Thumbnail

გიორგი მიქაუტაძეს ახალი მწვრთნელი ჰყავს - ფრანგი სპეციალისტი სერენში

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ბელგიური სერენის მწვრთნელად ჟან-ლუი გარსია დაინიშნა
  • 59 წლის სპეციალისტმა კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გააფორმა

გიორგი მიქაუტაძის სერენს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. რამდენიმე დღის წინ გათავისუფლებული ჟორდი კონდომის ადგილი 59 წლის ფრანგმა სპეციალისტმა ჟან-ლუი გარსიამ დაიკავა.

მხარეებს შორის წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გაფორმდა. გარსია ბოლოს ნანსის მთავარი მწვრთნელი იყო, მანამდე კი მას ტულონში, ანჟერში, ლანსში, შატორუში, გრენობლსა და ტრუაში უმუშავია. სერენში ფრანგი სპეციალისტის ასისტენტის თანამდებობაზე იმუშავებს ლუის მანუელ ნოგეირა.

"ძალიან ბედნიერი ვარ, მადლობას ვუხდი კლუბის პრეზიდენტს ნდობისთვის. ეს დიდი გამოწვევაა და წარმატების მიღწევის დიდი სურვილი გვაქვს. ვეცდები, გუნდს მეტი ტაქტიკური სიმტკიცე შევმატო და დაცვაში თამაში გავაუმჯობესო, ქულების დაგროვება მაშინაც უნდა მოვახერხოთ, თუ გოლს ვერ გავიტანთ. აქვე მინდა, ჩემი უდიდესი პატივისცემა გამოვხატო ჩემი წინამორბედის მიმართ. მინდოდა საზღვარგარეთაც მემუშავა, ფრანგულენოვან ქვეყანაში და ეს შესაძლებლობა საჭირო მომენტში მომეცა", - თქვა გარსიამ.

სერენმა 2021 წელი ცუდად დაასრულა და ბელგიის ჟუპილერ ლიგაში ბოლო 5 თამაში წააგო, რის შედეგადაც 19 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-17 ადგილზე ჩამოქვეითდა. ბელგიურმა კლუბმა ბოლო გამარჯვება 27 ნოემბერს, სენტ-ტრუიდენთან მოიპოვა.

გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში სერენის მაისურით ყველა ტურნირზე 18 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა. ჟან-ლუი გარსიას დებიუტი კი 15 იანვარს, უნიონის წინააღმდეგ შედგება.

კომენტარები

ბოლო ამბები