Thumbnail

UPDATE: ნიკოლოზ ბასილაშვილს სტეფანოს ციციპასთან თამაშის დროს სუნთქვის პრობლემა შეექმნა და იძულებული გახდა, მატჩი პირველსავე სეტში შეეწყვიტა.

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ATP CUP 2022-ზე მანამდე, პოლონეთთან მატჩი სწორედ ჯანმრთელობის არასახარბიელო მდგომარეობისა და არასათანადო ფიზიკური ფორმის გამო გამოტოვა, არგენტინასთან პირველ შეხვედრაში კი, როგორც იცით, იასპარეზა და დიეგო შვარცმანთან 1:6, 2:6 დამარცხდა.

საბერძნეთის ნაკრებთან დასკვნით მატჩში ბასილაშვილი ციციპასს ხვდებოდა. მანამდე, ალექსანდრე მეტრეველი მიხაილ პერვოლარაკისთან ორ სეტში, 3:6, 2:6 დამარცხდა. ციციპასისა და ბასილაშვილის დაპირისპირება მხოლოდ 26 წუთს გაგრძელდა - ანგარიში ბერძენის სასარგებლოდ 4:1 იყო, როდესაც ნიკამ სამედიცინო დახმარებისთვის პაუზა აიღო. მას სუნთქვა უჭირდა. ექიმებთან და სუპერვაიზერთან კონსულტაციის შემდეგ კი გადაწყდა, რომ მატჩი უნდა შეეწყვიტა.

პაუზის შემდეგ ციციპასი ბასილაშვილს თბილად დაემშვიდობა - ისინი მეგობრები არიან

ცნობილია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა დაახლოებით 3 კვირის წინ კორონავირუსი გადაიტანა და როგორც ჩანს, ჯერ კიდევ აქვს ჯანმრთელობის პრობლემები.

ATP CUP-ზე საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებები D ჯგუფში თამაშობენ და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი დღევანდელ დაპირისპირებამდე უკვე დაკარგული ჰქონდათ, რადგანაც ორივემ წააგო როგორც არგენტინასთან, ასევე – პოლონეთთან. ამდენად, დღევანდელ თამაშში ჯგუფის აუტსაიდერის ვინაობა გაირკვა. მეტრეველის მარცხისა და ბასილაშვილის დანებების შემდეგ, საქართველო საბერძნეთსაც ჩამორჩა.

წყვილთა მატჩში ალექსანდრე ბაკშის (974) და ალექსანდრე მეტრეველის (570) წყვილმა მიხაილ პერვოლარაკისისა (399) და სტეფანოს ციციპასის (4) ტანდემს 4:6, 6:3 (16:14) მოუგო. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან 1:2 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელებმა პრესტიჟულ ტურნირზე მეორედ ითამაშეს. პირველ შემთხვევაში, საქართველოს ავსტრალია მოგების გარეშე არ დაუტოვებია. 2020 წელს საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ესპანეთთან (0:3) და იაპონიასთან (1:2) წააგო, თუმცა, ურუგვაის 2:1 სძლია და მე-3 ადგილი დაიკავა.

კომენტარები

ბოლო ამბები