მბაპე (საფრანგეთი)

კილიან მბაპე
 

ფრანგულ და ევროპულ ფეხბურთში კილიან მბაპე მეტეორივით შემოიჭრა. არა, ის არ არის ტიერი ანრი, ფეხბურთის ფრანგი გულშემატკივრები მბაპესგან კიდევ უფრო მეტს ელიან. არადა, პსჟ-ში ვარსკვლავი ჯერ ისევ 19 წლისაა. 

მისთვის "ლურჯებში" 10-ნომრიანი მაისურის მიცემა უდიდესი მოტივაცია იქნება. მუნდიალის მონაწილეთაგან მბაპეზე ახალგაზრდა მხოლოდ ერთი ფეხბურთელია.

მოჰამედ სალაჰი (ეგვიპტე)

მოჰამედ სალაჰი

ეგვიპტის იმედი და ტკივილი. აფრიკული ნაკრების ლიდერმა, რომელსაც შესანიშნავი სეზონი ჰქონდა ლივერპულში ჩემპიონთა ლიგის ფინალში მხარი ამოიგდო და მისი თამაში მუნდიალზე საეჭვოა. პირველ მატჩს სალაჰი ნამდვილად გამოტოვებს, იქნება თუ არა ის რუსეთთან დაპირისპირებაში, ჯერ ცნობილი არ არის. 

რაჰიმ სტერლინგი (ინგლისი)

რაჰიმ სტერლინგი

ინგლისური პრესისგან არასაფეხბურთო ქმედებების გამო სასტიკად გაკრიტიკებული სიტის 23 წლის ფეხბურთელი ახლა ინგლისის ნაკრების მთავარი იმედია მუნდიალზე. 

გარეთ საუთგეიტი ინგლისის ნაკრებში სტერლინგს ცოტა განსხვავებულ როლს უმზადებს, ვიდრე მას პეპ გვარდიოლას სიტიში აქვს. 

ჯონ ობი მიკელი (ნიგერია)

ჯონ ობი მიკელი

ჩელსის ყოფილი ნახევარმცველი მუნდიალზე ნიგერიის "სუპერარწივებს" უკაპიტნებს. 
მას შეუძლია ნამდვილი მცველივით იმოქმედოს, როცა გუნდი თავს იცავს, ხოლო შეტევისას პლეიმეიქერად გარდაიქმნას. 

ტიაგო ალკანტარა (ესპანეთი)

ტიაგო ალკანტარა

ესპანეთის ნაკრებში იმდენი კარგი ნახევარმცველია, რომ შესაძლოა, ყველაზე პრესტიჟული მაისურის პატრონ ტიაგოს სასტარტოში თამაში არც მოუწიოს. 

მიუხედავას ამისა, ტიაგოს უდიდეს ტალანტში ეჭვი არავის შეაქვს. შორეულა პასებში მას მსოფლიოში ძალიან ცოტა თუ შეედრება, ის კარგად იყენებს მეტოქის დატოვებულ სივრცეებს.

სხვები

ედენ აზარი

მუნდიალზე კიდევ ბევრი საინტერესო "ათიანი" ითამაშებს - ბელგიას ედენ აზარი ულიდერებს, დანიას - კრისტიან ერიკსენი, სენეგალს - სადიო მანე. აქვე გთავაზობთ 32-ვე "ათიანის" სრულ ჩამონათვალს. 

2018 წლის მუნდიალის ყველა 10-იანი

A ჯგუფი

10. მოჰამედ სალაჰი (ეგვიპტე)

10. ფიოდორ სმოლოვი (რუსეთი)

10. მოჰამად ალ-საჰლავი (საუდის არაბეთი)

10. ჯორჯიან დე არასკაეტა (ურუგვაი)

B ჯგუფი

10. ქარიმ ანსარიფარდი (ირანი)

10. იუნეს ბელჰანდა (მაროკო)

10. ჟოაო მარიო (პორტუგალია)

10. ტიაგო ალკანტარა (ესპანეთი)

C ჯგუფი

10. რობი კრუზი (ავსტრალია)

10. კრისტიან ერიკსენი (დანია)

10. კილიან მბაპე (საფრანგეთი)

10. ჯეფერსონ ფარფანი (პერუ)

D ჯგუფი

10. ლიონელ მესი (არგენტინა)

10. ლუკა მოდრიჩი (ხორვატია)

10. გილფი სიგურდსონი (ისლანდია)

10. ჯონ ობი მიკელი (ნიგერია)

E ჯგუფი

10. ნეიმარ ჯუნიორი (ბრაზილია)

10. ბრაიან რუისი (კოსტა რიკა)

10. დუშან ტადიჩი (სერბეთი)

10. გრანიტ ჯაკა (შვეიცარია)

F ჯგუფი

10. მესუთ იოზილი (გერმანია)

10. ჯოვანი დოს სანტოსი (მექსიკა)

10. ლი სუნ-ვუ (ს. კორეა)

10. ემილ ფორსბერგი (შვედეთი)

G ჯგუფი

10. ედენ აზარი (ბელგია)

10. რაჰიმ სტერლინგი (ინგლისი)

10. ისმაელ დიასი (პანამა)

10. ვაჰბი ხაზრი (ტუნისი)

H ჯგუფი

10. ხამეს როდრიგესი (კოლუმბია)

10. შინჯი კაგავა (იაპონია)

10. გჟეგოჟ კრიხოვიაკი (პოლონეთი)

10. სადიო მანე (სენეგალი)

კომენტარები

ბოლო ამბები