Thumbnail

‘ეწეოდნენ და პირბადეს არ იკეთებდნენ’ - რუსი ჰოკეისტები რეისიდან მოხსნეს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • რუსეთის ჰოკეის ახალგაზრდული ნაკრები მოსკოვში სკანდალურად დაბრუნდა
  • მათთან ერთად ჩეხებიც დაისაჯნენ - ოღონდ, შემთხვევით

რუსეთის ჰოკეის ახალგაზრდული ნაკრები პირველ იანვარს თვითმფრინავში არ აუშვეს. გუნდი კალგარიდან (კანადა) ბრუნდებოდა, რადგან მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი კორონავირუსის ბევრი შემთხვევის გამო შეწყდა. რუსი ჰოკეისტების გაძევების მიზეზებად ოფიციალურად რამდენიმე ფაქტი დასახელდა - კალგარის პოლიციის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ რუსი სპორტსმენები დამცავი ნიღბების გაკეთებაზე უარს ამბობდნენ, ეწეოდნენ და თან ნასვამები იყვნენ.

The Canadian Press-ის ინფორმაციით, რუსების ქცევა სხვა მგზავრებმა გააპროტესტეს და რეაგირებაც შესაბამისი იყო, ოღონდ, რუსებთან ერთად თვითმფრინავში არც ჩეხეთის ახალგაზრდული ნაკრები შეუშვეს. როგორც გაირკვა, ფორმის მსგავსების გამო.

“ჩეხების და ჩვენი გუნდი რეისიდან მოხსნეს. ძალიან მკაცრი წესებია,” - ეს რუსების მწვრთნელის, სერგეი ზუბოვის განცხადებაა, რუსულ გამოცემა “იზვესტიაში”.

ჩეხების მენეჯერი ოტაკარ ჩერნი კი ამბობს, რომ მათი გუნდი მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო დაისაჯა, რომ მათი ფორმა რუსეთის ნაკრების ფორმას ჰგავს: “ფაქტობრივად, მხოლოდ ამ მსგავსების გამო დავისაჯეთ. მოგვიანებით, Air Canada-ს წარმომადგენელმა ბოდიში მოგვიხადა და ერთი დღის შემდეგ სხვა რეისით გამოგვიშვა. სასტუმროს და ფრენის ხარჯებიც დაგვიფარეს. ასევე გვითხრეს, რომ რუსებთან ერთად ფრენა აღარ მოგვიწევდა,” - ეს ჩერნის სიტყვებია.

ერთ-ერთი მგზავრი, რომელიც ბიზნეს კლასში იმყოფებოდა, Canadian Press-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთის ნაკრების წარმომადგენელი ეწეოდა და დამცავ ნიღაბს ნორმალურად არ იკეთებდა, ცხვირსა და პირს არ იფარავდა: “ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ, რომ წესები უნდა დაეცვა, მაგრამ უარს ამბობდა.”

რუსეთის ნაკრები სამშობლოში ასევე მეორე დღეს დაბრუნდა. მწვრთნელი გავრცელებულ ცნობებს უარყოფს აცხადებს, რომ არც თვითონ ეწეოდა, არც ვინმე სხვა მის გუნდში და წესები საერთოდ არ დაურღვევიათ. მისი აზრით, კანადაში ზედმეტად მკაცრი წესებია…

კომენტარები

ბოლო ამბები