Thumbnail
  • დეივი პროპერი ვაკო ყაზაიშვილის, გურამ კაშიასა და გიორგი ჭანტურიას თანაგუნდელი იყო
  • ნახევარმცველს ნიდერლანდების ნაკრებში 19 მატჩის აქვს ჩატარებული

ქართველ გულშემატკივარს, ვინც თვალს არნემის ვიტესში გურამ კაშიას, ვაკო ყაზაიშვილისა და გიორგი ჭანტურიას თამაშს თვალს ადევნებდა, კარგად უნდა ახსოვდეს ფეხბურთელი დეივი პროპერი - მაღალი, ფიზიკურად ძლიერი საყრდენი, რომელსაც მშვენიერი დარტყმა ჰქონდა. ეს სტატიას სწორედ მას ეხება - პროპერმა ფეხბურთელის კარიერა 30 წლის ასაკში დაასრულა. 

"უცხოეთში თამაშის დროს ნელ-ნელა შევამჩნიე, რომ ფეხბურთის თამაშისაგან სიამოვნებას ვეღარ ვიღებდი. მუდმივად კარგ სათამაშო ფორმაში ყოფნა ქანცგამცლელი იყო. მჩაგვრელი საფეხბურთო გრაფიკის მოთხოვნების შესრულება ტანჯვად მექცა. ახლა კი ბოლომდე გაბერილი კალენდრის პირობებში თამაში შეუძლებელი გახდა."

დეივი პროპერი და ვაკო ყაზაიშვილი

ვიტესის შემდეგ დეივიმ კარიერა პსვ ეინდჰოვენში განაგრძო, იქიდან კი ინგლისის პრემიერლიგას მიაშურა და ბინა ბრაიტონში დაიდო. იქ კი პროპერი მოედნის გარეთ უფრო მეტად იტანჯებოდა, ვიდრე თამაშის დროს. ყველაფერი 2020 წელს კოვიდ პანდემიის გამოჩენამ გაამწვავა - ჰოლანდიელმა ოჯახი სამშობლოში გაუშვა, თვითონ კი უცხო ქვეყანაში სრულად მარტო დარჩა. ყველაფერს ტრავმებიც დაემატა, დეივიმ სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა და პსვ-ს დაუბრუნდა. 

შინაურ გარემოში დაბრუნებამ ფეხბურთელს ვერ უშველა. ბოლო წვეთი კი დეკემბრის დასაწყისში მიღებული ტრავმა იყო. 

"იმედი მქონდა, რომ ნიდერლანდებში დაბრუნების შემდეგ ფეხბურთიდან სიამოვნებას ისევ მივიღებდი. მაგრამ, მოლოდინები არ გამართლდა. ფეხბურთში არსებული მდგომარეობა არ მომწონს. აქამდე თავს ვიკავებდი, მაგრამ ახლა ყველაფერი უნდა დავასრულო. საკუთარი ინტერესების განსასაზღვრად დრო მაქვს. ცხოვრებაში ბევრი ბრწყინვალე მომენტი მქონდა, რომელიც ჩემთვის მუდმივად ძვირფასი იქნება. ახლა კი დრო ოჯახსა და მეგობრებს უნდა დავუთმო. პსვ-ს მადლობას გადავუხდი, მათ ყველაფერი გაიგეს. შობას მივხვდი, რომ ფეხბურთიდან უნდა წავსულიყავი და უმთავრეს დანიშნულება ოჯახი უნდა ყოფილიყო," - თქვა პროპერმა პსვ-ს ვებ-გვერდთან საუბრისას.

30 წლის ექს-ფეხბურთელმა კარიერა არნემის ვიტესში დაიწყო და კარიერის მანძილზე მხოლოდ სამ კლუბში (ვიტესი, პსვ და ბრაიტონი) ითამაშა. დეივი პროპერმა ნიდერლანდების ნაკრების მაისური 19-ჯერ მოირგო და 3 გოლი გაიტანა. 

კომენტარები

ბოლო ამბები