Thumbnail
  • ბრუკლინ ნეტსი 109:121 მილუოკი ბაქსი
  • ანტეტოკუნმპომ ნეტსთან 31 ქულა, 7 მოხსნა და 9 პასი მიითვლა 
  • 22 წლის ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 15:10 წუთი გაატარა  

NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი დღის მატჩები გაიმართა. სტუმრად ბრუკლინში გამარჯვება იზეიმა მილუოკი ბაქსმა, რომლის რიგებში სანდრო მამუკელაშვილმაც ითამაშა. 

ნიუ იორკში, "ბარკლაის-ცენტრში" გამართულ შეხვედრაში სტუმრებს პრობლემა საერთოდ არ ჰქონიათ, მასპინძლები კი პირველი წუთებიდან მდევრის როლში იყვნენ. მესამე მეოთხედში ბაქსის უპირატესობამ 24 ქულასაც მიაღწია, იანის ანტეტოკუნმპოს გაჩერება კი ვერც კევინ დურანტმა მოახერხა და ვერც ჯეიმს ჰარდენმა.


ბერძენმა თამაში 31 ქულით, 7 მოხსნითა და 9 პასით დაასრულა და ორივე გუნდსი შემადგენლობაში საუკეთესო იყო. გამარჯვებულთა რიგებში ორმაგი დუბლი ბობი პორტისს ჰქონდა (25 ქულა, 12 მოხსნა). ნეტსის შემადგენლობაში საუკეთესო კევინ დურანტი იყო - 29 ქულა, 9 მოხსნა, 7 პასი.

რაც შეეხება მამუკელაშვილს, სანდრომ მოედანზე 15:10 წუთი დაჰყო, რა დროშიც 4-4 ქულა და მოხსნა მიითვალა. 22 წლის ქართველმა ფორვარდმა 3-იდან 2 ორქულიანი ჩააგდო, პერიმეტრიდან მისი ერთადერთი მცდელობა კი უშედეგო აღმოჩნდა. მამუკელაშვილის ანგარიშზე ასევე ერთი ჩაჭრა და 2 ფოლია.

მილუოკი ბაქსს რეგულარულ ჩემპიონატში ჩატარებულ 41 შეხვედრაში 26 მოგება და 15 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილს იკავებს. მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 9 იანვარს, სტუმრად შარლოტ ჰორნეტსის წინააღმდეგ ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები