Thumbnail

მამუკელაშვილი საქართველოს ნაკრებში ითამაშებს - სანდრომ მოქალაქეობა მიიღო!

  • სანდრო მამუკელაშვილი საქართველოს მოქალაქე გახდა
  • უნიჭიერესი კალათბურთელი საქართველოს ნაკრებში ითამაშებს

უნიჭიერესმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელიც 23 მაისს 19 წლის გახდა, საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ მას ჩვენი ქვეყნის არცერთ ასაკობრივ ნაკრებში არ უთამაშია.

სანდრო მამუკელაშვილს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ

სანდრო მამუკელაშვილი აშშ-ში დაიბადა, ამერიკის მოქალაქეობა აქვს და მიუხედავად იმისა, რომ აკადემიის შემადგენლობაში საქართველოს 14 და 16 წლამდელთა ჩემპიონატებში უთამაშია, ქართული პასპორტის არქონის გამო ნაკრებში ვერ თამაშობდა.

მამუკელაშვილმა გასული სეზონი ამერიკის სტუდენტური ლიგის ერთ-ერთ უძლიერეს, “ბიგ ისთის” კონფერენციის გუნდ სეტონ ჰოლში გაატარა და იმის გამო, რომ თანაგუნდელებად 2-3 წლით უფროსი მოთამაშეები ჰყავდა, მოედანზე დიდი ხნით გასვლა არ უწევდა. თუმცა ის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ევროპელ ახალგაზრდად მიიჩნევა.

მამუკელაშვილს დრაფტზე არჩვას და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ!

გასული წლის ზაფხულში მამუკელაშვილი თბილისში იმყოფებოდა და საქართველოს ნაკრების წევრებთან ერთად მერიის თასის მატჩებს დაესწრო. ის ნაკრების მაისურით იმყოფებოდა სპორტის სასახლეში, მოგვიანებით კი, პირველი არხის გადაცემაში განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებში თამაში სურდა.

სანდრო მამუკელაშვილი მერიის თასზე ნაკრებთან ერთად
ფოტო: GBF.GE

ახლა უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია: ოჯახის სურვილითა და კალათბურთის ფედერაციის დახმარებით, მამუკელაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ჩვენი ქვეყნის ღირსებას დაიცავს როგორც ეროვნულ, ისე 20-წლამდელთა ნაკრებში. სანდრო მამუკელაშვილი 208 სანტიმეტრის სიმაღლისაა, თუმცა დრიბლინგი, სწრაფი მოძრაობა და ზუსტი შორი სროლა კარგად ეხერხება - ის უნივერსალია. 

აღსანიშნავია, რომ მამუკელაშვილამდე, 20-წლამდელთა ნაკრებს შეუერთდა და თბილისში, ევროპის ახალგაზრდული ლიგის ოთხთა ფინალშიც ითამაშა ლუკა ბულაშვილმა. გოგა ბითაძეს გასულ წელს 20-წლამდელებში გრაფიკის ეროვნული ნაკრებთნ თანხვედრის გამო არ უთამაშია, თუმცა მას წელსაც უწევს U20-ში თამაში და მამუკელაშვილთან, ბულაშვილთან, ნიკა დარბაიძესთან და კიდევ სხვა პერსპექტიულ ახალგაზრდებთან ერთად, საქართველოს ნაკრებს მომავალ ევროპის ჩემპიონატზე “ა” დივიზიონში გადასვლის რეალური პრეტენდენტად აქცევს.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

კომენტარები

ბოლო ამბები